Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გუნება-განწყობილებების ცვლილებები ორსულობის თანმდევი ნაწილია და მას ყველაზე ხშირად ჰორმონალური ცვლილებები, ფიზიკური დისკომფორტი და მომავალ ცვლილებებზე შფოთვა იწვევს. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ მასთან გამკლავებაში.

იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ

ცუდად ყოფნაზე ცუდი განცდა არის თავის ცუდად გრძნობა იმის გამო, რომ ცუდად ხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ მდგომარეობაშია, ეს ჰორმონების ბრალია და ჩაივლის.

ესაუბრეთ პარტნიორს და ბავშვებს

თქვენ შესაძლოა მოულოდნელად დაიწყოთ ტირილი, ამიტომ წინასწარ დაელაპარაკეთ და მოუბოდიშეთ მათ პერიოდული გაღიზიანებების გამო. როდესაც შვილებს ელაპარაკებით, ფრთხილად იყავით, რომ მუცელში მყოფი პატარა არ დაადანაშაულოთ ამაში. ბავშვები ალბათ ისედაც ღელავენ, რა იქნება ახალი ბავშვის დაბადების შემდეგ.  თქვენ აუხსენით, რომ „დედიკო თავს კარგად არ გრძნობს, მაგრამ ყველაფერი კარგადაა და უკეთ იქნება“.

დახურეთ „საშიში“ ორსულობის წიგნები

რა თქმა უნდა, კარგია, თუ გეცოდინებათ მეტი თქვენს სხეულში მიმდინარე ცვლილებებზე, ორსულის მენიუზე, მშობიარობაზე. თუმცა, თუ ეს ინფორმაცია შფოთვას გმატებთ, აღარ წაიკითხოთ. იპოვეთ რაიმე დადებითი შინაარსის საკითხავი ან ჰკითხეთ ექიმს, რაც გაინტერესებთ, გეგმიურ ვიზიტებზე.

მოემზადეთ დილის გულისრევებისთვის

მოიმარაგეთ წასახემსემლები შიმშილის შემოტევების მოსაგერიებლად. თუ სუნები გაღიზიანებთ, სცადეთ გადაფაროთ თქვენთვის სასიამოვნო სურნელით, მაგალითად მიხაკ-დარიჩინის ჩხირებით ან თქვენი ხელის კრემით.

პრიორიტეტი მიანიჭეთ ძილს

თუ დღის განმავლობაში შეგიძლიათ წაძინება, გამოიყენეთ ეს დრო. თუნდაც, სამუშაო მაგიდასთან სამსახურში. სახლში შეიქმენით მშვიდი გარემო ძილისთვის.

იპოვეთ მხარდამჭერი მეგობარი

თუ არ ხართ კმაყოფილი თქვენი გარეგნობით, საორსულო ტანსაცმლის საყიდლად თან მეგობარი გაიყოლეთ, რომელიც გასახდელ ოთახთან გეტყვით, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. ასევე, წაიყვანეთ ის გეგმიურ ვიზიტებზე, რათა დაგეხმაროთ შფოთვასთან გამკლავებაში.

იარეთ ორსულთა სკოლაში

მშობიარობის ეტაპების წინასწარ ცოდნა დაგეხმარებათ შფოთვასთან გამკლავებაში.

დაუკავშირდით სხვა ორსულებს

ფორუმებზე და სოციალურ ჯგუფებში ისაუბრეთ თქვენი განწყობილების ცვლილებებზე, ეს დაგეხმარებათ იმის გაგებაში, რომ  მარტო არ ხართ.

სცადეთ იოგა ან მედიტაცია

ეს დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებასა და კარგად ყოფნის განცდის გაძლიერებაში.

მიმართეთ სპეციალისტს

ზოგჯერ,  შეიძლება დაგჭირდებათ პროფესიონალის დახმარება. ეს ნორმალურია. თერაპევტთან შესახვედრად, არ არის აუცილებელი „კლინიკურად დეპრესიული“ იყოთ. მისი საქმეა, დაგვეხმაროს ცხოვრებისეულ ცვლილებებთან გამკლავებაში. ორსულობა და ბავშვის დაბადება კი (არ აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მეხუთე), ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. ის ასევე დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თქვენი ჩივილები მხოლოდ ორსულობის თანმდევი პროცესია, თუ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა.

წყარო: www.verywellfamily.com