ქალები კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად. კონტრაცეფციის სასურველი მეთოდის არჩევისას კი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მისი ეფექტურობაა- რამდენად დაგვიცავს ის შემთხვევითი ორსულობისგან? არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებებზე და ქალებისთვის ბევრ საჭირო კითხვაზე “დედამიცის” შეკითხვებს პასუხობს გერმანიის ქალაქ ჰერფორდის, კლინიკა “ჰერფორდის” მეან-გინეკოლოგი ლევან ძოწენიძე.
გვესაუბრეთ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე, რომლებიც ქალს და მის პარტნიორს არასასურველი არჩევანის რისკის წინაშე არ დააყენებს?
ადამიანი ოდითგანვე ცდილობს თავად გააკონტროლოს შვილოსნობის ფუნქცია, რაც წინა საუკუნეებში არც თუ ისე წარმატებით ხერხდებოდა. თანამედროვე სამყაროში კონტრაცეფციის მრავალფეროვანი არჩევანია. მოქმედების მექანიზმის მიხედვით თუ დავყოფთ, გვაქვს ბუნებრივი და ბარიერული მეთოდები, საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის საშუალებები, ჰორმონალური კონტრაცეფცია და ქირურგიული სტერილიზაცია. ჩამოთვლილ ცალკეულ მეთოდში მოიაზრება სხვადასხვა საშუალებები, რომელთაც წყვილი პროფესიონალთან კონსულტაციისას დეტალურად გაივლის, რაც ამარტივებს ოპტიმალური მეთოდის ინდივიდუალურ შერჩევას. კონტრაცეფციის სასურველი მეთოდის არჩევისას ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მისი ეფექტურობაა – რამდენად დაგვიცავს ის შემთხვევითი ორსულობისგან ?
სხვადასხვა მეთოდის ეფექტურობაზე რომ ვისაუბროთ, უნდა განვმარტოთ, რას წარმოადგენს ე.წ. პერლის ინდექსი.
წარმოიდგინეთ 100 ქალი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იყენებს ერთი და იგივე კონტრაცეფციის მეთოდს. ამ ერთ წელიწადში დამდგარი ორსულობების რაოდენობა წარმოადგენს პერლის ინდექსს. ანუ, მაგალითად, თუ 100 ქალთან ერთი წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 5 ორსულობა, პერლის ინდექსი იქნება 5. შესაბამისად, რაც უფრო დაბალია პერლის ინდექსი, მით უფრო მაღალია მეთოდის ეფექტურობა.
ყველაზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ქალისა და მამაკაცის ქირურგიული სტერილიზაცია, კონტრაცეფციული იმპლანტატები, საინექციო, ტრანსდერმალური და ორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები, საშვილოსნოს შიდა საშუალებები. ნაკლებად ეფექტურია ბარიერული და ბუნებრივი მეთოდები. თუმცა ბარიერული მეთოდების უპირატესობა სასქესო გზით გადამდები ინფექციებისგან დაცვის მხრივ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ბუნებრივი მეთოდების უპირატესობა ძირითადად ფინანსური ფაქტორია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ქალებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა?
ადრეულ ასაკშივე მოზარდის სწორი ინფორმირება და მისი განათლებით აღჭურვა უმთავრესი იარაღი და გარანტი ხდება ჯანმრთელი რეპროდუქციული ცხოვრების. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღემდე საკამათოა, უნდა იღებდეს თუ არა მოზარდი სწორ, პროფესიონალების მიერ დამუშავებულ ინფორმაციას. არადა, საკითხის ცოდნა, ცოდნა საკუთარი თავის და იმის, თუ როგორ დაიცვას თავი, როგორ ყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც უნდა, ისეთ დროს, როცა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი საყრდენი ცხოვრების გზაზე და ძალიან დასანანია, როცა ადამიანებს ასეთი განათლების დეფიციტის გამო უსიამოვნო პრობლემები უჩნდებათ.
სწორედ არასაკმარისად ინფორმირებულობაა ალბათ მთავარი „დამნაშავე“ ზემოთაღნიშნული მეთოდების არაეფექტურობაში და უცნაური ამბავია, რომ ისეთ ტოპ-ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა, ყოველი მეორე ორსულობა დაუგეგმავი და შემთხვევითია. მეტიც, ამ დაუგეგმავი ორსულობებიდან ნახევარი ჩასახვის მომენტშიც მიმართავდა ამა თუ იმ კონტრაცეფციურ მეთოდს და თავს თვლიდა დაცულად.
რას ნიშნავს ოჯახის სწორად დაგეგმვა?
რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სურვილი და მიზანია. ზოგს მრავალშვილიანობა სურს, ზოგს საერთოდ არ აქვს შვილოსნობის სურვილი. „ოჯახის დაგეგმვის“ მთავარი არსი ამ ადამიანების სურვილების რეალიზებაში მდგომარეობს – ანუ ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს, მაშინ, როდესაც სურს და იყოს დაცული, როგორც არასასურველი ორსულობებისგან, ასევე სხვადასხვა დაავადებისგან.
როგორ შევარჩიოთ კონტრაცეფციის მეთოდი და რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა?
თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანი კონტრაცეფციის შერჩევის ძირითადი პრინციპია. ამ არჩევანის მიღებასა და მის ეფექტურად გამოყენებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს პროფესიონალის რჩევას.
მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო შესაბამისი კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევისას. მნიშვნელოვანია მეთოდის უსაფრთხოება, მისი ეფექტურობა, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა და ის, თუ რამდენად მისაღებია მეთოდი წყვილისთვის.
ლაქტაციური ამენორეის მეთოდი ხომ არ არის არასასურველი ორსულობის რისკისშემცველი დედებისთვის? რა პირობების შემთხვევაში არის ეფექტური და როდის უნდა მიხვდეს ქალი , რომ სხვა დამატებითი მეთოდის გამოყენება არის საჭირო?
მეძუძური დედების დაახლოებით 20%-ს მშობიარობიდან 3 თვეში ეწყებათ ოვულაცია. ოვულაცია უხშირესად წინ უსწრებს მენსტრუაციას, რაც წყვილის შემცირებული სიფრთხილის ფონზე, არასასურველი ორსულობის რისკს ზრდის. შემთხვევითი ორსულობის რისკი დაახლოებით 5%-ა.
არარეგულარული ლაქტაციის მქონე ქალები განიხილებიან როგორც არასათანადოდ დაცულები და რეკომენდაცია ეძლევათ ადეკვატური თავდაცვის საშუალებზე. მშობიარობის შემდგომ პირველივე მენსტრუაციის დაწყებისთანავე ლაქტაციური ამენორეა უნდა ჩაითვალოს დასრულებულად და შეირჩეს შესაბამისი კონტრაცეფციის მეთოდი.
როგორ შეაფასონ ქალებმა ლაქტაციური ამენორეის მეთოდის ეფექტურობა?
ლაქტაციური ამენორეის მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ დაცულია სამი ძირითადი პირობა:
- ამენორეა (მშობიარობის შემდგომ მენსტრუაციის არარსებობა)
- სრულფასოვანი ძუძუთი კვება
- გამოყენება მშობიარობიდან არაუმეტეს 6 თვისა
ლაქტაციური ამენორეის მეთოდი შობადობის კონტროლის დროებითი მეთოდია და მისი ფუნქციონირებისა და ეფექტურობისთვის გადამწყვეტია ამ სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
გვესაუბრეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შესახებ. მეძუძურ დედებს რა ვადიდან შეუძლიათ მიღება? დღის რა პერიოდში არის სასურველი აბის მიღება?
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გვხვდება, როგორც კომბინირებული (კოკ: პერლის ინდექსი – 0,3, მაღალი ეფექტი), ასევე მხოლოდ გესტაგენის სახით.
ვინაიდან კოკ-ების ძირითადი კომპონენტი-ეთინილესტრადიოლი რძეში გამოიყოფა და ახალშობილს მისი დაშლის უნარი არ შესწევს, შესაძლოა მოხდეს მისი დაგროვება/კუმულაცია შემდგომი არასასურველი შედეგებით, შესაბამისად – არჩევის პრეპარატი მეძუძურ დედებში მხოლოდ გესტაგენის შემცველი აბებია, ე.წ. minipills. პერლის ინდექსი 1. მათი მიღების დაწყება შესაძლებელია მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ. აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი, გესტაგენური აბების მიღებისას, არის მათი მიღების დრო. ეფექტურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია აბები მიიღონ შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს (±2 საათი).
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ რა ვადებში აღდგება შვილოსნობის უნარი?
ქირურგიული სტერილიზაციისგან განსხვავებით, კონტრაცეფციის სხვა მეთოდების შემთხვევაში შვილოსნობის უნარი მხოლოდ დროებით და შექცევადად ითრგუნება. ურთიერთკავშირი კონტრაცეფციის ხანგრძლივობასა და შვილოსნობის ფუნქციას შორის არ დგინდება. ორალური კონტრაცეფციის შეწყვეტის შემდეგ პირველი ციკლი ხშირად ანოვულატორულია და მცირედ ხანგრძლივდება, თუმცა შემდგომ ციკლებში წაარმატებული ოვულაციისა და, შესაბამისად, ორსულობის მიღების შანსი არ განსხვავდება პოპულაციური მონაცემებისგან. იგივე შეეხება იმპლანტებს, საინექციო პრეპარატებს და საშვილოსნოს შიდა საშუალებებს.
ქირურგიული სტერილიზაციის შემთხვევაში შვილოსნობის უნარის დაბრუნება შესაძლებელია კვერცხსავალი მილების მიკროქირურგიული აღდგენით ან დამხმარე რეპროდუქციული მეთოდებით, როგორიცაა In-Vitro განაყოფიერება.