Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის მიზანსწრაფულობა, როგორ ვლინდება ის ბავშვებში და როგორი გარემო უწყობს ხელს ბავშვში ამ თვისების ჩამოყალიბებას?-  “დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე.

რა არის მიზანსწრაფულობა, თანდაყოლილი თვისებაა თუ გარემო პირობებში ყალიბდება?

მიზანსწრაფულობაა, როცა დავისახავთ რაიმე კონკრეტულ გეგმას და შემდეგ ჩვენი მთლიანი რესურსით, მთელი ჩვენი ფსიქიკით  მობილიზებული ვართ, რომ ამ კონკრეტული წერტილისკენ მივიდეთ; რაც უფრო მიმზიდველია ეს მიზანი, მით უფრო სწრაფად მივიწევთ ამ მიზნისკენ. მიზანსწრაფულობაში შეიძლება  გამოვყოთ ორი მახასიათებელი: გარეგანი და შინაგანი რეფერენცია. ზოგიერთი ადამიანისთვის მამოტივირებელი ძალა მიზნის მისაღწევად გარემოზეა დამოკიდებული, როდესაც მას ამხნევებენ ისეთი ფრაზებით, როგორიც არის: “მიდი! ყოჩაღ! შეგიძლია!”, ზოგს კი ეს ძალა შიგნით აქვს, შესაბამისად მისი მიზანსწრაფულობა შინაგან კარნახზეა დამოკიდებული. ორივე შემთხვევაში ბავშვის მიზანსწრაფულობის მხარდასაჭერად სხვადასხვანაირი მესიჯები გვჭირდება. 

როგორ ვლინდება მიზანსწრაფულობა კონკრეტული მიზნის შემთხვევაში?

არსებობს ორგვარი პროცესი, მიზნისკენ და პრობლემიდან. ზოგს შეუძლია დაისახოს მიზანი და მიზნისკენ წავიდეს, ზოგის ქცევის მაპროვოცირებელი კი  პრობლემაა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს ბავშვებში რომელი ქცევის პატერნია წამყვანი, რომ ეს მომენტი დროულად დააფიქსიროს და ამას ჩაეჭიდოს. მიზანსწრაფულობა თანდაყოლილი თვისებაა, (ბავშვი ცოცვიდან გადადის სიარულზე, იძენს ახალ უნარს) თუმცა მისი გამოვლენა ყალიბდება ისე, როგორც სხვა თვისებები – განვითარება, სოციუმთან ურთიერთობა, თვითრეალიზაცია და ა.შ. ამ თვისებების ჩამოყალიბებას განაპირობებს  ის გარემო, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა. (თუ გარემო არ ახდენს ქცევის წახალისებას, ეს უნარი ხშირად ქრება) შესაბამისად გარემო შეიძლება იყოს რესურსული და შეიძლება იყოს პრობლემური, ანუ ზოგისთვის რესურსული გარემოა და ცდილობს თვითონაც ასეთი იყოს  და ზოგისთვის პრობლემურია ეს  გარემო და პრობლემიდან გამომდინარე ცდილობს გახდეს უფრო მებრძოლი, რადგან არ მოსწონს ის ყოფა, რომელშიც იმყოფება და ცდილობს ყოველდღიურობის შეცვლას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა?

პირველ რიგში მშობელი ბავშვთან უნდა იყოს ფსიქო-ემოციურად და ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მშობელი მას ღებულობს ნებისმიერ შემთხვევაში  და სიყვარულის წინაპირობა ბავშვის მედალი არ არის; ასეთი სიმყუდროვე უნდა შეუქმნას მას მშობელმა. ასევე მნიშვნელოვანია მშობელი იცნობდეს ბავშვის მოთხოვნილებებს და სურვილებს. რა ეშლებათ ხშირად მათ? მშობელი ცდილობს თავისი სურვილები, თავისი მიზნების ბავშვის ხარჯზე დაკმაყოფილებას. ხშირად არის ასეთი შემთხვევები, თუ თვითონ უნდოდა გამოსულიყო მუსიკოსი, ბავშვს აუცილებლად ატარებდა შვიდწლედში, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ბავშვს ამის სურვილი. მშობელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებული ბავშვის უნარების მიმართ, რომ მისი სურვილის და მიზნის განვითარებას შეუწყოს ხელი. ასევე სასურველია, ის ერკვეოდეს  ბავშვის განვითარების ეტაპებში და გაიგოს  რა ასაკში რა გამოწვევა აქვს ბავშვს, რომ ამ გამოწვევებს შეუწყოს ხელი. 

სწავლასთან დაკავშირებით როგორ გავზარდოთ ბავშვების ინტერესი, როგორი მიდგომაა ეფექტური?

ზრდასრულები არცერთ მიზანს, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ისე, თუ მიზანი ან ქცევა არ არის დაკავშირებული ჩვენს ღირებულებათა სისტემასთან და თუ ეს მიზანი  ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებათა სისტემას.  ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს და კარგად იყოს გაჟღერებული მასთან, რისთვის სწავლობს და  რისთვის აკეთებს რაღაცას. უმეტეს შემთხვევებში ბავშვმა არ იცის რატომ სწავლობს  და არ იცის რა შედეგს მოიტანს   მისი ქცევა. ხშირად ბავშვებში  ქმედების მოტივს განსაზღვრავს  შიში, რასაც მშობლები ვკარნახობთ მათ. როდესაც, ვცდილობთ მას სწავლის და განათლების საჭიროება დავანახოთ, უნდა ვეცადოთ პირველ რიგში სწავლის  სარგებელზე გავამახვილოთ ყურადღება და ავუხსნათ რა ღირებულებას მისცემს მას განათლება, რატომ იგრძნობს ის კარგად თავს თუ თვითრეალიზაციას მოახდენს და ა. შ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5