ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს სახლიდან მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ სრული ყურადღება დაუთმოთ ბავშვს მთელი დღის განმავლობაში. ეს ზრდის ახალშობილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების დაზიანებების რისკს.
ჩვენ ვიცით, დამატებით იმაზე ფიქრი, რომ ბავშვი შეიძლება დაზიანდეს, როცა თქვენ მთელი ძალებით ცდილობთ მუშაობას, დამატებითი სტრესია ამ რთულ დროში. მაგრამ საფრთხეების გათვალისწინება და მათგან თავის არიდება ამ სიტუაციაშიც მნიშვნელოვანია. უსაფრთხოების წესები იგივე რჩება, რაც აქამდე გქონდათ. თუმცა, დარწმუნდით, რომ ისინი ისევ იმუშავებს თქვენი ამჟამინდელი რუტინის პირობებში. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით უზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება.
უსაფრთხოების მეთოდები ახალშობილებისთვის
ბავშვების უმრავლესობა 2 თვის ასაკამდე დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს და ჯერ არ შეუძლია გადაბრუნება. ამიტომ, თქვენ უნდა შეუქმნათ უსაფრთხო ძილის პირობები. თქვენ ასევე დაგჭირდებათ აღმოფხვრათ გაგუდვის ან დახრჩობის პოტენციური რისკები იმ მცირე პერიოდისათვის, როცა ბავშვს ღვიძავს და ხელში არავის უჭირავს (მაგ. მუცელზე წოლის დროს).
გაითვალისწინეთ უსაფრთხო ძილის საფუძვლები. როდესაც ონლაინ თათბირისთვის ემზადებით და გსურთ ბავშვს ამ დროს ეძინოს, გაათავისუფლეთ ბავშვის საწოლი სათამაშოების, ბალიშების, გამოსაკრავებისა და გადასაფარებლებისგან და დააწვინეთ აუცილებლად ზურგზე.
არ დააწვინოთ ბავშვი თქვენთან ერთად საწოლზე ან დივანზე, როცა მუშაობთ. ეს სივრცე არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ინტენსიურად ფოკუსირებული ხართ თქვენს საქმეზე.
ყოველთვის თვალი ადევნეთ მუცელზე წოლის (tummy time) ან ბაუნსერში ჯდომის დროს. მუცელზე წოლის დროს ბავშვი სწავლობს თავის დაჭერას და შეიძლება შეიქმნას გაგუდვის საშიშროება, თუკი სახეს ძირს დადებს.
უსაფრთხოების მეთოდები ჩვილებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გადაბრუნება, ჯდომა და ემზადებიან ხოხვისთვის
თქვენს პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია მთელ სახლში ბოდიალი, მაგრამ ის უფრო მეტს მოძრაობს, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის.
გაითვალისწინეთ უსაფრთხო ძილის საფუძვლები. უსაფრთხო ძილის მეთოდები იგივე რჩება. ნუ გათამამდებით და ბავშვი ისევ მხოლოდ თავის საწოლში დააძინეთ.
შეამოწმეთ ხოლმე იატაკი. დაწექით იატაკზე და მიხვდებით, რას ხედავს თქვენი შვილი. ამით შეძლებთ აღმოაჩინოთ მისთვის საფრთხის შემცველი ნივთები, მაგალითად ელექტრო სადენები.
უზრუნველყავით დაცემის შესაძლოა ადგილების უსაფრთხოება. მაშინაც კი, თუ ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა, შესაძლებელია დაკარგოს წონასწორობა და უკან გადავარდეს. თუკი ზის და თამაშობს, დაუდეთ ბალიში უკან ვარდნის შესამსუბუქებლად. მაგრამ გახსოვდეთ, ბალიში ვერ შეცვლის თქვენს მეთვალყურეობას. ეს მხოლოდ დამატებითი დაზღვევაა იმ შემთხვევისთვის, თუ ის გადავარდება მანამ, სანამ თქვენ მის დაჭერას შეძლებთ.
არასოდეს დატოვოთ ბავშვი მაღალ ზედაპირზე დაუმაგრებლად. ეს საჭირო იყო, როცა თქვენი პატარა ახალშობილი იყო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ის თვითონ იწყებს მოძრაობას.
უსაფრთხოების მეთოდები ჩვილებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ხოხვა და წამოდგომა
განაგრძეთ იატაკის პერიოდულად შემოწმება. შეინარჩუნეთ ბავშვის მხედველობის დონიდან იატაკის ყოველდღიური შემოწმების ჩვევა საფრთხეების აღმოსაჩენად.
ყურადღება მიაქციეთ სათავსოებს. დაბალი კარადები, უჯრები და ნაგვის კონტეინერები ახლა თქვენი პატარას „თავდასხმის ობიექტია“. თუ არის შესაძლებლობა, რომ მას შეუძლია მისწვდეს რამე საფრთხის შემცველს (მაგ. საწმენდი საშუალებები, წამლები, ელექტროხელსაწყოები, პატარა ელემენტებიანი ნივთები, აქროლადი სითხეები და ალკოჰოლური სასმელები), დააყენეთ საკეტები ან გადაიტანეთ ასეთი ნივთები ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახადეთ ავეჯი უსაფრთხო. დარწმუნდით, რომ მძიმე ავეჯი მყარად დგას (დამაგრებულია კედელზე) და ბავშვს არ შეუძლია მისი წაქცევა. აგრეთვე, დაფარეთ ავეჯის მახვილი კუთხეები.
დაფარეთ დენის წყაროები. დარწმუნდით, რომ დაფარეთ ისინიც, რომელსაც, თქვენი აზრით ბავშვი ვერ მისწვდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ დღეებში მეტი თავისუფალი დრო აქვს კვლევებისათვის.
ყურადღება მიაქციეთ თავისუფალ სადენებს. აქ იგულისხმება როგორც ელექტროსადენები, ასევე ჟალუზების თოკებიც.
შეინახეთ თქვენი სამუშაო ნივთები ბავშვისათის მიუწვდომელ ადგილას. სამუშაოს დასრულების შემდეგ შემოდეთ თქვენი ლეპტოპი სადმე შემაღლებულ ადგილას, ბავშვმა რომ ვერ შეძლოს მისი აღება.
ამდენი შესაძლო საფრთხის გამო, ამ ეტაპზე ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ცოტა არ იყოს დამღლელი იქნება. ალბათ ყველაფერს ერთბაშად ვერც მოაგვარებთ და რაღაც გამოგრჩებათ კიდეც, სანამ ბავშვი არ მიაგნებს. ასე რომ, იყავით მაქსიმალურად ფხიზლად.
რადგან საყიდლებზე სიარული ამ დროს შესაძლოა არც ისე ადვილი იყოს, წინასწარ მოიმარაგეთ უსაფრთხო ნივთები მანამ, სანამ მათი გამოყენების საჭიროება წარმოიშობა.
წყარო: www.whattoexpect.com