Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება სუპერვიზირებული პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი თეონა ნაჭყებია. 

ალბათ, არ არსებობს ისეთი ოჯახი, სადაც ერთხელ მაინც არ მომხდარა კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის. გვესაუბრეთ, როგორ მოქმედებს მშობლებს შორის მიმდინარე   კონფლიქტი ბავშვის განვითარებაზე? 

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის საკმაოდ აქტუალური და მწვავე პრობლემის წამოჭრისთვის. პანდემიისა და იზოლაციის პირობებში საგრძნობლად მოიმატა ოჯახური კონფლიქტების მაჩვენებლებმა, რაც არა მხოლოდ მშობლების ემოციურად რთულ მდგომარეობაზე მიგვითითებს, არამედ ჩაგვაფიქრებს ბავშვების ცხოვრებაზეც, მათ განცდებსა და ტკივილზე, აწმყოსა და მომავალზე. ოჯახი არის ის მნიშვნელოვანი გარემო, ფონი, სადაც ადამიანის ცხოვრების საწყის და უმნიშვნელოვანეს პერიოდში, რომელსაც ბავშვობის ხანას ვუწოდებთ, მიმდინარეობს ჩამოყალიბებისა და ზრდა-განვითარების ეტაპები. ეს პროცესი არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკური და კოგნიტური განვითარების ასაკობრივ ფაზებს, ამ ველში ყალიბდება ფსიქო-ემოციური, ქცევითი პატერნები. ადამიანი, როგორც სოციალური არსება, სამყაროში ორიენტირებისათვის იძენს  მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. ოჯახი გახლავთ ფუნდამენტი, სადაც ბავშვის პიროვნებად ქცევას ეყრება საფუძველი. ის, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება, რამდენად მოახერხებს უკვე ზრდასრულ ასაკში თვითრეალიზებასა და თვითაქტუალიზაციას სოციალურ გარემოში, დიდწილად ეფუძნება ოჯახს, იქ არსებულ ურთიერთობის ფორმებს, ტრადიციებს და მთლიანობაში, ოჯახურ კულტურასა და ფასეულობებს.

როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი ბავშვის ყოლას გადაწყვეტს, მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და მშობლობის ფსიქოლოგიური სირთულეები. ოჯახური ფონი და მოდელი, რომელსაც ქმნიან მშობლები, უნდა იყოს გაჯერებული ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და მიმღებლობით, მათ უნდა იზრუნონ, რომ ბავშვებს შეუქმნან უსაფრთხო და სიყვარულით აღსავსე გარემო.

რა არის კონფლიქტი და რის გამო ჩნდება ის ადამიანებს შორის? 

კონფლიქტი გახლავთ უთანხმოება მხარეებს შორის, რომელიც წარმოიქმნება შეხედულებების, მოთხოვნილებებისა და ფასეულობების არათანხვედრისა და მკვეთრი განსხვავებულობის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ოჯახში კონფლიქტები ხდება და აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ის ურთიერთობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაც კი არის. უთანხმოებების მშვიდი, გაწონასწორებული ფორმით მოგვარების შემთხვევაში ოჯახის წევრები, და მათ შორის ბავშვებიც საკმაოდ ფასეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენენ.

მინდა გამოვყო ოჯახური კონფლიქტის განვითარების ორი ფორმა, რომელიც კონსტრუქციული და დესტრუქციული ემოციურ-ქცევითი გამოვლინებებით ხასიათდება. 

დესტრუქციულია კონფლიქტის ფორმა, რომელიც მიმდინარეობს ბავშვის თანდასწრებით, სადაც მშობლები პასუხისმგებლობას არ (ან ვერ) იღებენ საკუთარ ემოციებსა და ქცევებზე, სადაც მაღალია ძალადობის, ურთიერთაგრესიის, ერთმანეთის დადანაშაულების, დამცირებისა და უპატივცემულობის გამოვლენის ხარისხი. 

რა ემართება ბავშვს ოჯახში არსებული კონფლიქტის დროს? 

პირველ რიგში, მისთვის იკარგება ოჯახის მთლიანობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი განცდა, ირყევა მშობლების, როგორც საყრდენის ფუნქციები. ამ დროს, ბავშვი შეშინებული და სევდიანია, ის მარტოდ და არასასურველად გრძნობს თავს, და მას დამოუკიდებლად უწევს რთულ ემოციებთან გამკლავება. ფსიქიკური ენერგია ხმარდება არა ზრდა-განვითარებას, არამედ ის იხარჯება შინაგან განცდებთან გასამკლავებლად. მშობლებს, უნდათ თუ არ უნდათ, ბავშვი მაინც ხდება კონფლიქტის თანამონაწილე. ის ხედავს, ისმენს, განიცდის და გრძნობს. პატარები ცდილობენ იყვნენ სამართლიანები, დაადგინონ მშობლებს შორის ვინ არის მართალი. ეს სახიფათო ტენდენციაა, ვინაიდან პატარას ცნობიერებაში მშობლების, დედისა და მამის მთლიანობა იხლიჩება. ბავშვი იძულებულია გახდეს მხარე და მისი სიყვარული აღარ ეკუთვნის მთლიანად მშობლებს, არამედ განცალკევებულად, დედას ან მამას.

არის თუ არა რისკი, ბავშვობაში მიღებული ეს ტრავმული გამოცდილება, მომავალში  მან გაიმეოროს  საკუთარ პარტნიორთან?

ბავშვები მშობლების მაგალითზე სწავლობენ. ასეთი კონფლიქტების არსებობის შემთხევაში საფრთხე ექმნება ბავშვის აწმყოსა და მომავალს. აწმყო, რომელიც გაჯერებულია წარსულის ძალიან ცუდი გამოცდილებით მშობლების ურთიერთობის სახით,  მომავალში ზეგავლენას იქონიებს მის სამომავლო ურთიერთობებსა და ოჯახის მოდელზე, სადაც მას, როგორც მეუღლესა და მშობელს არ ეცოდინება კონფლიქტის მშვიდი, კონსტრუქციული  მოგვარების გზები. 

რას გრძნობს ბავშვი, როდესაც მის ოჯახში მუდმივად იგრძნობა დაძაბული და არასასიამოვნო ატმოსფერო. რა გავლენას ახდენს მასზე ეს ყველაფერი ? 

ხაზი მინდა გავუსვა დესტრუქციული კონფლიქტის კიდევ ერთ ძალიან სახიფათო ფორმას „ჩუმი უთანხმოება“,  რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ ემოციურ დაძაბულობას მშობლებს შორის, და მეორეს მხრივ ქცევის სახით ამბივალენტურ, ვითომ „მშვიდობიან“ ურთიერთობას. ამ დროს, ოჯახის წევრები ერთმანეთთან ემოციურად კონფლიქტში იმყოფებიან, ისინი ცდილობენ ბავშვს დაუმალონ განცდები, შენიღბონ, მიჩქმალონ დაძაბულობა, ოჯახში „მშვიდი“ და „ჰარმონიული“ გარემო შექმნან. ისინი ფიქრობენ, რომ ამით დაიცავენ ბავშვებს. მთავარი აქ არის არა კონფლიქტის ფაქტი, არამედ როგორ აღიქვამს, აფასებს ბავშვი კონფლიქტის ფორმას, მიზეზებსა და შედეგებს.  ყველაზე საგანგაშო მისთვის არის ის ეჭვი, რომელიც ოჯახის დანგრევას, სახლიდან რომელიმე მშობლის წასვლას უკავშირდება.

ბავშვები მშობლების კონფლიქტის სიტუაციაში სხვადასხვაგვარად იქცევიან, მათ შესაძლოა „შემრიგებლის“ როლი გაითავისონ და იმოქმედონ, როგორც კონფლიქტის შემაფერხებლებმა, ცნობიერად ან გაუცნობიერებლად შეეცადონ დედ-მამის შერიგებას, ან სხვადასხვა გზით მოახდინონ მათი ყურადღების გადატანა მაგალითად, ქცევის შეცვლით. მშობლებს შორის კონფლიქტზე რეაქცია შეიძლება მათგან დისტანცირებით, საკუთარ თავში ჩაკეტილობით, გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობით გამოიხატოს. მშობლების კონფლიქტზე ბავშვის ემოციური რეზონანსი  ხშირად ვლინდება  კვებით დარღვევაში, ასოციალურ ქცევასა და თანატოლებთან დაძაბულ ურთიერთობაში, სწავლის ხარისხის გაუარესებასა და ხშირ ავადმყოფობაში. ყოველივე ზემოთთქმული გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ სამომავლოდ, უკვე ზრდასრულ ასაკში, პარტნიორთან ურთიერთობაში კონფლიქტების დაძლევის და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისთვის საჭირო უნარების დეფიციტი გამოვლინდება.

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ასეთ დროს, თუ მშობელი აცნობიერებს სიტუაციის სიმძიმეს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს ოჯახი, სადაც კონფლიქტი არ ხდება, როგორ შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები ბავშვისთვის სასარგებლო ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცეს? პირველ რიგში, ეს შესაძლებელი გახდება მშობლების მაგალითის საფუძველზე, სადაც ბავშვი დაინახავს და ისწავლის თუ როგორია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, კონსტრუქციული ფორმა, სადაც მშობლებს  შორის შესაძლოა იყოს უთანხმოება, სხვადასხვა აზრი და ამავდროულად, მათ ქონდეთ მშვიდობიანი დიალოგის წარმართვის უნარი და ურთიერთპატივისცემა. 

მშობელებს აუცილებელია ჰქონდეთ ცოდნა, თუ როგორ უნდა აუხსნან პატარას კონფლიქტის მიზეზი მისთვის გასაგებ ენაზე, განუმარტონ ბავშვს რა ხდება უფროსებს შორის, როგორ გადაწყვიტეს მათ, დედამ და მამამ ეს პრობლემა.  პატარამ, მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ არაფერი შეცვლილა – რომ დედას და მამას ისევ უყვართ ერთმანეთი და მისი ოჯახი კვლავ მთლიანი, ერთიანია და ყველა წევრი დაცულია. ზრდასრულებმა მეტად გამოხატონ ზრუნვა თავიანთ პიროვნულ განვითარებაზე, დაიცვან და გაუფრთხილდნენ ოჯახის ეკოლოგიას. ხშირი უთანხმოების, პრობლემებისა და კონფლიქტების დაძლევის არცოდნის შემთხევევაში მიმართონ სპეციალისტს, რომ ბავშვებს თავიდან ააცილონ ის ძალიან მძიმე და ღრმა ტრავმული გამოცდილება, რომელიც მშობლების მწვავე, დესტრუქციულ  კონფლიქტში თანამონაწილეობის საფუძველზე წარმოიქმნება. 

მშობლებს, როგორც ფსიქოთერაპევტი ვუსურვებდი, რომ ბავშვებთან მიმართებაში გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე, აიმაღლონ ფსიქოლოგიურ განათლება, ისწავლონ ურთიერთობების „შენება“, სიყვარულის „მოვლა“ საკუთარი და შვილების ბედნიერებისათვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5