Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლაქტაციის მრჩეველი შორენა ლაღაძე “დედამიცის” ესაუბრება  რძის შეწყვეტის პროცესის შესახებ.  ინტერვიუში წაიკითხავთ რა სარგებელი აქვს ლაქტაციას დედისთვის და ბავშვისთვის, როდემდე არის სასურველი გაგრძელდეს ძუძუთი კვება და როგორ გაიშრონ რძე დედებმა.

გვესაუბრეთ ლაქტაციაზე და მის მნიშვნელობაზე ბავშვისთვის და  დედისთვის. რა ორმხრივი სარგებელი აქვს ამ პროცესს?

დედის რძე ერთადერთი იდეალური საკვებია ჩვილისათვის, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ორი ჰორმონის – პროლაქტინისა და ოქსიტოცინის დახმარებით ქმნის. ძუძუთი კვება ეხმარება ახალშობილს გარემოსთან ადაპტაციაში. როდესაც ბავშვი იბადება, ხვდება მისთვის უცნობ, უცხო გარემოში, სწავლობს ახალ უნარებსა და დედის მუცლის გარეთ ცხოვრებას, მისთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე წლის მანძილზე იყოს დედასთან მიჯაჭვული. ჩვენთან მიჯაჭვულობას არასწორად აღიქვამენ, ფიქრობენ, რომ ძუძთი ნაკვები ბავშვი ვეღარასოდეს მოშორდება დედას. არადა, ყველაფერი პირიქითაა. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად მივცემთ ბავშვს დამოუკიდებლად ყოფნის უფლებას, მაგრამ დამოუკიდებლობაზე საუბარი პირველ წელს ზედმეტია. პირველი წელი ჩვილისათვის დედამიწის გაცნობის წელია. გარესამყაროსა და  ბავშვს შორის მედიატორის როლი დედას ეკისრება. ემოციურად გადაღლილ ბავშვს ხშირად აქვს სურვილი, კვლავ დაბრუნდეს დედაში. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად იგი ხშირად ითხოვს ძუძუს. ძუძუთი კვება ეხმარება ბავშვს სხვადასხვა განვითარების ეტაპების, მაგალითად, განშორების შფოთვის უფრო ადვილად გადალახვაში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს, მოზრდილ ასაკში უფრო ნაკლებად ემართებათ განშორების შფოთვით გამოწვეული აშლილობები.

დედის ძუძუ, როგორც ბავშვის დანაყრების, ასევე მისი ემოციური სტაბილურობის გარანტიაა. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პატარას სიმშვიდეში ძუძუთი კვების აქტი. გარდა ამისა, დედის რძე ეხმარება ბავშვს კუჭ-ნაწლავის ჩამოყალიბებაში, ამცირებს დიაბეტის, სიმსუქნის, სხვადასხვა შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკებს. დედის რძე შეიცავს ათასობით ცოცხალ უჯრედს და ეხმარება ბავშვს მყარი იმუნიტეტის ფორმირებაში. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ძუძუთი კვებით შეძენილი იმუნიტეტი ბავშვს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ან დიაბეტი არასოდეს დაემართება. რა თქმა უნდა, დიდ ასაკშიც აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შვილების კვებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

დედის მხრივ ძუძუთი კვებას საკმაოდ ბევრი სარგებელი აქვს. ქალები, რომლებიც შვილებს ბუნებრივად კვებავენ თითქმის არ ავადდებიან ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოთი, ასევე უფრო ადვილად უმკლავდებიან მშობიარობის შემდგომ დეპრესიას.

ბავშვის რა ასაკამდე არის სასურველი გაგრძელდეს ძუძუთი კვება?


მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ათეულობით კვლევის საფუძველზე გვაქვს ასეთი რეკომენდაცია – ძუძუთი კვება სავალდებულოა გაგრძელდეს 1 წელი. ამ 1 წლის მანძილზე დედის რძე უნდა იყოს ჩვილის მთავარი საკვები. დედის რძეში შემავალი დიდი რაოდენობით ანტისხეულების გამო, ჯანმო რეკომენდაციას გვაძლევს, რომ გავაგრძელოთ  ბუნებრივი კვება 2 წლამდე ან მანამ, სანამ თავად ბავშვი არ დაანებებს თავს. ადამიანს, როგორც ძუძუმწოვარ სახეობას შეუძლია ლაქტაცია 4 წლამდე გააგრძელოს.

როდესაც, დედა გადაწყვეტს დაასრულოს ლაქტაცია, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს ამ პროცესის შეწყვეტა დედისთვისაც და ბავშვისთვისაც ?

საქართველოში ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა მკერდზე წიწაკის, თაფლისა და მარილის და ათასი უცნაური ნარევის წასმა, ბავშვის ძუძუდან ერთიანად მოწყვეტა. არსებული არცერთი პრაქტიკა არაა გამართლებული ფსიქოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით. სკოლამდელ ასაკში დედა ბავშვისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია სამყაროში, ხოლო ძუძუ – მისი დამამშვიდებელი, საკვები და დედასთან სიახლოვის გარანტი. ერთიანად ძუძუდან მოწყვეტის დროს ან მკერდზე რაიმეს წასმით ბავშვი საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს იღებს, რაც აუცილებლად იჩენს თავს მოზრდილ ასაკში. ასევე, სწრაფად ლაქტაციის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის უკან დაბრუნება, მასტოპათიები და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა.

დედები ხშირად კითხულობენ რჩევას, როგორ გაიშრონ რძე. თქვენ, როგორც ამ საკითხის სპეციალისტი, რას ურჩევდით მათ? 

ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა მოხდეს ნელა – თითო დღე თითო კვების ამოგდებით და ამ დროს ბავშვისათვის  ხილის, ცოცხალი ბოსტნეულის, წვენის ან რაიმე ტიპის ხემისის მიცემით ან სხვადასხვა აქტიური ტიპის თამაშზე ყურადღების გადატანით. ყველაზე რთული ღამის ეპიზოდების შეწყვეტაა. ამ დროს ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, იპოვოს სხვა დამამშვიდებელი, ვუმღეროთ, ვუამბოთ ზღაპრები, შევთავაზოთ საყვარელ სათამაშოსთან ჩახუტება, შეიძლება დროებით დავიწვინოთ საწოლში, მივცეთ ძუძუზე შეხების უფლება, თუმცა არა ჭამის. კატეგორიულად დაუშვებელია  რამდენიმე დღე ძუძუზე უარი ვათქმევინოთ ბავშვს და მერე იმიტომ, რომ შეგვეცოდა ან იტირა, ისევ შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, ამ დღეებში ვიყოთ მასთან, რადგან ძუძუთი კვების შეწყვეტის პროცესი დედისა და შვილისათვის ემოციურად არც თუ ისე მარტივია.

ხშირად დედები რძის შემცირების მიზნით იღებენ ძლიერმოქმედ მედიკამენტს. გვესაუბრეთ ამაზეც, რამდენად არის  საფრთხის შემცველი ასეთი ტიპის პრეპარატების თვითნებურად მიღება  დედის ჯანმრთელობისთვის?  


საქართველოში ასევე გავრცელებული პრაქტიკაა თვითნებურად საკმაოდ მძიმე, ჰორმონალური პრეპარატების მიღება რძის გასაშრობად. ხშირად ექიმებიც აშავებენ იმით, რომ ამ წამლებს ყოველგვარი ანალიზის გარეშე ნიშნავენ. ეს დაუშვებელია. როდესაც ძუძუთი კვება სრულად შეწყდება ქალმა უნდა გამოიწუროს დაგროვილი რძე, თუმცა არ დაცალოს მკერდი სრულად, გამოიტანოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც აწუხებს. გამოწურვის პროცესი არ უნდა იყოს ინტენსიური. დასაშვებია დღეში ან ორ დღეში ერთხელ თითო სესია. ლაქტაციის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ აუცილებლად უნდა ვეწვიოთ მამოლოგს, ძუძუს სკრინინგისათვის. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5