Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ის, რაც პროფესიონალების ენაზე – ბავშვებში ფსიქოლოგიურ მედეგობას ნიშნავს, მშობლების ენაზე – ყოჩაღ  ბავშვად ითარგმნება. ყველა მშობელს სურს გაზარდოს ფსიქოლოგიურად სტაბილური  და ძლიერი შვილი, რომელიც  საკუთარ თავში მოიძიებს პრობლემის გადაჭრის გზებსა და უნარებს და  სტრესულ სიტუაციებში  მასთან გამკლავების ხერხებიც ეცოდინება. კლინიკურ ფსიქოლოგს,   ი.ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის ქცევის თერაპევტს – კესო ჭურღულიას  ვთხოვეთ,  აეხსნა მშობლებისთვის, თუ  რა არის  ფსიქოლოგიური მედეგობა, რა ფორმებით ვლინდება ყოველდღიურობაში ეს თვისება  და როგორი გარემო განაპირობებს ბავშვებში მედეგი და მდგრადი ხასიათის  ჩამოყალიბებას.

გვესაუბრეთ ბავშვის მედეგობაზე. ფსიქოლოგიური  მდგრადობა როგორ გამოიხატება ბავშვებში და ზოგადად, როგორ განისაზღვრება? 

ზოგადი განსაზღვრებით თუ დავიწყებთ, ფსიქოლოგიური მედეგობა ან თუ გნებავთ სტაბილურობა, პირველ რიგში, დაკავშირებულია პიროვნული სტრუქტურების მომწიფებასთან, უზრუნველყოფს ადამიანის ადეკვატურ ურთიერთობასა და ადაპტაციას გარემოსთან, სხვა ადამიანებთან და, რაც მთავარია, გულისხმობს ცხოვრებისეულ სტრესორებთან, უარყოფითი ემოციების მომგვრელ სიტუაციებთან გამკლავების სტრატეგიების ქონას. ეს სტრატეგიები შეიძლება იყოს როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. თუ ეს სტრატეგიები წარმატებულია, ადამიანს უჩნდება კომპეტენტურობისა და გარემოზე კონტროლის განცდა. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ფსიქოლოგიური წარმონაქმნი, მედეგობა აერთიანებს სხვადასხვა უნარსა თუ მექანიზმს, რომელიც მზა, ჩამოყალიბებული და მომწიფებული სახით არ გვაქვს მოცემული და ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად იხვეწება. გარდა ამისა, იგი მოიცავს პიროვნების შემეცნებითი, ემოციური და ქცევითი გამოვლინებების რთულ კომბინაციას, რომელიც განუყოფელია ინდივიდუალური გამოცდილებისგან და გულისხმობს გარემოდან შემოსული ინფორმაციის გადამუშავებას, ინტერპრეტაციას და, გადაწყვეტილების მიღების შედეგად, შესაბამისი ქცევის განხორციელებას. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის ფსიქოლოგიურ მედეგობაზე, ისეთ ზოგად ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნერვული სისტემის განვითარება და ასაკობრივი თავისებურებები (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური), აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ინდივიდუალური და კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა აღზრდის სტილი, უახლოესი გარემოცვა, ვისთანაც ბავშვს უწევს კომუნიკაცია, თვითშეფასება, თვითცნობიერება, დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის ხარისხი, ემოციური კომპეტენტურობა და სხვა პიროვნული თავისებურებები. 

რა  ფაქტორები განაპირობებს ბავშვის მედეგობას და რაში უწყობს ხელს შემდგომ?

როგორც აღვნიშნე, ბავშვის მედეგობის განვითარება არ არის ერთ რომელიმე კონკრეტულ ფაქტორზე დამოკიდებული, თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოვყოფდი მშობლის/აღმზრდელის როლს, რომელიც ეხმარება ბავშვს პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების მოძიებაში. აქვე მინდა დავამატო, რომ რაც უფრო მრავალფეროვანი, მოქნილი და სიტუაციაზე მორგებულია პრობლემის გადაჭრის გზები, მით უფრო წარმატებით ხორციელდება ქცევა და იწვევს თვითკმაყოფილებისა თუ თვითეფექტურობის განცდას. თუმცა, არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული და არასწორი მოლოდინი, რომ ბავშვი ყველა შემთხვევაში წარმატებით გაუმკლავდება მის წინაშე არსებულ პრობლემებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მარცხისა და წარუმატებლობისგან დაზღვეული არავინ არის და არ არსებობს უნივერსალური ფორმულები, რომლებიც ყველა შემთხვევაში აგვარიდებდა უსიამოვნო მოვლენებთან პირისპირ აღმოჩენას. მშობლის მიზანი არ უნდა იყოს ბავშვისთვის ნეგატიური სტიმულების მუდმივად არიდება, არამედ მან უნდა შეამზადოს ის გასამკლავებლად და, წარუმატებლობის შემთხვევაში, დაეხმაროს ბავშვს ადეკვატური, მისაღები ემოციური თუ ქცევითი რეაქციების გამოხატვაში. აქედან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებდი ბავშვის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის ხარისხზე და ემოციურ კომპეტენციაზე, რომელთა განვითარება ხელს უწყობს ბავშვის თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას და იწვევს საკუთარ ძალებში დარწმუნების ზრდას.  ხსენებული უნარების განვითარებისთვის წინასასკოლო ასაკი არის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა მოიცავს ქცევათა ფართო სპექტრს, როგორებიცაა თვითმომსახურებისა და ყოველდღიური ჰიგიენის რუტინა თუ დამოუკიდებლად აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. რაც შეეხება ემოციურ კომპეტენტურობას, იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ემოციურ ინტელექტთან და გულისხმობს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის, მართვისა და ურთიერთობების დარეგულირების უნარებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ბავშვს დავეხმაროთ სიტუაციის სწორად აღქმაში, ვასწავლოთ, რომ სხვა ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ და მოქმედებენ (ზოგჯერ ჩვენი მოლოდინების საწინააღმდეგოდაც), რომ უარყოფითი ემოციების ქონა ბუნებრივია და მათი მართვა შესაძლებელია თვითრეგულაციის სტრატეგიების გამოყენებით. ეს ბავშვს ეხმარება სხვისი პერსპექტივის გათვალისწინებაში და იმედგამაცრუებელი მოვლენებისადმი ნაკლებ მოწყვლადობას განაპირობებს. 

როგორი გარემო უწყობს ხელს ფსიქოლოგიური მედეგობის  ფორმირებას და როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ უნარის განვითარებაში? 

უპირველეს ყოვლისა, გარემო უნდა იყოს მხარდამჭერი, წამახალისებელი და ბავშვის სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ბავშვი უნიკალურია შესაძლებლობებითა და განვითარების პოტენციალით. ამიტომ, უმჯობესია, თუ თავს ავარიდებთ მისთვის ზედმეტად რთული და შეუსაბამო მიზნების დასახვას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება. არასოდეს დაეხმაროთ ბავშვს დავალების შესრულებაში, თუკი მას ჰგონია, რომ თავადაც წარმატებით გაართმევს თავს, რადგან როდესაც ნებას ვრთავთ, განახორციელოს კონკრეტული აქტივობები თავისით, ის ხდება მეტად თავდაჯერებული, იზრდება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების ხარისხი და უყალიბდება პოზიტიური თვითშეფასება. აუცილებლად აღნიშნეთ ბავშვის მიღწევები და შეაქეთ მისი მცდელობები წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, რადგან ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ უფროსები მას პატივს სცემენ მარცხის მიუხედავად. დაეხმარეთ აქტივობების დაგეგმვაში და მასთან ერთად განიხილეთ დავალების შესრულებისა თუ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები. ნუ გააკეთებთ ყველაფერს მის ნაცვლად – ეს, ხშირ შემთხვევაში, გამართლებულია ზრუნვის მოტივით და, შესაძლოა, დასწავლილი უსუსურობისა და მოზრდილობაში არაკომპეტენტურობის შეგრძნების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდეს. რაც შეეხება ემოციებს, მიეცით მათი სახელდებისა და გამოხატვის საშუალება და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ემოცია, თუნდაც ბრაზი, ბუნებრივი და მისაღებია, განსხვავდება მხოლოდ მათი გამოხატვის ფორმები, ინტენსივობა და კონტექსტთან შესაბამისობა. საუკეთესო შემთხვევაში კი, თავად იყავით ფსიქოლოგიურად მედეგი ადამიანის მაგალითი, რადგან ბავშვებს სჩვევიათ უფროსების ქცევის მოდელად გამოყენება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5