Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილების მშობლებს  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეები მრავალი მხრიდან უტევს, იქნება ეს ბავშვის ან საკუთარ ჯანმრთელობაზე ღელვა, ფინანსურ პრობლემებზე შფოთვა, ახალშობილის მოვლა სახლში მუშაობის პარალელურად და იზოლაცია და სოციალური დისტანცია იმ დროს, როცა განსაკუთრებით სჭირდებათ ახლობლების და დამხმარეების მხარდაჭერა.

გამუდმებული შფოთვა მხოლოდ ზრდის სტრესის დონეს. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ შეამციროთ ამ გაურკვეველი დროის დაძაბულობა.

იზრუნეთ საკუთარ თავზე

ჩვენ ვიცით, რომ ამ დღეებში საკუთარ თავზე ზრუნვა ცოტა სასაცილოდ ჟღერს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცდილობთ ახალშობილის მოვლა მუშაობასთან ან უფროსი ბავშვების ონლაინ სწავლებაში დახმარებასთან შეათავსოთ. მაგრამ იმისთვის, რომ სხვებზე იზრუნოთ, აუცილებელია პრიორიტეტი საკუთარ თავს მიანიჭოთ.  ადამიანებს განსხვავებული რაღაცები ანიჭებს ბედნიერებას. ამიტომ, დაფიქრდით, თქვენ რა გაგამხიარულებთ ან დაგასვენებთ, შეიძლება ეს იყოს 10 წუთიანი მედიტაცია ან ცეკვის საღამოს მოწყობა.

რა თქმა უნდა, ეს მოქმედებები სტრესს ვერ უშველის, მაგრამ საშუალებას მოგცემთ, რომ აკონტროლოთ ის. თან, საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ უფრო მოთმინებით აიტანთ ყოველდღიურ საქმეებს, საფენების გამოცვლასა თუ იმის გარკვევას, რატომ ტირის ბავშვი.

შექმენით მანტრა

როდესაც შფოთვა შემოგიტევთ, საკუთარ თავს გაუგზავნეთ მხარდამჭერი შეტყობინება: 3-ჯერ ნელა წარმოთქვით რამე წინადადება, რომელიც დაგამშვიდებთ. მაგალითად „ეს დროებითია და გაივლის“, „მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია“. ასევე დაგეხმარებათ მედიტაცია და მაინდფულნესის ტექნიკა.

აღწერეთ ყველაფერი

გადაიღალეთ სამსახურებრივი პასუხისმგებლობებით, ბავშვის მოვლით და იმაზე ფიქრით, არის თუ არა ოჯახში საკმარისი საკვები და ძირითადი საყოფაცხოვრებო საგნები? იმის ნაცვლად, რომ ნება მისცეთ ამ ყველაფერს იზუზუნოს თქვენს ტვინში, რამაც შესაძლოა უფრო მეტი სტრესი გამოიწვიოს, ჩამოწერეთ ყველა ფიქრი, შფოთვა და აუცილებლად გასაკეთებელი საქმეები.

მათი დანახვა დაგეხმარებათ მოიფიქროთ, როგორ გსურთ მათი ორგანიზება და პრიორიტეტების მინიჭება. თუკი არ შეგიძლიათ თქვენი სიიდან ყოველდღიურად ყველაფრის ამოშლა, არა უშავს – ეცადეთ ფოკუსირდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელთაც პირველ რიგში სჭირდებათ თქვენი ყურადღება და განაგრძეთ ამ წერტილიდან.

ითხოვეთ მხარდაჭერა

მეგობრები და ოჯახის წევრები შეიძლება ვერ მოვიდნენ  ხაჭაპურით ხელში, მაგრამ ისინი მოგისმენენ. ამიტომ მოუყევით იმაზე, რაც გაწუხებთ და სთხოვეთ მხარდაჭერა. თუ ხვდებით, რომ ვერ უმკლავდებით ფიქრებს, გაწუხებთ ძილის პრობლემები, მადის ცვლილება ან გიჭირთ ყურადღების მოკრება, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, რადგან შეიძლება გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

ისარგებლეთ ბავშის ძილით

ბავშვის დღის ძილის დრო ყოველთვის ძვირფასია, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დროა. თქვენ შეიძლება გინდოდეთ, რომ ეს დრო გამოიყენოთ მეგობართან დასარეკად, გამოსაძინებლად, სამუშაოდ, თავის მოსავლელად და სანამ გადაწყვეტთ, ჯერ რა გააკეთოთ, ბავშვმაც გაიღვიძოს. ამიტომ, წინასწარ ჰკითხეთ საკუთარ თავს, გასაკეთებელი საქმეების სიიდან რომელი გიძნელდებათ ყველაზე მეტად, როდესაც ბავშვს ღვიძავს და დაიწყეთ იმ საქმით.  

დარჩით ხაზზე პედიატრთან

ახალშობილის მოვლის შესახებ უამრავ კითხვას ემატება პანდემიასთან დაკავშირებული კითხვები. ამიტომ, ეკონტაქტეთ ბავშვის პედიატრს მუდმივად. ჩაიწერეთ კითხვა, როგორც კი გაგიჩნდებათ, რათა არ დაგავიწყდეთ საუბრის დროს. აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი შვილის პედიატრი მოქმედებს ახალი რეკომენდაციებით.

კომუნიკაცია

ახალშობილთან ერთად მუშაობა ნამდვილი გამოწვევაა. აუცილებლად მოუყევით გუნდს თქვენი ოჯახური მდგომარების შესახებ და ვინ იცის, შეიძლება თქვენი  პატარა საქმიანი ვიდეოზარების სასურველი დამსწრეც კი გახდეს.

მშობლებს შეგიძლიათ დაგეგმოთ დღე ისე, რომ დღის პირველ ნახევარში ერთი მუშაობდეს, მეორე ნახევარში – მეორე, ხოლო ბავშვის ძილის დროს ორივემ შეძლოს მუშაობა.

ურთიერთობა პარტნიორთან

თუ თქვენ გყავთ პარტნიორი, ალბათ ახლა იმაზე მეტ დროს ატარებთ ერთად, როგორც არასდროს. ამიტომ, შეიძლება კამათი და დაძაბულობა გახშირდეს. ეცადეთ, რომ გაინაწილოთ საქმეები და ბავშვის მოვლის საკითხები, რათა ორივეს გქონდეთ დრო საკუთარი თავისთვის. მოიწყვეთ პაემნები, მაგალითად სადილი მაგიდასთან ან ფაზლის აწყობა.

დაფიქრდით ინფორმაციის მიღებისას

დარწმუნდით, რომ მხოლოდ სანდო წყაროებით ღებულობთ ინფორმაციას. თუ ხვდებით, რომ თქვენზე ცუდად მოქმედებს კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციის მიღება, წინასწარ დაგეგმეთ, დღეში რამდენ ხანს და როდის დაუთმობთ სიახლეების გაცნობას.

იკონტაქტეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან

რა თქმა უნდა, ბავშვის გასაცნობად ვერ დაპატიჟებთ მათ, მაგრამ ვიდეოზარებით შეგიძლიათ საყვარელ ხალხს დაანახოთ თქვენი პატარას პირველი სიცილი.

იპოვეთ სიხარული ბავშვებთან ერთად

ეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რას აკეთებს თქვენი შვილი: რას უყურებს ჩემი შვილი? რომელია მისი საყვარელი სათამაშო ახლა? ღუღუნებს თუ იღიმება? რას ვგრძნობ მისი ხელში დაჭერისას? „შეისრუტეთ“ ბავშვთან გატარებული ეს პატარა მომენტები. იმიტომ, რომ როგორც ეს პანდემია გაივლის, ისევე გაივლის თქვენი ბავშვის ცხოვრების ეს ეტაპი.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5