Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველას სურს იყოს უკეთესი მშობელი, რომელიც ყოველთვის ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებს, ითვალისწინებს მის სურვილებს და  ცდილობს ჩასწვდეს მის ფიქრებს. ფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილს ვკითხეთ რა გზები და საშუალებები არსებობს უკეთესი მშობლობისთვის, შვილებთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად და მათი სურვილების და ემოციების გასაგებად.  

რა პროცესია ზოგადად  მშობლობა და  როგორი უნდა იყოს უკეთესი და ხარისხიანი მშობლობის პროცესი?

მშობლობა არის პროცესი, სადაც  არ არსებობს ერთი კონკრეტული ვერსია, ერთი კონკრეტული კონტექსტი, ერთი ტრაექტორია, კონკრეტული ინსტრუქცია ან  ამის იდეალური  გარემო, რაც თავისთავად ართულებს ამ პროცესს, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ ხოლმე. თუმცა ამასთანავე ინდივიდუალურია ის შეგრძნებები და გამოცდილებები, რაც ამ კავშირს  მოაქვს ბავშვისთვის და მშობლისთვის, როცა ორივე მხარე ენით აღუწერელ და საოცარ სისავსეს ქმნის, რომელიც მშობლობის პროცესს საოცრად მომხიბვლელს და უნიკალურს ხდის. მშობლობა არის პროცესი, ტეხილი გზა, სადაც ყველაზე ინტენსიურად გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავიცვათ წონასწორობა საკუთარ თავზე ზრუნვასა და შვილებზე მზრუნველობას შორის.    

მშობლობა არ არის მარტივი, უკეთესი მშობლობისთვის გამუდმებით უნდა ისმებოდეს შეკითხვები  ამ კავშირის გასაჯანსაღებლად. მშობლობა არის ცდის და შეცდომის მეთოდის გამოყენება. ამ  დროს ვენდობით მშობლები საკუთარ  ინტუიციას, ვსვამთ შეკითხვებს, ვაკვირდებით ბავშვის რეაგირებას და შემდეგ სათანადოდ ვრეაგირებთ. ეს არის მუდმივი ზრდის და შეცნობის პროცესი და არ არის ერთი, სწორი გზა, რა შეიძლება, რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში გააკეთოს ადამიანმა. 

საუბრისას ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ბალანსის მოძებნა საკუთარ თავზე ზრუნვასა და შვილებზე მზრუნველობას შორის. როგორ უნდა გავიაზროთ ეს პროცესი ამ მხრივ?

მშობლობისას ხშირად ძალიან ბევრს გავცემთ და ვკარგავთ საკუთარ თავს. მშობლებს ვეტყოდი, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ გავაკონტროლებთ ყველაფერს, მაგ. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ჩვენი შვილი კონკრეტულ სიტუაციაში და ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კარგია. ასევე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლომდე არ ვართ პასუხისმგებელი  ჩვენი შვილის ყველა ტკივილზე.  თქვენ თქვენს საუკეთესოს აკეთებთ იმით რაც გაქვთ, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც მეტის გაკეთება არ არის შესაძლებელი და ეს მდგომარეობა უნდა მივიღოთ მშობლებმა, გავიაზროთ  და იმედია, ამით ცოტათი მაინც ვიგრძნობთ შვებას. განსაკუთრებით ეს მინდა იგრძნონ იმ მშობლებმა და მზრუნველებმა, რომელთა შვილებსაც კონკრეტული სპეციალური საჭიროებები აქვთ და უფრო ინტენსიურად, 24 საათიან რეჟიმში უწევთ ზრუნვა თავიანთ შვილებზე. 

მნიშვნელოვანია რომ მშობლებმა არ  მიიღონ თავიანთი თავი ძალიან სერიოზულადაც, ძალიან ხშირია რომ მშობლებს დანაშაულის განცდა უჩნდებათ მომხდარზე, – რატომ მოხდა ეს, რატომ ვაჭამე ტკბილეული, დროულად რატომ არ დავაძინე და ა.შ – ეს არის ჩავარდნები და ამის გამო, საკუთარი თავი მკაცრად არ უნდა განვსაჯოთ. არაუშავს, ხდება ხოლმე, ყველას მოგვდის ასე. მთავარია, მშობელმა გაიაზროს მოვლენის კომპლექსურობა და რომ, რაღაც ერთეული ჩავარდნა არ იქნება გადამწყვეტი მისი შვილის ცხოვრების ტრაექტორიის ფორმირებაში. 

როგორი უნდა იყოს მშობლის  დამოკიდებულება საკუთარი პერსონის მიმართ?

ისევ და ისევ, აუცილებელია მშობლებმა გააძლიერონ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა – როდესაც რაღაც შეგვეშლება, როდესაც ბავშვს უსამართლოდ დავუყვირებთ, ან არასწორად მოვიქცევით, ან რაღაცას ვერ შევამჩნევთ ისეთს, რომელიც უნდა შეგვემჩნია, ზუსტად ამ დროს  საჭიროა  საკუთარ თავს გვერდში ამოვუდგეთ ისე, როგორც ამოვუდგებოდით უახლოეს მეგობრებს. თუ მშობლებმა საკუთარ თავზე არ იზრუნეს, თუ საკუთარი ფიალა არ აავსეს, შემდეგ ვეღარ შეძლებენ ამ ფიალაში არსებული სიმშვიდის, სიყვარულის და სხვა სიკეთეების თავიანთი შვილების ფიალებში “გადასხმას”. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველდღიურად, ჩვეულ მომენტებში – მომენტიდან მომენტამდე მშობლები დააკვირდნენ საკუთარ შეგრძნებებს, შეეხონ საკუთარ თავს, სიყვარული და სითბო გამოხატონ საკუთარი თავის მიმართ და პოზიტიური ემოციები განიცადონ. თუ გვინდა რომ ჩვენს შვილებს გავუნაწილოთ სიმშვიდე და სიყვარული, ასე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. 

პანდემიის პერიოდში, როგორც ყველაფერი, ასევე მშობლობაც უფრო მეტად რთული გახდა. როგორ დავამშვიდოთ მშობლები, რომლებიც განიცდიან სინდისის ქენჯნას, რომ ვერ არიან კარგი მშობლები და თავს ხშირად იდანაშაულებენ…

მშობლებმა პირველ რიგში უნდა გაიაზრონ, რომ ამ პერიოდში თავიანთი შვილების ამოვარდნილი ქცევა, მომატებული მგრძნობელობა ისეთ რამეებზე, რაც მანამდე შეუმჩნეველიც კი იყო, არის სტრესული ქცევა. ეს არის ქცევები, რომელსაც თვითონ არ ირჩევენ ჩვენი შვილები. ასეთ ქცევებს  ხელმძღვანელობს თავის ტვინის ქერქქვეშა ძალიან ძველი, პრიმიტიული სისტემები, ზუსტად იმიტომ რომ ჩვენს შვილებს დაეხმაროს თვითრეგულაციაში და სტრესი შეუმციროს. შეიძლება ეს არის არაჯანსაღი გზა, რომელიც ხელს უშლის მათ, რომ უკეთ დაიძინონ, უკეთ ითანამშრომლონ მშობლებთან, ან უკეთ იურთიერთონ თავიანთ და-ძმასთან თუ უკეთესად ისწავლონ, მაგრამ ეს არის მათი გამკლავების ხერხი ჭარბ და მომატებულ სტრესზე. მშობელმა უნდა გაიაზროს რომ მისი შვილი ამას ძალით კი არ აკეთებს, რომ ნერვებს ძალით კი არ უშლის, რომ წყობიდან გამოიყვანოს ის, არამედ ეს არის სიგნალი – რომ ბავშვს  უჭირს და მას დახმარება სჭირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა მშობელი, როგორ ცდილობს ამ სტრესის შემსუბუქებას იმ მომენტში. მეორეა – ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ ვქარგავთ მშობლები ისეთ მომენტებს, სადაც თავს კარგად იგრძნობენ ბავშვები. მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს ბავშვს  წამიერად მაინც განაცდევინოს სიმშვიდე და სიხარული. 

ახლა, როცა მშობლები უფრო მეტად დაძაბულები და მუდმივ  შფოთვაში არიან, კარგი იქნება თუ ივარჯიშებენ,  როგორ მოდუნდნენ  სხეულებრივად. ზოგიერთი ადამიანისთვის  ეს არის იოგა, ზოგიერთისთვის  ცხელი ყავის სმა განმარტოებით, ან ყვავილების მორწყვა და ფოთლებთან შეხება. მშობლებს ვურჩევ გამოიკვლიონ რა ამშვიდებთ, რა უყვარდათ პატარაობაში, რისი კეთება მოსწონდათ და იქნებ, რაღაც მომენტში  შეეხონ ძველ, სიმშვიდის გამოცდილებას. ეს დაეხმარება ნერვულ სისტემას, რომ გადარჩენის რეჟიმიდან ნელ-ნელა უფრო ექსპანსიურ, ღია, სავსე მდგომარეობაში გადავიდეს, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა არის, უფრო მეტი არჩევანია  და უფრო მეტად ვიღებთ სიამოვნებას ყოველდღიური ურთიერთობისგან. 

როგორ გარემოს უნდა ჰქმნიდეს მშობელი ბავშვისთვის?

რა ტიპის გარემოც არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ბავშვისთვის თავშესაფარი. თავშესაფარში იგულისხმება, რომ ბავშვი თავს გრძნობს ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხოდ და დაცულად. ეს გარემო უნდა იყოს ისეთი, სადაც ბავშვს საშუალება აქვს გამოხატოს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატური ემოციები. არ იყოს შეშინებული და არ იყოს იმის საფრთხე, რომ ვიღაცა მას უგულებელყოფს და დასცინებს, ან გაუბრაზდება ამ ემოციების გამო. ეს არის გარემ, საიდანაც ბავშვს შეუძლია სამყაროს გამოკვლევა დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელსა და ბავშვს შორის იყოს უსაფრთხო, მგრძნობიარე ურთიერთობა და ეს არის ბავშვისთვის საუკეთესო გარემო. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5