იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი “დედამიცის” ესაუბრება ახალშობილის მოვლის მეთოდებზე.
სად უნდა ეძინოს ახალშობილს? როგორი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა და რა პოზაში უნდა დაიძინოს მან?
ახალშობილი მშობლების ოთახში უნდა იყოს, მაგრამ აუცილებელია მას ჰქონდეს თავისი საწოლი. საწოლის შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოდ იყოს ახალშობილი. უმჯობესია, მშობლებმა შეარჩიონ ხის საწოლი, რომელსაც სხადასხვა დონეზე ექნება ლეიბის დასამაგრებელი; თავიდან ზემოთ იქნება ამოწეული, სანამ ბავშვი აქტიურად არ მოძრაობს, შემდეგ ქვემოთ ჩასწევენ; ხარიხებს შორის უნდა იყოს პატარა მანძილი, რომ თავი არ გაეჭედოს, შემთხვევითი მოძრაობის შემდგომ. ძალიან მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა. პირველი ერთი თვის განმავლობაში ყველა ახალშობილს პრობლემა აქვს ტემპერატურის კონტროლთან დაკავშირებით, ამიტომ ისინი არ უნდა გადაგვიცივდნენ. ტემპერატურა ახალშობილთან ოთახში სასურველია იყოს 21-22 გრადუსი, მაგრამ თუ გავხდით მას სხვადასხვა მანიპულაციის დროს, უმჯობესია ოდნავ მაღალი იყოს ტემპერატურა, მაგალითად 23 გრადუსის ფარგლებში. თუ დღენაკლული გაჩნდა ახალშობილი, ცოტა უფრო მეტხანს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა ტემპერატურის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შემდეგ ასაკში ოთახის რეკომენდებული ტემპერატურაა 19-21 გრადუსი.
მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ უსაფრთხო პოზიციად ითვლება ზურგზე წოლის პოზიცია, ძილის დროს მუცელზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაწვინოთ ბავშვი, არც გვერდზე წოლა არის სასურველი. არსებობს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელიც ბევრ სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება და ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია მუცელზე და გვერდზე წოლა. თუ მშობელს ეშინია, რომ თავის ფორმის ცვლილება მოხდება, იყიდება რგოლის ფორმის ბალიშები და ის შეიძლება გამოიყენოს, რომ ახალშობილს კეფის მიდამო არ გაუბრტყელდეს. ასევე , მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ზედმეტი სითბოც არ სჭირდება ბავშვს, განსაკუთრებით ღამის საათებში და ამიტომ, ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი.
არის თუ არა საჭირო ახალშობილისთვის ხელთათმანი, როდესაც ის ოთახშია?
თავიდან, 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლებელია ეკეთოს ხელთათმანი, რომ ხელი თბილად ჰქონდეს, მითუმეტეს თუ ტემპერატურის დარეგულირება უჭირს ბავშვს ან დღენაკლულია. მაგრამ, შემდეგ აუცილებლად უნდა მოვხსნათ, რადგან მან შეძლოს ხელით შეეხოს საგნებს, მშობლებს, (მათ შეხებითი მგრძნობელობა ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული). ასევე ორი თვის ასაკისთვის ბავშვები აღმოაჩენენ თავის ხელებს და ბავშვის პირველი სათამაშო სწორედ მისი ხელებია, ამიტომ მან ხელები უნდა დაინახოს და შეიცნოს.
რა პროცედურები სჭირდება ახალშობილს?
ახალშობილის გაღვიძებისას მას უნდა გაუწმინდონ თბილი წყლით სახე, აუცილებლად უნდა დაუმუშაონ ნაოჭები კისერთან, იღლიაში და საზარდულის არეში, რომელიც უნდა გაიწმინდოს ბავშვის ზეთით. დაბანა ძირითადად საღამოს საათებში ხდება, რადგან დღის საათებში შეიძლება გარეთ გავიყვანოთ. პირველი სამი კვირა, ზამთრის პერიოდში გარეთ გაყვანა რეკომენდირებული არ არის, რადგან ახალშობილს ტემპერატურის დარეგულირება უჭირს, შემდგომ შესაძლებელია ცოტა ხნით გავიყვანოთ – თავიდან 5-10 წუთი და შემდეგ თანდათან გავზარდოთ დრო.
ახალშობილის ჩაბანა ყველა დეფეკაციის შემდეგ უნდა მოხდეს. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ გოგონა უნდა ჩაბანოს წინიდან უკანა მიმართულებით, რადგან განავლის ნაწილაკები არ მოხვდეს საშარდე სისტემასთან და არ განვითარდეს ინფექცია. ბიჭებში კი არ აქვს მნიშვნელობა.
პამპერსის შიგნით ისეთი კრემი უნდა გამოიყენონ, რომელსაც აწერია, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება საფენის შიგნით. ჩვეულებრივი მალამოს ან კრემის გამოყენებამ შესაძლოა საზარდულის მიდამოში დაზიანება გამოიწვიოს.
სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყოველდღე უნდა ვაბანაოთ, წყლის ტემპერატურა 37-37,5 გრადუსი უნდა იყოს, არ არის საჭირო საპნის ყოველდღე გამოყენება. აბაზანის ხანგრძლივობა თანდათან იზრდება და 5-10 წუთს შეადგენს.
როგორ ხდება ჭიპლარის ტაკვის მოვლა?
სამშობიაროდან გამოყვანილ ჩვილს ჭიპლარის ტაკვი ჯერ კიდევ აქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია, როდესაც საფენს ჩააცმევს მშობელი, ჭიპლარის ტაკვი იყოს საფენის ზემოთ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს შიგნით, რადგან შესაძლებელია დაბინძურდეს შარდითა და განავლით და ამას ინფიცირება მოყვეს. ჭიპლარის ტაკვის დამუშავებისთვის დღეისათვის მოწოდებულია მისი მშრალად მოვლის მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არის აუცილებელი არანაირი მადეზინფიცირებელი საშუალების ან მალამოს გამოყენება ჭიპზე, ის თავისთავად შრება და მოვარდება. თუ ტაკვი დაბინძურდა შარდით და განავლით, აუცილებლად უნდა გაიწმინდოს წყლით და საპნით და შემდეგ კარგად გაშრეს ჰაერზე. თუ ჭიპლარის ტაკვზე არის სიწითლე, ან გამონადენი, ასეთ შემთხვევაში ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენებით და დამუშავებით. უმჯობესია ექითან კონსულტაცია.
როგორ უნდა იკვებებოდეს ახალშობილი?
ახალშობილი უნდა იკვებებოდეს დედის რძით და ამას ალტერნატივა არ აქვს. თუ მშობელს უნდა ბავშვი იყოს ჯანმრთელი, კარგად განვითარებული გონებრივად და ფიზიკურად, ნაკლებად შეხვდეს დაავადებები და მიაღწიოს თავისი განვითარების მაქსიმალურ პოტენციალს, ძუძუთი უნდა იკვებოს. ძუძუთი კვების სიხშირე ინდივიდუალურია და ახალშობილი თვითონ არეგულირებს როდის შია. ამ დროს ჩვენ თავისუფალ კვების პრინციპს მივყვებით და ეს უნდა იყოს მინიმუმ რვაჯერ დღეში. თუ უფრო იშვიათად წოვს ჩვილი ძუძუს, ის საკმარისი რაოდენობის რძეს ვერ მიიღებს და შესაბამისად შეიძლება წონაში ნამატიც არ ჰქონდეს და შემდეგ სხვა გართულებებიც მოჰყვეს. 8-12 კვება 24 საათის განმავლობაში არის აბსოლუტურად ნორმალური. ცოტა უფრო დაბალი წონის ახალშობილები შედარებით ცოტას წოვენ და შეიძლება უფრო მალე გაიღვიძონ, ის ახალშობილი რომელიც წონით უფრო დიდია შეიძლება უფრო მეტი რძე გამოწოვოს. დღის განმავლობაში კვებათა შორის დასაშვებია მაქსიმუმ სამ საათიანი შუალედი. დედებმა ღამე აუცილებლად უნდა კვებონ ახალშობილი, რადგან ღამე გამომუშავდება ის ჰორმონი, რომელიც რძის პროდუქციას უწყობს ხელს. თუ ბავშვს ღამის განმავლობაში სძინავს 5 საათზე მეტ ხანს, რაც ძალიან იშვიათია ახალშობილობის პერიოდში, მაშინ ის დედამ უნდა შეაღვიძოს და მისცეს ძუძუ. რაც შეეხება სარძევე ჯირკვალს, მას განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება ჭამის წინ, საპნით ჩამობანა არ არის საჭირო.
რა პოზიციაში უნდა კვებოს დედამ ახალშობილი, რომ ძუძუთი კვება გაუმარტივდეს?
დედები ძირითადად ორ პოზიციას იყენებენ კვების დროს, ერთი – როცა ხელში უჭირავთ, რომელსაც “აკვნის პოზიცია” ჰქვია და მეორე, როდესაც დედა გვერდზე წევს და გვერდზე უწევს ბავშვი. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი კარგად იყოს მოჭიდებული ძუძუზე და მთელი სხეულით მისკენ მიტრიალებული. დედამ ჯერ ძუძუს თავით უნდა გაუღიზიანოს პირის კუთხე, რომ ბავშვმა პირი გააღოს კარგად და როცა ფართოდ გააღებს პირს, მხოლოდ შემდეგ ჩაუდოს ძუძუ პირში. ბავშვი უნდა მოეჭიდოს არა ძუძუს თავს, არამედ მოეჭიდოს არეოლას. თუ ბავშვი მხოლოდ დვრილს მოეჭიდა, ეს გამოიწვევს დვრილის დაზიანებას, ის ვერ მოწოვს რძეს საკმარისი რაოდენობით და პრობლემა შეიქმნება კვებასთან დაკავშირებით. დედამ უნდა იცოდეს, რომ ძუძუთი კვება არ არის მტკივნეული პროცესი, მას არ უნდა სტკიოდეს ძუძუ კვების პროცესში და თუ სტკივა ეს არასწორ მოჭიდებაზე მიუთითებს, ასეთ შემთხვევაში მან უნდა გამოაცალოს ძუძუ ბავშვს და თავიდან მოათავსოს ის ბავშვის პირში. მნიშვნელოვანია, რომ დედას წოვის პროცესში ესმოდეს ყლაპვის ხმა 1-2 წოვითი მოძრაობის შემდეგ.