პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
მშობლობა იოლი არ არის, თუმცა არსებობს მეთოდები იმისათვის, რომ გახდე უკეთესი მშობელი და აწარმოო უკეთესი კომუნიკაცია შვილთან. საიდან და როგორ იწყება ამ ყველაფერზე ფიქრი და რა სტრატეგიით უნდა ვიხელმძღვანელოთ მშობლებმა ბავშვთან ურთიერთობისას?
უკეთეს მშობლად ყოფნის უნივერსალური რეცეპტი, ვფიქრობ, არ არსებობს და ამას შეგვიძლია მაშინ მივაღწიოთ, როდესაც გავითვალისწინებთ ჩვენი შვილების ინდივიდუალურ პიროვნებას. თუმცა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ბავშვთან ურთიერთობისას დადებით შედეგს იძლევა.
მაგალითად, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებთან გვქონდეს ახლო ემოციური ურთიერთობა, რაც თავისთავად ბევრ სარგებელს მოიტანს როგორც ბავშვობის წლებში, ასევე ზრდასრულობაში, საჭიროა შეგვეძლოს ჩვენი შვილების გრძნობების იდენტიფიცირება, მათი მიღება და დადასტურება. ხშირად მშობლები თავადაც კი ვერ იაზრებენ საკუთარ ემოციებს და ბუნებრივია, შეუძლებელი ხდება ამის სწავლა შვილისთვის, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია, მშობელი გახდეს ემოციურად თვითგაცნობიერებული, შემდეგ კი დაიწყოს ამის სწავლება შვილისთვის. ბავშვი, რომელსაც მშობლები გულდასმით უსმენენ, არ ეწინააღმდეგებიან იმ ემოციებში, რომელსაც ის განიცდის და ასწავლიან ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას, გაიზრდება ემოციურად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანად, რაც ხელს შეუწყობს როგორც მის კარიერულ წარმატებას, ასევე წარმატებას სოციალურ ურთიერთობებში.
მნიშვნელოვანია, ხშირად ვკითხოთ ჩვენს შვილებს გარკვეული ფაქტი, მოვლენა, ქმედება რა ემოციებს იწვევს მათში, ასევე ხშირად ვესაუბროთ ჩვენს განცდებზე, დავუდასტუროთ ის ემოციები, რასაც გრძნობს: „ალბათ, თავს დამცირებულად გრძნობ, არა?“, „წარმომიდგენია, რამდენად გახარებული ხარ ამ ფაქტის გამო“. ამით ბავშვი პირველ რიგში სწავლობს ემოციების სახელდებას, რაც უზრუნველყოფს ნეგატიური ემოციების ინტენსივობის შემცირებას და ასევე, იაზრებს, რომ ის რასაც განიცდის ბუნებრივი და მისაღებია და რომ მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მისი ესმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ბავშვის გრძნობებს მშობლები ან უგულებელყოფენ ან უარყოფენ, ეს მას მიიყვანს იმ აზრამდე, რომ საკუთარ თავს და საკუთარ გრძნობებს არ უნდა ენდოს და ჩამოუყალიბებს დაბალ თვითშეფასებას.
სამწუხაროდ, მშობლებს არ ესმით, რომ ბავშვების ცუდი საქციელი მათი განცდების შედეგია. ბავშვს რაღაც აწუხებს, რაც მის არასწორ საქციელს იწვევს. ამიტომ, სანამ საქციელის გამოსწორებაზე ფიქრს დავიწყებთ, შვილის გრძნობებში უნდა გავერკვეთ.
ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვში დამოუკიდებლობის განვითარება. დამოუკიდებელმა ადამიანმა იცის, რა სურს და როგორ მიაღწიოს სასურველს. სამწუხაროდ, არსებობენ მშობლები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი შვილის ნაცვლად გააკეთონ ყველაფერი,ზოგი მათგანი ამას აკეთებს დროის დაზოგვის მიზნით ან უბრალოდ „ნერვები არ ჰყოფნის“, ზოგი კი ამით გაუცნობიერებელ სარგებელს იღებს – კერძოდ, იღებენ საკუთარი ფასეულობის, შეუცვლელობის გარე დადასტურებას. თუ ბავშვი ჩვენზეა დამოკიდებული, არაცნობიერად ყველაფერი ასე აღიქმება: „თუ ის უჩემოდ ვერაფრის გაკეთებას შეძლებს, ჩემგან არასდროს არსად წავა.“ სამწუხაროდ, ეს სარგებელი გაცნობიერებული თითქმის არასდროსაა.
მშობელი, რომელიც შვილს აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, ეხმარება, როცა ის ამას ითხოვს, აძლევს საშუალებას პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებებზე, უსმენს ყურადღებით და იღებს მის გრძნობებს, იაზრებს მის ინდივიდუალურ თვისებებს, საბოლოოდ შვილში გამოიწვევს სანდო, მეგობრულ და პატივსაცემ დამოკიდებულებას. როდესაც ბავშვი ხვდება, რომ მშობელი მის პიროვნებას აფასებს, ცდილობს მშობლების გახარებას და მაქსიმალურად მოინდომებს, არ გაუცრუოს მათ იმედები.
რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის მიცემა არ გულისხმობს საზღვრების არ არსებობას. აუცილებელია დაწესდეს როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ მოქცევის წესები, ჩამოყალიბდეს გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინება შვილის მხრიდან, უფრო მეტად ხდება მაშინ, როდესაც წესების შემოღებამდე მასთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ვუხსნით რა მიზანი აქვს თითოეულ წესს, ვისმენთ მის აზრსაც და ასევე, შეგვიძლია ერთობლივად მოვიფიქროთ წესების დარღვევის შემთხვევაში რა „ჯარიმებს“ ექნება ადგილი.
აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი საშუალება გავხდეთ უკეთესი მშობლები არის არა სიმკაცრეში და აკრძალვებში, არამედ შვილისადმი მოსიყვარულე და პატივსაცემ დამოკიდებულებაში.