Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველას სურს  ბედნიერი შვილები ჰყავდეს, თუმცა მათი ისე აღზრდა, რომ ბედნიერების განცდა ჰქონდეთ და გაჰყვეს ცხოვრების განმავლობაში, საკმაოდ რთულია. ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე გვიყვება იმ ტექნიკებზე, რომელიც ბავშვის აღზრდის პროცესში დაეხმარება მშობლებს შვილებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

სად არის ბედნიერების რეცეპტი, რას უნდა ვაკეთებდეთ, თუ გვინდა რომ ბავშვი ბედნიერი გავზარდოთ?

როდესაც ვსაუბრობთ ბედნიერებაზე, ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლოს ბედნიერების განცდა. 

რას ნიშნავს ბედნიერების განცდა? შეგეძლოს შეიგრძნო ბედნიერება, იყო კმაყოფილი, იყო პირველ რიგში კონტაქტში საკუთარ თავთან და ხვდებოდე შენს საჭიროებებს და იმას, რომ შენი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. შეგეძლოს განიცადო სიხარული. ბედნიერება ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და ალბათ ყველა სხვადასხვანაირად განიცდის და სხვადასხვანაირად განმარტავს მას. თუმცა, ერთი რამ ფაქტია – ამის განცდა უნდა შეგვეძლოს. ვიყოთ კონტაქტში საკუთარ ემოციებთან და ვიყოთ მაგალითად მადლიერები საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ. ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ბედნიერია, მას შემწყნარებლური დამოკიდებულებაც  აქვს  საკუთარი თავის მიმართ. თუ ადამიანი პერმანენტულად საკუთარ თავს აკრიტიკებს, თუ საკუთარ თავთან აქვს ძალიან ნეგატიური მონოლოგი, თუ  თავს პერმანენტულად რაღაცას ვერ პატიობს, წვრილმანებსაც კი, მუდამ უკმაყოფილო და კრიტიკულია საკუთარი თავის და სხვის მიმართ, გაუჭირდება ბედნიერების განცდა.ძალიან რთული იქნება მისთვის რაღაცით იყოს კმაყოფილი და პირველ რიგში საკუთარი თავით. მთელი ეს პროცესები, რაც ახლა ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა ბავშვობიდან ფორმირდება და ბავშვობაში ვიწყებთ ამ ყველაფრის დასწავლას. ბავშვობიდან ვიღებთ მაგალითს ჩვენი მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან და საზოგადოებისგან.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა და  რა უნდა მივცეთ ბავშვებს ისეთი, რომ ისინი გაიზარდონ ბედნიერების განცდით?

ბავშვს უნდა მივცეთ სიყვარული, – უპირობო სიყვარული. ხშირად ეს ტერმინი  “უპირობო სიყვარული” არასწორად და დამაბნევლად აღიქმება მშობლების მხრიდან. ხშირად მისვამენ კითხვას, – რას ნიშნავს უპირობო სიყვარული? და ჰგონიათ, რომ უპირობო სიყვარულში იგულისხმება მაგალითად ის რომ ყველაფერში ეთანხმებოდე ბავშვს, არაფერი არ  შეუსწორო, არ მისცე შენიშვნა, არაფერზე არ უთხრა უარი, საერთოდ არ გაუწყრე და ა.შ. ეს ასე არაა. უპირობო სიყვარული არ მოდის კონფლიქტში აღზრდის სტრატეგიებთან და გარკვეული საზღვრების თუ ჩარჩოების დაწესებასთან.  

უპირობო სიყვარულში იგულისხმება, რომ მაშინაც კი, როდესაც მშობელი არ ეთანხმება თავისი შვილის არჩევანს, საქციელს,  არ იზიარებს/მოსწონს მისი გადაწყვეტილება/საქციელი, მიაჩნია, რომ მისი შვილი შეცდა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ბრაზობს თავის შვილზე და ა.შ. მაინც აგრძელებდეს მის სიყვარულს და შეეძლოს ეს დაანახოს. 

უპირობო სიყვარულია, როდესაც  ბავშვის არა მხოლოდ დადებით, კომფორტულ, პოზიტიურ ნაწილს ვიღებთ,  არამედ ასევე მის რთულ, არაკომფორტულ, ჭირვეულ ნაწილსაც ვიტევთ და არსად გავრბივართ. არ ვაიგნორებთ მის ჭირვეულ ქცევას, არ ვუკრძალავთ გამოხატოს აგრესია, ბრაზი, და შეგვიძლია დავიტიოთ ეს. შეგვიძლია დაშვებული შეცდომების დამიუხედავად მაინც გვიყვარდეს და მის გვერდით ვიყოთ, თუმცა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. 

მშობელს უნდა შეეძლოს აჩვენოს თავის შვილს, რომ: ”მე შემიძლია დავიტიო შენი ბრაზი, არ დაგეთანხმო, დავინახო და ვაღიარო შენი შეცდომა, გავბრაზდე შენზე. შენ შეძლება ცდებოდე, არ იყო მარტივი ასატანი ჩემთვის, მაგრამ მე შენ ზურგს არ გაქცევ. მე არ ვიზიარებ შენს აზრს და შენს გზას, მაგრამ დაგეხმარები გვერდში ყოფნით.”  და ეს არ არის მარტივი. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ მე სულ ასე ვიქცევიო, თუმცა დავეჭვდები. რადგან ხშირად პირიქით ვიქცევით. 

ჩვენ გვგონია უფროსებს, რომ ბავშვებს ვჩუქნით ძალიან დიდ სიყვარულს , მაგრამ თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, კი ვჩუქნით, მაგრამ  უფრო მეტად ჩვენი სიყვარული პირობითია, რაღაც პირობებს შეიცავს, ვიდრე უპირობო. 

როდის იწყება ამ უპირობო სიყვარულის რღვევა მშობელსა და შვილს შორის?

“თუ ახლავე არ შეწყვეტ ცუდად მოქცევას, დედა ადგება და წავა”, “თუ შენ ახლა ამას არ გააკეთებ, მე შენთან მეგობრობას გავწყვეტ”, “თუ არ მორჩები ტირილს , ყვირილს, თუ არ იქნები კარგი გოგო/ბიჭი, მე შენ გაგებუტები, მე შენ ზურგს შეგაქცევ, მე შენ დაგტოვებ მარტოს.” – აი, ასეთი ფრაზებით იწყება ამ პროცესის რღვევა, როდესაც ბავშვი ბავშვობიდან იღებს ისეთ მესიჯს, რომ ის მხოლოდ მაშინ იმსახურებს სიყვარულს, თუ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რასაც მისგან ელოდებიან,  თუ შეესაბამება იმ კონკრეტულ როლებს, რასაც მისგან მოითხოვენ. თუ კარგად სწავლობს, თუ არის ბეჯითი, თუ ერთ ნათქვამზე ესმის ყველაფერი, თუ ის არ აპროტესტებს რამეს, თუ ყველაფერში დამყოლია და უჯერებს მშობელს, მაშინ მას მშობლის სიყვარული ერგება. როგორც კი ბავშვი თავის მეორე ნაწილს გვაჩვენებს, რომელიც ზოგჯერ არ არის კომფორტული ჩვენთვის, როდესაც  გაბრაზებულია, აგრესიულია, რაღაც არ მოსწონს, ეს მშობლისთვის მიუღებელია. 

ჩვენ – მშობლებმა უნდა დავაფასოთ და გავიაზროთ ბავშვის  ინდივიდუალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით მას სიცოცხლე, ის არის ცალკე, დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელსაც აქვს უფლება იყოს ცუდ ხასიათზე, იყოს გაბრაზებული, დაუშვას შეცდომები, შეეშალოს, არ გაითვალისწინოს რაღაც, დაეზაროს, არ მოუნდეს და ა.შ.. 

და ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვისწავლოთ მისი სიყვარული, იმიტომ რომ ძალიან მარტივია გვიყვარდეს ბავშვი, რომელიც არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. და ძალიან რთულია შევძლოთ დავიტიოთ და მივიღოთ ჩვენი შვილის ის ნაწილი, რომელიც არ მოგვწონს.

რა უნდა უთხრას მშობელმა ბავშვს, როდესაც მას უჭირს დაიტიოს ბავშვის “არასწორი” საქციელების გამო გამოწვეული იმედგაცრუება, ბრაზი, რისხვა…?

როდესაც ვსაუბრობ, რომ ბავშვს უნდა მივცეთ ყველანაირი ემოციების გამოხატვის საშუალება, ვსაუბრობ ასევე იმაზეც, რომ მშობელი უნდა იყოს გულწრფელი. შეიძლება მშობელს არ მოსწონდეს თავისი შვილის საქციელი და მან აუცილებლად უნდა უთხრას მას ამის შესახებ, მაგრამ ამის თქმა შეიძლება კონკრეტულ საქციელზე ორიენტირით და არა ასე: რომ შენ ცუდად იქცევი და შენ ცუდი ხარ, არამედ ასე: “შენი საქციელი ჩემთვის არის მიუღებელი. შენი საქციელი ჩემი აზრით არასწორია. მე არ მომწონს , რასაც შენ აკეთებ, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ  ცუდი ხარ და არც იმას ნიშნავს იმას, რომ მე ზურგს შეგაქცევ, რადგან არ მომწონს შენი საქციელი. მე მინდა შენ დაგეხმარო, რომ ეს გამოასწორო.” 

რატომ არ მიმართავს მოზარდი მშობელს რთულ სიტუაციაში დასახმარებლად, რატომ ვერ აღიქვამს მას სანდო მეგზურად?

რადგან ვერ მისცა მშობელმა მას იმისი გარანტია, იმისი რწმენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის სტაბილურად მის გვერდით იქნება. მშობელმა უნდა აგრძნობინოს შვილს, რომ მის გვერდითაა ყველანაირ მომენტში. თუ ბავშვს აქვს იმის იმედი, რომ  როგორც არ უნდა გაუჭირდეს და როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, მისი  მშობელი ზურგს არ შეაქცევს, ის  მშვიდადაა. რა თქმა უნდა, შეიძლება განიცდიდეს, რომ რაღაც შეეშალა, ნერვიულობდეს, ეშინოდეს. მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება, რადგან ეცოდინება რომ მას მარტოს არ დატოვებენ. თუმცა, როდესაც ბავშვს არ აქვს ამის გარანტია, ის ძალიან ცოდოა, უსუსურია ამ სამყაროს და პრობლემების წინაშე, არ იცის როგორ გაუმკლავდეს მარტო და არც იმის სჯერა, რომ მისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები დაეხმარებიან.  

ბავშვმა, შესაძლოა, საჭირო შეკითხვებზე ვერ მიიღოს პასუხები, რადგან შეეშინდეს კითხვის დასმა, ვერ გააზიაროს თავისი შიშები, რადგან შეეშინდეს დასჯის და წვრილმანი პრობლემები ამის გამო, შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს. 

პოზიტიური მშობლობის ტექნიკები, რასაც აღწერთ, არის ფარი ბავშვის მომავალ ცხოვრებაში, რამდენად მედეგი და გამძლე იქნება ის სიძნელეების წინაშე, რომელიც ნამდვილად შეხვდება ცხოვრებაში…

სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდის სიცოცხლის ადრეულ წლებში ფორმირდება. ადამიანებს ჰგონიათ, იმისათვის,  რომ ბავშვი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რაღაც ასაკს უნდა მიაღწიოს და მერე ასწავლონ დამოუკიდებლობა. მაგრამ ვცდებით.  ბავშვი იბადება პიროვნებად და ხშირად  ჩვენ – უფროსები, ვართმევთ და ვურთულებთ მას დამოუკიდებლობის განცდას, დამოუკიდებლად ქმედების სურვილს ვუკლავთ. ამიტომ, როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ცდილობს თავად მოიპოვოს სათამაშო, უნდა მივცეთ ამის საშუალება. როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი თავად ცდილობს ადგეს, უნდა მოვახერხოთ საკუთარი თავის გაჩერება და დაველოდოთ როდის ადგება, ან ითხოვს დახმარებას. 

ერთადერთი წესი, რაც არსებობს, ჩემი აზრით, არის კარგად მიაყურადო საკუთარი შვილის საჭიროებებს. გამიჯნო შენი სურვილები და მისი ერთმანეთისგან. გამიჯნო შენი პროექციები და ის დაინახო, შენი შვილი. ისწავლო მისი მოსმენა, ისწავლო მასთან საუბარი. ისწავლო მისი დანახვა და არა საკუთარი არარეალიზებული შესაძლებლობების და სურვილების. 

ამას თუ ვერ ახერხებს მშობელი, სხვა ათასი წესი და რეკომენდაცია, რაც არ უნდა დაისწავლოს, მაინც არაფერი გამოვა. რადგან არ არსებობს უნივერსალური რეკომენდაციები, გარდა იმისა რომ გიყვარდეს, ხედავდე, უსმენდე და იყო შვილთან გულწრფელ, ნამდვილ კონტაქტში.

დასჯასთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს მშობლის  მიდგომა. ?

დასჯა უნდა იყოს საქციელზე ორიენტირებული და ადეკვატური.ის უნდა იყოს ასაკის შესაფერისი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს ფიზიკურ ან ემოციურ ძალადობას. გარდა ამისა, უნდა იყოს დროებითი და მშობელმა აუცილებლად უნდა განუმარტოს ბავშვს, რომ მას სჯიან დღეს მაგ. დღის ბოლომდე და ეკრძალება პლანშეტის აღება. და აგრეთვე უნდა დააფიქსიროს მშობელმა, რომ არ სიამოვნებს შვილის დასჯა, რომ მას ეს ფაქტი სიხარულს და სიამოვნებას არ ანიჭებს. ბავშვმა  უნდა იცოდეს, რომ მშობელს სჯერა მისი, უყვარს ის და კონკრეტული საქციელის გამო ისჯება. როდესაც მშობელი ადეკვატურად სჯის, ბავშვი გრძნობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ღირებულია. 

შესაბამისად, როდესაც ჩვენ ბავშვობიდან გვაქვს საშუალება ვიყოთ მიღებულები, დანახულები, მოსმენილები, ბავშვობიდან აფასებენ ჩვენს ღირსებას და ვგრძნობთ, რომ ნებისმიერ დროს მაინც ღირებული ვართ და ჩვენს მიმართ სიყვარული სტაბილურია – დიდი ალბათობით ზრდასრულ ასაკში ვყალიბდებით ადამიანად, რომელსაც აქვს უნარი იყოს  ბედნიერი და შეიგრძნოს ბედნიერება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5