Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იაშვილის  სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი მედიცინის დოქტორი თსსუ ასოცირებული პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გვესაუბრება ახალი კორონავირუსის  განმასხვავებელ ნიშნებზე სხვა ვირუსებისგან. 

როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი სხვა ვირუსებისგან  და რა არის ძირითადი განმასხვავებელი სიმპტომი ამ ეტაპზე?

კლინიკურად  ახალ კორონავირუსულ დავადებას ანუ covid 19-ს ახასიათებს ცხელება, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება. ეს არის მისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი ნიშნები, თუმცა ამასთან ერთად შესაძლებელია გამოხატული იყოს  თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე და იშვიათად დიარეა და სურდო. ცემინება ახალ კორონავირუსულ ინფექციას ნაკლებად ახასიათებს. თუმცა, კლინიკურად მისი განსხვავება სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციებისაგან, ცოტა რთულია. ზოგჯერ ზემოთჩამოთვლილი ნიშნები, შესაძლოა არ აღენიშნებოდეს პაციენტს, შესაძლოა, არ იყოს გამოხატული ცხელება, ამიტომ დიაგნოსტიკაში წამყვანი არის ავადმყოფობის ისტორია – კონტაქტები.  ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი საეჭვო პირთან, რომელიც იყო უცხოეთში ან ჰქონდა კონტაქტი უცხოეთიდან დაბრუნებულ პირთან. ასეთ ანამნეზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დიაგნოსტიკისათვის, თუმცა, მას მერე რაც შიდა გადაცემები დაიწყება ქვეყანაში, ყველა იმ პაციენტს, რომელსაც მსგავსი სიმპტომები ექნება გამოხატული, უნდა შევხედოთ როგორც, კორონავირუსული ინფექციის მქონეს. 

ბავშვებთან დაკავშირებით როგორია რეკომენდაციები?

ბოლო კლინიკური მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს და ეს არის ინფორმაცია ძირითადად ჩინეთიდან, ბავშვები იშვიათად ავადდებიან და დაავადების შემთხვევაში მათთან ვირუსული ინფექცია შედარებით უფრო იოლად მიდის. ძნელი სათქმელია, რატომ ხდება ასე, ამის მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს. covid 19 ზე ეჭვის მიტანა ამ შემთხვევაშიც ეპიდემიოლოგიური ანამნეზის (ისტორიის) გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ვინაიდან ბავშვებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მათ შეიძლება შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ინფექციის გავრცელებაში. მსუბუქი ფორმის დროს ხდება ტემპერატურის კონტროლი, მკურნალობა სიმპტომური საშუალებებით ხორციელდება. თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არ არის ახალი კორონავირუსული ინფექცია, მაინც აუცილებელია სტაციონარში მოთავსდეს პაციენტი, დადგინდეს ზუსტად დიაგნოზი და პაციენტი იყოს მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რადგან, ერთია  ჩვენ რა მონაცემი გვაქვს ჩინეთიდან და მეორეა, როგორ განვითარდება მოვლენები ბავშვებთან დაკავშირებით რეალურად. ამიტომ, თუ ეჭვი არსებობს, რომ კონტაქტი იყო ისეთ ადამიანთან, რომელსაც შემდგომ დაუდასტურდა კორონავირუსი, აუცილებელია, რომ ასეთი ბავშვი მოთავსდეს სტაციონარში. ოღონდ, ეს სტაციონარი უნდა იყოს ინფექციური საავადმყოფო ანდა ამ ეტაპზე სპეციალურად covid 19-ის სამკურნალოდ შერჩეული კლინიკა და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ მშობელმა მიმართოს ჩვეულებრივ საავადმყოფოს. ყველა შემთხვევაში   ექიმი (სასწრაფო დახმარების ბრიგადა) უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ექიმებმაც დაიცვან უსაფრთხოების წესები და სპეციალური აღჭურვილობით გასინჯონ პაციენტი, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

უნდა ვასეირნოთ თუ არა ბავშვები სკვერებში და ღია სივრცეებში?

ამ პერიოდში თუ ოჯახებს აქვთ ქალაქთან ახლო-მახლო აგარაკი ან სოფელი, სასურველია გაიყვანონ ბავშვები ქალაქგარეთ, სადაც ბუნებაში იქნება ბავშვი და ნაკლები კონტაქტი ექნება გარშემომყოფებთან.   თუ ქალაქში არიან ბავშვები, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სახლში გამოვკეტოთ და გარეთ არ გავიყვანოთ. გავიყვანოთ ბავშვები გარეთ, პარკებში, სკვერებში, თუმცა ისეთი პერიოდი უნდა შევარჩიოთ, რომ არ ქონდეთ კონტაქტი სხვა ბავშვებთან თუ მოზრდილებთან და მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა ერთიდან ორ მეტრამდე. ასეთ დისტანციაზე ინფექციის გადაცემა არ ხდება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფექციის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5