Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იმატებს ბავშვებში საზაფხულო ინფექციური დაავადებები: ნაწლავების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რომლებსაც ხშირად ჰიგიენის  უგულებელყოფა იწვევს, რაც ასევე გამოწვეულია წელიწადის თბილ დროს მავნე მიკროორგანიზმების სწრაფად გამრავლებით. რომელია  საშიში სიმპტომები ნაწლავური ინფექციების  დროს, როდის მივმართოთ ექიმს და როდის არის საჭირო გადასხმების გაკეთება? – გვპასუხობს ინფექციონისტი და კლინიკა “ნეო-ლაბის” დირექტორი მაია ბუწაშვილი.

გვესაუბრეთ საზაფხულო ინფექციების შესახებ, რომლებიც ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება…

ზაფხულში ძირითადად ბავშვებს ემართებათ დიარეული დაავადებები, რომელსაც არასწორად ენტეროვირუსულ ინფექციებსაც უწოდებენ, რაც გაუმართლებელია. ენტეროვირუსები სულ სხვა ჯგუფის ინფექციებია და სრულიად განსხვავებული კლინიკური სურათი ახასიათებს. ხოლო კონკრეტულად ეს ჯგუფი – დიარეით (ფაღარათით) მიმდინარე დაავადებები –  იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას, რასაც ზოგჯერ თან შეიძლება ერთოდეს ღებინება და ტემპერატურის მომატება ან არ ერთვოდეს ეს სიმპტომები. დიარეული დაავადებები ხშირად კურორტებზე იჩენს თავს  და  რამდენიმე მიზეზია ამ ინფექციების გავრცელების: რაც უფრო მჭიდროდ იყრის თავს ხალხი სხვადასხვა შენობებში, რესტორნებში, მეტია ინფექციის გავრცელება  და ასევე ერთ-ერთი მიზეზია,   ჰიგიენის არასათანადოდ დაცვა. ინფექციის გავრცელება  ჭურჭლით შეიძლება მოხდეს,  საპნით, ასევე  თუ საკვები არ არის ბოლომდე კარგად დამუშავებული და მოხარშული შესაბამის ტემპერატურაზე, ან რესტორანს არ აქვს ავტომატიზებული ჭურჭლის რეცხვის სისტემა, რომლის დროსაც მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება ჭურჭელი. თუ არ არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ხელით რეცხავენ და ბოლომდე კარგად არ ხდება ჭურჭლის დამუშავება, ასეთ დროს  ერთი დაინფიცირებული ადამიანიდან შეიძლება გავრცელდეს ინფექცია. 

ხშირად ამ ინფექციების გავრცელებას ზღვასაც უკავშირებენ. ამაზე რას გვეტყვით?

ფაღარათით მიმდინარე დაავადებებს და ინფექციების  გავრცელებას ნამდვილად  აბრალებენ ზღვის წყალს, რაც ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ზღვის წყალში ბაქტერიები იმდენად არ მრავლდება, რომ ამ მხრივ ბევრი ადამიანის დაინფიცირება ვივარაუდოთ. ძირითადად, ეს ხდება ერთად თავმოყრილი ადამიანების მიერ ერთმანეთზე ინფექციის გადაცემით. არანაკლებ ვრცელდება და არანაკლები სიხშირით გვხდება  დიარეული ინფექციები ბაკურიანში, სურამში და სხვა სამთო კურორტებზე.  ზღვის კურორტებზე უფრო პირობითია ამის დაკავშირება და აქცენტის ასე გაკეთება. 

როდის არის საჭირო გადასხმების გაკეთება ბავშვისთვის?

გადასხმებს ჩვენთან უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ეს საჭიროა. გადასხმის ჩვენებაა, როდესაც ღებინებაა შეუპოვარი და ბავშვი უფრო მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, ან ფაღარათი აქვს ისეთი, რომ ვერ ასწრებს სითხით შევსებას, აქვს გაძნელებული  ყლაპვა. თუ ჩვეულებრივ, ბავშვი ადეკვატურად იღებს სითხეს, მაშინ გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმის ერთადერთი იდეა არის დაკარგული სითხის შევსება. 

როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და რა არის საშიში სიმპტომები დიარეის დროს?

დიარეული დაავადებების დროს საშიში ნიშნები, როდესაც მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს არის: სისხლიანი განავალი, ასევე პირნაღებ მასებში შერეული სისხლი, მაღალი ტემპერატურა, ბავშვის საერთო სისუსტე და მივარდნილობა, საკვებზე უარის თქმა, გამონაყარი, შარდვის შემცირება – ეს ნიშნებია, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. თუ მსუბუქი სიტუაციაა და ფაღარათი არ არის ძალიან  შეუპოვარი, რამდენჯერმე შეთხელებული განავლით არის და არ ახლავს სიცხე, მაშინ სახლის პირობებშიც შეიძლება შევავსოთ ბავშვის ორგანიზმი სითხით და მალე გაუაროს. რაც შეეხება ჩვილებს, დიარეით მიმდინარე დაავადების დროს უმჯობესია სასწრაფოდ მიმართონ პედიატრს, რადგან მშობლისგან რთული იქნება  ჩვილის მდგომარეობის შეფასება.

რა რეკომენდაციას მისცემთ  საზაფხულოდ ინფექციების პრევენციისთვის?

რესტორნების და სასტუმროების ქსელებმა თავიანთი კლიენტების ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ და მაქსიმალურად და ზედმიწევნით უნდა დაიცვან ყველა წესი, არ დაარღვიონ პროდუქტების შენახვის ცივი ჯაჭვი, გააკეთონ ნარჩენი საკვების განადგურება და არ გამოიყენონ საშიში საკვები, ასევე შექმნან ჭურჭლის სარეცხი ავტომატური სარეცხები. მშობლებმა ბავშვებს ზედმიწევნით უნდა ვუმეოროთ ხელის დაბანის აუცილებლობაზე და გადავაჩვიოთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა პირში ხელის ჩადება. როდესაც ბავშვი ქუჩაში, ან ეზოში თამაშობს და ხელის დაბანის საშუალება არ არის , სულ ვიქონიოთ სადეზინფექციო საშუალებები და სველი ხელსახოცები. ეს რეკომენდაციები  კორონავირუსის ეპოქაშიც აქტუალურია და საერთოდ, ყოველთვის აქტუალური იყო  დიარეით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისათვის. და კიდევ ერთი, მშობლებს აქვთ ამოჩემებული, რომ ზაფხულში ბავშვი აუცილებლად რომელიმე კურორტზე უნდა წაიყვანონ, კონკრეტულ ტყეში და ა.შ მთავარია  სუფთა ჰაერი იყოს და გამონაბოლქვი არ იყოს. არ არის აუცილებელი რომელიმე სპეციფიკურ კურორტზე  ბავშვის წაყვანა, თუ ოჯახს  აქვს სოფელი, სადაც სუფთა ჰაერია და არ არის დაბინძურებული გარემო. შეიძლება პირიქით ნაკლებად სახიფათოც კი იყოს, ვიდრე მჭიდრო კურორტები.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5