მიუხედავად იმისა, რომ საფენის რეგულარული (ზოგჯერ საათობრივი) შეცვლა შეიძლება არ იყოს თქვენი საყვარელი საქმიანობა, ის მაინც ბავშვის მოვლის ნაწილია.
ქვემოთ მოცემულია ყველაფერი, რაც ახალბედა მშობლებმა უნდა იცოდნენ ბავშვის საფენების გამოცვლის შესახებ, მათ შორის, როგორ უნდა გაამარტივონ ეს პროცესი.
საფენის გამოცვლისთვის საჭირო ნივთები
სანამ გამოცვლას შეუდგებით, ახლოს დაიწყვეთ საჭირო ნივთები:
სუფთა საფენები. უმჯობესია, თუ გამოცვლის დროს რამდენიმე საფენი გექნებათ ხელთან ახლოს.
ბამბის ბურთულები, ნაჭრები ან სველი ხელსახოცები. ახალშობილების გასასუფთავებლად გამოიყენეთ თბილი წყალი და ბამბის ბურთულები ან ჰიპოალერგიული სველი ხელსახოცები ალკოჰოლისა და სურნელის გარეშე. უფრო დიდი ჩვილებისთვის კი თბილ წყალში დასველებული ნაჭერი.
გამოსაცვლელი ტანსაცმელი ბავშვისთვის. შეიძლება დაგჭირდეთ, თუ საფენმა გაჟონა.
მალამო საფენის გამონაყარისთვის. თუ ბავშვს აქვს გამონაყარი საფენის არეში, წაუსვით შესაბამისი კრემი. ლოსიონი, ზეთი, პუდრი და სხვადასხვა სახეობის კრემების წასმა არ არის სასურველი.
თქვენი სიყვარული. მშვიდი ტონით ლაპარაკი ან სიმღერა და ნაზი მასაჟი დაგეხმარებათ მშვიდად ჩაიაროს ამ პროცესმა თქვენთვის და თქვენი პატარასათვის.
ყურადღების გადატანა. ბავშვის საყვარელი სათამაშო, მუსიკალური „მობაილი“ და ხმოვანი ნივთები დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს პატარას არ სიამოვნებს ეს პროცესი.
როგორ გავარჩიოთ სველი საფენი მშრალისგან?
თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ ახალშობილს, როდის შარდავს ან აქვს კუჭის მოქმედება, სახის შეჭმუხვნით ან წუწუნის დაწყებით, ასევე სუნით.
თუ ბავშვს სძინავს, არ არის საჭირო გააღვიძოთ საფენის გამოსაცვლელად, თუ არ ჰქონია კუჭის მოქმედება ან არ არის ძალიან სველი.
რა უნდა გავითვალისწინოთ საფენის გამოცვლისას?
დააწვინეთ ბავშვი სუფთა, უსაფრთხო ზედაპირზე. გამოსაცვლელი მაგიდა, ბავშვის საწოლი ან ხალიჩა საუკეთესო არჩევანია საფენის გამოსაცვლელად. დააფინეთ წყალგაუმტარი ზეწარი, ყოველი შემთხვევისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, სად უცვლით, ერთი ხელი მოკიდეთ ბავშვს, მაშინაც კი, თუ ჯერ ვერ ახერხებს გადაბრუნებას.
თუ ბავშვს ჭიპლარის ტაკვი ჯერ არ მომძვრალა, სუფთა საფენი ჩაუკეცეთ მუცელთან, რათა თავიდან აირიდოთ მისი დაინფიცირება.
გოგონები უნდა გაწმინდოთ/ჩაბანოთ წინიდან უკან, რათა განავალი არ მოხვდეს ვაგინალურ არეში. მხოლოდ გარედან უნდა გაასუფთაოთ და არ გაუწმინდოთ შიგნიდან, მაშინაც კი, თუ შეამჩნევთ თეთრ ნადებს. ის იცავს ვაგინას ბაქტერიების შემოჭრისგან.
რათა თავიდან აიცილოთ შადრევანი, დაუფარეთ სუფთა ნაჭრით თქვენს პატარა ბიჭს სასქესო ორგანო, სანამ უცვლით. მოსალოდნელია ერექციაც და ეს ნორმალურია. როდესაც ახალ საფენს ჩააცმევთ, ქვემოთ დაუწიეთ პენისი, რათა შარდმა არ გაჟონოს საფენიდან.
დაიბანეთ ხელები ბავშვის საფენის გამოცვლის წინ და შემდეგ (ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარი, თუ წყალი და საპონი ხელმისაწვდომი არ არის).
უსაფრთხოა საბავშვო პუდრისა და საფენის კრემების გამოყენება?
ექსპერტები გირჩევენ, არ გამოიყენოთ პუდრი ან ტალკი, რადგან მრავალი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქ გზებში გადაცდენა, სუნთქვის პრობლემები, ფილტვების დაზიანება და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც კი.
იგივე ეხება სხვა ზეთებსა და ლოსიონებს. გამოიყენეთ თუთიის შემცველი კრემი, თუ ბავშვს აქვს საფენის გამონაყარი. დაელოდეთ 2 წუთი გაშრობას და შემდეგ ჩააცვით საფენი. თუ გამონაყარი არ გაქრა 2-3 დღეში, შეატყობინეთ ბავშვის პედიატრს. შესაძლებელია ეს იყოს სოკოვანი გამონაყარი და დასჭირდეს შესაბამისი მკურნალობა.
წყარო: www.whattoexpect.com