Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა უნდა იცოდეს სარძევე კბილების ჯანმრთელობის შესახებ ყველა მშობელმა, რომ ბავშვს თავიდან აარიდოს ადრეული კარიესი, შეამციროს მუდმივი კბილების დაზიანების რისკი  და მცირე ასაკიდან მიაჩვიოს ბავშვი  პირის ღრუს სწორ ჰიგიენას.  მშობლებისთვის საინტერესო კითხვებზე გვპასუხობს კლინიკა “ალბიუსის” სტომატოლოგი და სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურა ალხანიშვილი.

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის  სარძევე კბილების მოვლა და რა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე კბილების დაზიანებამ?

არსებობს ასეთი მითი, რომ სარძევე კბილებს დიდი მოვლა არ სჭირდება, ვინაიდან ბავშვმა მაინც უნდა მოიცვალოს ეს კბილები. რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც ბავშვს აქვს კარიესები, მას ბუნებრივია აწუხებს ეს, აქვს დისკომფორტი ჭამის დროს, კარგად ვერ ამუშავებს საკვებს, ხდება ამ კბილების ადრეული დაკარგვა და ადრეული დაკარგვის დროს, შეიძლება გამოიწვიოს განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხებები. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი სწავლობს მეტყველებას და კვებას, ამიტომ საღეჭი აპარატი ისე უნდა იყოს ანატომიურად ჩამოყალიბებული, როგორც მის ასაკს შეესაბამება. ასევე, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მუდმივი კბილის ჩანასახები, შესაძლოა დააზიანოს დაზიანებულმა სარძევე კბილებმა. თუ ბავშვი, ნაადრევად დაკარგავს სარძევე კბილებს, ეს იწვევს მუდმივი კბილების გვიან წამოსვლას, რამაც შესაძლოა მომავალში  გამოიწვიოს თანკბილვის პრობლემები და საჭირო გახდეს ორთოდონტის ჩარევა, რათა მოხდეს თანკბილვის კორექცია.

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის კბილების ჰიგიენაზე  ზრუნვა?

კბილების მოვლა უნდა დავიწყოთ ბავშვის პირველივე კბილის ამოსვლისთანავე. თავიდან კბილებზე ზრუნვას ვიწყებთ უფროსები და უნდა გავუწმინდოთ ის ერთი კბილიც კი, რომელიც აქვს ბავშვს პირის ღრუში. მას შემდეგ, რაც ორი კბილი გვერდიგვერდ დადგება, ვიწყებთ კბილის ძაფის გამოყენებას. ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვი თავად იწყებს კბილის ჯაგრისის და პირის ღრუს მოვლის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, ჩვენ კი ვეხმარებით მათ, სწორად განახორციელოს ეს პროცედურები.  რვა წლამდე მაინც, ბავშვებს უფროსების მონიტორინგი  სჭირდებათ, რომ არ დაეზაროთ და არ შეამცირონ პირის ღრუს მოვლის დრო. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ეხება მეექვსე კბილს. მეექვსე კბილი  არის ძალიან მნიშვნელოვანი კბილი პირის ღრუში მთელი სიცოცხლის მანძილზე და ყველაზე ხშირად ადამიანები, სწორედ  მეექვსე კბილს ვკარგავთ.  მეექვსე კბილი რელიეფურია, აქვს ბორცვები და ფისურები, ამასთან  არ გააჩნია წინამორბედი კბილები,  პირდაპირ ამოდის მუდმივი და მას ძალიან კარგი მოვლა სჭირდება. ხშირად, ისეთ ასაკში ამოდის, რომ მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს ისევ სარძევე კბილია და როგორც არის ზედაპირული დამოკიდებულება სარძევე კბილებთან დაკავშირებით, ასეთი დამოკიდებულება ვრცელდება მეექვსე კბილზეც, რის გამოც პირველი ის ზიანდება. 

გვესაუბრეთ ბავშვთა ასაკში კბილთა ტრავმული დაზიანებების შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს სტომატოლოგის დროული ჩარევა?

როდესაც ბავშვი წაიქცევა და დაეცემა სახით, მიიღებს რაიმე ტრავმას, არ შეიძლება ამის იგნორირება. მომენტალურად უნდა დავუკავშირდეთ სტომატოლოგს და გადავიყვანოთ, რადგან გააჩნია ტრავმის სიმძიმეს, რომ განისაზღვროს კბილის ამოვარდნილობაა, ჩამოტეხილობაა თუ მხოლოდ დაზიანებაა, რომელიც არ ჩანს. ამიტომ, სტომატოლოგი განსზღვრავს მდგომარეობის მიხედვით, როგორ უნდა ჩაერიოს და იმოქმედოს, რათა არ დაიკარგოს ეს კბილები. შესაძლოა, არ ჩანდეს ვიზუალურად დიდი დაზიანება, მაგრამ შეიძლება იყოს ბზარები და სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, რომელიც მომავალში იჩენს თავს.

რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება კარიესის პროფილაქტიკისთვის და კბილების ჯანმრთელობისთვის?

ჯანსაღი კვება, ისევე როგორც ბავშვის განვითარების ნებისმიერ სხვადასხვა საფეხურებზე, აქაც არის მნიშვნელოვანი. არსებობს კბილების “მეგობარი” საკვების ჩამონათვალი, რომელიც დიდად არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჯანსაღ კვებას ვეძახით და იმ მენიუსგან, რომელიც არსებობს ბავშვებისთვის, ასაკების შესაბამისად. არსებობს რამდენიმე მითი, რომლის მიხედვით არ შეიძლება ნახშირწყლების მიღება, ტკბილეულის მიღება ბავშვისთვის, რაც მართალია სასურველი არ არის  და მათ შორის კარიესების განვითარების გამოც, თუმცა აქ არ არის რაოდენობაზე საუბარი, რამდენს შეჭამს ბავშვი ერთჯერადად, აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის- პირის ღრუში მისი დაყოვნების დრო. თუ ბავშვმა დროულად არ გამოიყენა პირის ღრუს მოვლის საშუალებები, უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ იქ განვითარდება კარიესი. გარდა ამისა, სასურველია, რომ ბავშვები კბილებს საბავშვო ბაღშიც იხეხავდნენ. მიზანი არის არა ის, რომ ბავშვი დღეში სამჯერ იხეხავდეს კბილებს, არამედ ის, რომ იყოს მეთვალყურეობის ქვეშ, ხეხვას მიეჩვიოს და კბილების სწორად გამოხეხვა ისწავლოს. 

კიდევ რა ფაქტორები ხდება  მაპროვოცირებელი ადრეული კარიესების და დაზიანებების, რომელიც შესაძლოა გაითვალისწინონ მშობლებმა?

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც “ბოთლისმიერ” კარიესს ვუწოდებთ და რომელსაც განსაკურებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ბოთლისმიერი კარიესი  იწყება იმ  ასაკში, როდესაც ბავშვს ვკვებავთ საწოვარათი. კარიესები პირის ღრუში  ჩნდება წრიულად, ზუსტად ისე, როგორც სარგებლობს ბავშვი  ბოთლით. ეს არის ბავშვთა ადრეული კარიესი, რაც გამოწვეულია ბავშვის არასწორი კვებით,  კვებებს შორის წახემსებებით და პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენით. უფროსებმა აუცილებლად უნდა გავუსუფთავოთ კბილები ბავშვებს ძილის წინ და არ უნდა დავუტოვოთ პირის ღრუში ნარჩენები. ასევე, საწოვარას გამოყენება დიდი დოზით  არის მაპროვოცირებელი თანკბილვის ანომალიების, ისევე როგორც თითის წოვა იწვევს თანკბილვის ანომალიებს, რომელიც ერთ-ერთი მავნე ჩვევაა.