Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნეონატოლოგი და პედიატრი, თსსუ-ს კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მოწვეული პედაგოგი ლიკა ოტიაშვილი “დედამიცის” ესაუბრება ძუძუთი კვების პროცესის დაწყების და მართვის შესახებ.

როდის იწყება რძის ჩადგომის პროცესი?

ხსენის ფორმირება ხდება ორსულობის ბოლო თვეებში, პროლაქტინისა და ოქსიტოცინის მატების გამო, ქალის მკერდში უკვე არის გარკვეული რაოდენობის ხსენი. პროცესი, ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ბავშვი დაიბადება. არაორსულ ქალთანაც კი შეიძლება დადგეს ლაქტაცია, თუ განვახორციელებთ ძუძუს ხშირ და რეგულარულ გამოწველას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, როდესაც არ არის ფორმირებული საკმარისი ხსენი,  ამას დიდი გავლენა არ აქვს ლაქტაციის პროცესზე; რძე ყველა შემთხვევაში იქნება, მთავარია ჩვენ ტექნიკურად სწორად განვახორციელოთ ის მანიპულაციები, რაზეც დამოკიდებულია საკმარისი რაოდენობის რძის არსებობა. 

როგორ შეიძლება დედამ ხელი შეუწყოს  რძის წარმოქმნას?

ლაქტაციის ერთადერთი მასტიმულირებელი არის სწორი და ხშირი წოვება. სწორი წოვება ნიშნავს იმას, რომ ერთი ძუძუ წოვების პროცესში ბოლომდე უნდა დაიცალოს, სწორად უნდა იყოს ძუძუსთავი ჩადებული, სწორად უნდა იწვეს ახალშობილი და მეორე, უნდა ვაჭამოთ მოთხოვნილებისამებრ, ანუ ვაჭამოთ ყოველთვის, როდესაც ახალშობილი ტირის. ის ძირითადად ტირის იმის გამო (თუ ის გამოცვლილია ან რაიმე არ სტკივა), რომ მას შია და ამიტომ, მას უნდა ვაჭამოთ ყოველთვის, როცა ის იტირებს და როცა აქვს ამის მოთხოვნილება, რაც თავის არსში გამორიცხავს საწოვარას (მატყუარას) გამოყენებას. მისი ორჯერ დღეში 10 წუთით გამოყენება 1 კვირაში მკვეთრად ამცირებს ლაქტაციას და ახალშობილი წყვეტს წონაში მატებას.

დაბადებიდან რამდენ საათში უნდა მოწოვოს ახალშობილმა ძუძუ. არის ეს საკითხი განსაზღვრული და მნიშვნელოვანი?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს. პირველ კვებაში იგულისხმება ის, რომ პირველ 24 საათში ახალშობილმა  უნდა მოწოვოს დაბადებიდან  ნახევარი საათიდან საათნახევრამდე, რადგან ახალშობილს ამ პერიოდში აქვს აქტიური და გაძლიერებული წოვის ინსტინქტი. ჯანმრთელი, დროული ახალშობილი თვითონ მიცოცავს ძუძუსთან, თვითონ პოულობს ძუძუსთავს და  იწყებს აქტიურ წოვას. საათნახევრის შემდგომ მისი წოვის ინსტინქტი ძალიან ქვეითდება და პირველი 24 საათის განმავლობაში ის პრაქტიკულად აღარ ითხოვს ძუძუს, ან  ძალიან იშვიათად შეიძლება მოწოვოს და ძირითადად სძინავს, აძლევს დედას საშუალებას ძალები აღიდგინოს მშობიარობის შემდგომ და მოემზადოს მომდევნო 2 დღისთვის, რომელიც განუწყვეტელი წოვის ფაზას წარმოადგენს. რძის მოყვანის პერიოდი არის მეორე, მესამე დღე, უფრო შემდგომი 36 საათი. ხოლო თუ დედა ნაკეისრალია, რძის მოყვანას უფრო მეტი დრო სჭირდება. ორდღენახევარი – აქტიური, თითქმის განუწყვეტელი წოვა, დღე და აუცილებლად ღამეც, იმისათვის რომ საკმარისი რძე გამომუშავდეს.  დღენახევრის განმავლობაში ახალშობილი ძუძუს წოვს განუწყვეტლივ, ეს არის ყველაზე რთული პერიოდი დედისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რძის მოსაყვანად. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს ჩადების სწორი ტექნიკა, რათა განუწყვეტელი წოვისას არ დაზიანდეს ძუძუსთავები, სწორი პოზიცია, ძუძუს მონაცვლეობა ყოველ 20 წუთში, ძუძუს გამოღება პირის გაღების შემდეგ.

ახალშობილი  24 საათის განმავლობაში რამდენჯერ უნდა იკვებოს?

ახალშობილი დღე-ღამეში უნდა იკვებოს 8 -12-ჯერ. ჯანმრთელი ახალშობილი თვითონ ითხოვს ასეთი რაოდენობით კვებას, მაგრამ თუ არ ითხოვს, ჩვენ უნდა შევაღვიძოთ და ისე ვკვებოთ.  თუ ახალშობილი ამ ჯერადობით მაინც არ მოწოვს დღე-ღამეში, ეს იმის ნიშანია, რომ მას რაღაც პრობლემა აქვს, მაგალითად  წონის პათოლოგიური კლება, ინფექცია, ნევროლოგიური დარღვევები, ჰიპოგლიკემია, თერმოლაბილობა, სუნთქვის გაძნელება…

რამდენად მოქმედებს დედის განწყობა და მოტივაცია რძის წარმოქმნაზე?

ორსულობის  პერიოდის  განმავლობაში დედა კარგად უნდა იყოს მომზადებული ფსიქოლოგიურად ლაქტაციის წარმართვისთვის. პირველ 24 საათში, როცა ბავშვს სძინავს, თვითონაც  უნდა გამოიძინოს და დაისვენოს, რომ მშობიარობის შემდგომი სტრესი  მოეხსნას. ამის შემდგომ, მას შეუძლია განუწყვეტლივ აწოვოს ახალშობილს, რომ დროულად და  საკმარისი რაოდენობით გამომუშავდეს რძე, რათა, ლაქტაციის დაგვიანების გამო, ბავშვმა არ დაიკლოს და კლების გამო, არ შეუსუსტდეს წოვის ინსტიქტი და ძალა. ეს დღენახევარი დედამ უნდა შეძლოს და ყოველ 20 წუთში ერთხელ ცვალოს ძუძუ. ეს პროცესი საკმაოდ დამღლელია, მცირედ სტრესულიც არის უძილობის გამო, მაგრამ როცა დედამ იცის რომ დღენახევრის მერე დედას ექნება უამრავი რძე, არ არის ძნელი ამის გადატანა. და დღენახევარში იწყება ლაქტაცია და მოდის ბევრი რძე და  ბევრი რძე განაპირობებს იმას, რომ ამ პერიოდში ახალშობილი წოვს 5-10 წუთი და სამი-ოთხი საათი ძინავს და დედას აქვს დასვენების საშუალება. დღენახევრის შემდეგ  ხდება მოთხოვნილება-წოვის ბალანსის დამყარება, ანუ რამდენსაც უნდა იმდენს წოვს და გამოიმუშავებს დედა იმდენ რძეს, რაც საჭიროა მისი იმ დღის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. უნდა გავითვალისწინოთ , რომ მე-3-4 დღეს –  ხშირად დედას მკერდი აქვს  მტკივნეული, შეშუპებული, ძალიან დაჭიმული, მძიმე, აქვს სუფებრილური ტემპერატურა, რაც ასევე ძალიან ნორმალურია და არ საჭიროებს ჩარევას. ამ დროს იწყება პანიკა, დედას ეუბნებიან რომ მას აქვს მასტიტი, აქვს ძალიან დაჭიმული მკერდი და იწყება მკერდის მასაჟი, რაც არის ძალიან დიდი დანაშაული, რადგან ამ დროს მკერდზე თითის დაკარება და ხელის შეხება არ შეიძლება. ამ დროს სადინარები ძალიან შეშუპებულია და  ხდება მკერდის ტრავმირება.  მასტიტი, მასტოპათიები და უამრავი შემდგომი გართულებები, რომელმაც ქალი შეიძლება მიიყვანოს მკერდის უფრო სარიოზულ დაავადებებთან, ხშირად არის მესამე-მეოთხე დღეს ჩატარებული არასწორი მანიპულაციების შედეგი.

როგორ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა პატარას დედის რძე?

არსებობს ამის რამდენიმე ზუსტი მარკერი: საკმარისი (8 ჯერ და მეტჯერ დღე-ღამეში) დიურეზი (მოშარდვა), ხუთჯერ დეფეკაცია დღე-ღამეში და ყველაზე ზუსტი მარკერი არის ერთსა და იმავე დროს შიშველი ახალშობილის აწონვა (და არა ჭამის წინ და ჭამის შემდეგ) და  თუ მინიმუმ 20-25 გრამის ნამატი აქვს წონაში ყოველდღიურად, ეს ნიშნავს რომ მისთვის დედის რძე საკმარისია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5