Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით შეიმუშავა რეკომენდაციები. რეგულაციები შემუშავებულია როგორც სკოლისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. სასკოლო ოთახში მაგიდები უნდა განლაგდეს ისე, რომ თუ ბავშვები ისხდებიან ერთმანეთის პირისპირ, მათ შორის დისტანცია არანაკლებ 2 მეტრი იყოს, ხოლო, სხვა შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრი. გაკვეთილის დროს, მასწავლებელს პირბადე სჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

მოსწავლეებმა უნდა დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში, ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ან კვების წინ. თუ ვერ ხერხდება დაბანა, მათ შეუძლიათ სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, თუმცა ეს არ არის მიზანშეწონილი კვების წინ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ხელების თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხება, რეკომენდებულია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება. დახველებისა და ცემინების დროს მოსწავლეებმა უნდა მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს მიმართოს ექიმს. რესპირატორული სიმპტომების ან ცხელების შემთხვევაში მას მოარაგებენ პირბადეს და გადაიყვანენ საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. როდესაც ბავშვები დაბრუნდებიან სკოლებსა და ბაღებში, ისინი წააწყდებიან ახალ წესებს, რომლებიც საჭიროა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. უსაფრთხოების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბავშვებს დრო დასჭირდებათ მათ გასათავისებლად.

სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება, შეაჩვიეთ ბავშვები მეგობრების მისალმებებს შეხების გარეშე და ხელების ხშირად დაბანას.  მოუყევით მათ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ცვლილებების შესახებ და გაამხნევეთ ემოციურად.

ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, შეაჩვიოთ ბავშვები ამ ცვლილებებს:

დაელაპარაკეთ ცვლილებების შესახებ

მოშორებით ჯდომა, პატარა ჯგუფებში თამაში და დროის უმეტესი ნაწილის გატარება ღია ცის ქვეშ – დაელაპარაკეთ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრატორს, რა კონკრეტული ცვლილებებია დაგეგმილი მათ სკოლაში ან ბაღში და შემდეგ გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ბავშვს. აუხსენით, რომ ყველა ერთად მუშაობს, რათა ჯანმრთელად და დაცულად ვიყოთ. 

ბავშვებს, ბუნებრივია, სურთ  მეგობრებთან ჩახუტება. ამიტომ, ფიზიკური კონტაქტისგან თავის არიდება მათთვის შეიძლება რთული იყოს. ასწავლეთ მათ შეხების გარეშე მისალმების გზები, მაგალითად ხელის აწევა, თვალის ჩაკვრა ან ჰაეროვანი კოცნის გაგზავნა.

დაელაპარაკეთ ჰიგიენის შესახებ

მოუყევით ხელების სწორად და ხშირად დაბანის აუცილებლობაზე. სთხოვეთ, ნაკლებად გაუზიარონ საკუთარი ნივთები სხვებს (აუხსენით, რატომ არის ეს საჭირო).

პანდემიის დროს ცხოვრება რთულია. თქვენი შვილი შეიძლება იყოს გაღიზიანებული, მოწყენილი, ბედნიერი, მხიარული. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ემოცია მისაღებია. წაახალისეთ ბავშვი, დაუკვირდეს საკუთარ განცდებს და გაგიზიაროთ ისინი. შესაძლოა,  ამდენი ხნის დაშორების შემდეგ მას არ უნდოდეს სკოლაში ან ბაღში წასვლა. შეახსენეთ, რომ იქ მონატრებული მეგობრები და მასწავლებლები ელოდებიან.

წყარო: https://www.babycenter.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5