Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ოჯახის დაგეგმვა პარტნიორების ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანი წყვილებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება და ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი სოფო ბოჯგუა კონტრაცეფციის მეთოდებზე და არასასურველი ორსულობის საფრთხეებზე გვესაუბრება. 

როგორ ხდება ოჯახის დაგეგმვა წყვილებს შორის?

ოჯახის დაგემვა ეს არის წყვილის ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, როდის უნდათ შვილი  ჰყავდეთ, რამდენი შვილი უნდათ და ინფორმირებულები არიან საკუთარი ჯანმრთელობის მიხედვით კონტრაცეფციის მეთოდებზე.  თუ კონტრაცეფციის მეთოდები არ იქნება წყვილთან ერთობლივად განხილული, თუნდაც ექიმის მიერ, ისინი შესაძლოა არასასურველი ორსულობის წინაშე დადგნენ. ხშირად, ქალები არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად აბორტს მიმართავენ, რომელიც,  რა თქმა უნდა, ქალის უფლებაა და ჩვენი კანონმდებლობით 12 კვირამდე ნებადართულია. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ წყვილები ძალიან განვითარდნენ, აბორტი მათი არჩევანი ნაკლებად არის. ვინაიდან აბორტის შემდეგ ქალს აქვს ჰორმონალური ფონის ცვლილება, დამატებით სტრესია მისთვისაც  და მისი პარტნიორისთვისაც. რაც შეეხება, სასურველი ორსულობის დაგეგმვას, ამ შემთხვევაში ფიზიკური ჯანმრთელობა აუცილებელია. წყვილს, რომელსაც ბავშვის გაჩენა სურს, აუცილებელია მწეველობას თავი დაანებონ, არ მიიღონ ალკოჰოლი და იზრუნონ ჯანმრთელობაზე.

რას აკეთებს ქალი, რომელსაც გარკვეული პერიოდი არ სურს დაფეხმძიმება?

პირველ რიგში გინეკოლოგთან ერთად ეცნობა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ენდოკრინოლოგიურ სტატუსს განსაკუთრებით, გამორიცხავს  ქრონიკულ დაავადებას, სისხლ-ძარღვების პათოლოგიას და როდესაც ყველაფერი გამოირიცხება, ექიმი მას სთავაზობს თავის დაცვის სხვადასხვა მეთოდს, რომელთაც დაცვის თავისებური პროცენტულობა ახასიათებს. თითოეული მეთოდი ისე უნდა განსაზღვროს ქალმა, რომ გაითვალისწინოს  მისი ცხოვრების სტილი, ერთი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს თუ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი, რომ რისკები სწორად ჰქონდეს გათვლილი და დაცული იყოს მაქსიმალურად. 

რა ტიპის თავის დაცვის მეთოდები არსებობს და რომელია ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს  ფინანსურ დანახარჯს, არის ლაქტაციური ამენორეის მეთოდი. ლაქტაციური ამენორეის მეთოდი, ანუ “ლამ” მეთოდით დაცვა 98 %-ია.  ლაქტაციურ ამენორეის აუცილებლად შესასრულებელი პირობები ახასიათებს და ეს უნდა გაითვალისწინოს ქალმა: ბავშვი უნდა იყოს 6 თვემდე და მხოლოდ ძუძუთი კვებაზე. ლაქტაციური ამენორეის დროს, თუ ის შერეული კვებით არის, მაშინ მისი კონტრაცეფციული ფუნქცია იკლებს. ქალს არ უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია და აუცილებლად უნდა აწოვებდეს ყოველ სამ ან ოთხ საათში ერთხელ.

შემდეგი მეთოდი მკლავზე ან ბარძაყზე  ჩასადგემლი იმპლანტია, რომელიც არის სილიკონის ჯოხი, რომელიც გამოყოფს ლევონოგესტროვს ძალიან დაბალი დოზებით. ექვს მილიონზე მეტი ქალბატონი მოიხმარს ამ მეთოდს   მსოფლიოში, იდგმევა წინა მხარში და მისი ერთადერთი გვერდითი ეფექტი შესაძლოა იყოს, რომ ქალს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს მენსტრუალური პერიოდი ან შეიძლება ოდნავ გახანგრძლივებული პერიოდი ჰქონდეს.  ეს ზემოთხსენებული კონტრაცეპტივისთვის დამახასიათებელია, ამიტომ სასურველია ქალი იყოს წინასწარ ინფორმირებული. იმპლანტი უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში თუ ქალს აქვს სისხლ-ძარღვების პათოლოგია ან რაიმე დიაგნოსტირებული ონკოლოგიური დაავადება.

შემდგომი მეთოდი, რომელიც ითვლება რომ ზოგიერთი კიბოს პრევენციული მეთოდიც არის, ასევე დაბერების პროცესს უშლის ხელს, ეს არის ორალული კონტრაცეფტივი. მისი მიღება  უმჯობესია საღამოს საათებში და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს. ჩვენთან კონტრაცეპტივს ჰორმონს ეძახიან და ძალიან უფრთხიან, სინამდვილეში ქალი იგივე ჰორმონს გამოყოფს. ამდენად, ეს უცხო სულაც არ არის მისი ორგანიზმისთვის. რასაკვირველია, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის რეკომენდირებული, თუნდაც ასე მარტივად ხელმისაწვდომი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება. 

გავრცელებული მეთოდია  საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფტივი, ე. წ “სპირალი”. არსებობს  ორი ტიპის, არაჰორმონალური სპირალი და ჰორმონალური სპირალი, ორივეს აქვს T ფორმა. არაჰორმონალური სპირალს აქვს სპილენძის დახვეული რგოლი,  ხელს უშლის სპერმის გადაადგილებას კვერცხუჯრედისკენ, აქედან გამომდინარე ორსულობის შანსები ძალიან მცირდება. სასურველია ქალი წინასწარ იყოს გამოკველული და ისე მოხდეს სპირალის ჩადგმა საშვილოსნოს ღრუში, რათა თავი დავიზღვიოთ მცირე მენჯის ანთებითი დაავადებებისგან. 

ამ ეტაპზე ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გვიცავს – არის კონდომი (პრეზერვატივი). თუმცა, კონდომის შემთხვევაშიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, როგორიც არის პაპილომა ვირუსი, ბოლომდე არ იფარება, ვინაიდან პაპილომა ვირუსი კანიდან კანზე გადაეცემა. მიუხედავად ამისა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სტატისტიკა კონდომმა ძალიან შეამცირა , ამიტომ გინეკოლოგები მას ფართოდ ვუწევთ რეკომენდაციას. 

მართალია, სრულიად უსაფრთხო კონტრაცეპცია არ არსებობობს, მაგრამ აბორტზე უსაფრთხო თითოეული მათგანი არის.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5