Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბრეკეტსისტემების მოვლის და  მკურნალობის შესახებ “დედამიცისს” ესაუბრება საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი, ბავშვთა სტომატოლოგი და ორთოდონტი ელენე ხარაშვილი

როდის უნდა დაიწყოს ბრეკეტებით მკურნალობა?

არის მოსაზრება, რომ ბრეკეტებით მკურნალობა უნდა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც სრულად ჩამოყალიბდება მუდმივი თანკბილვა, ანუ მუდმივი კბილები ამოუვა ბავშვს ბოლომდე. სასურველია, ბავშვი ორთოდონტთან კონსულტაციაზე პირველად მივიყვანოთ 6-7 წლის ასაკში, როდესაც იწყება ახალი, მუდმივი საჭრელი კბილების ამოსვლა. ამ დროს შესაძლებელია ისეთი ანომალიების კორექტირება, რომლის მკურნალობა მოზრდილ ასაკში რთულია. ბრეკეტ სისტემა არ არის ერთადერთი  სისტემა, რომელიც ორთოდონტიული მკურნალობისთვის გამოიყენება. სწორედ, ადრეული ორთოდონტია სთავაზობს პაციენტებს ისეთ მოუხსნელ და მოსახსნელ კონსტრუქციებს, რომლითაც ძალიან სწრაფად მკურნალობენ საკმაოდ რთულ პათოლოგიებს კონკრეტულ ასაკში.

რა ტიპის ორთოდონტიული სისტემები არსებობს?

არსებობს მოუხსნელი და მოსახსნელი აპარატები. მოსახსნელი ფუნქციური აპარატები: ფირფიტები  და ტრაინერები. ბრეკეტსისტემა   მოუხსნელი კონსტრუქცია. არსებობს ესთეტიკური, გამჭვირვალე, გამასწორებელი კაპები.

მკურნალობის ვადები როგორია?

მკურნალობის ვადები საბოლოო შედეგისთვის ინდივიდუალურია. რაც უფრო ადრეულ ასაკში მივხედავთ კონკრეტულ პრობლემას, უფრო მალე ვიღებთ შედეგს. ბრეკეტსისტემის მკურნალობის წელიწადნახევარი ან ორი წელია, მაგრამ თუ რთულია შემთხვევა, სამი და ოთხი წელიც შეიძლება რომ გაგრძელდეს.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის კოოპერატიულობასაც: ექიმმა ბრეკეტსისტემა პაციენტს სწორად უნდა განუმარტოს, ვიზიტები განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩატარდეს და პაციენტმა ზუსტად უნდა შეასრულოს მითითებები. აქ წარმატების 50%  კოოპერაციაზე არის. პაციენტი უნდა იყოს იმ შეგნებით, რომ ეს არის მკურნალობის ის პროცესი, სადაც თვითონაც ჩართულია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს არის:  სრულფასოვან ჰიგიენა, კვების რეჟიმის დაცვა და ასევე, ვიზიტები მკურნალობის სქემის ვადებში.

როგორი უნდა იყოს პირის ღრუ ჰიგიენა ბავშვისთვის?

კბილების მოვლა იწყება პირველი სარძევე კბილის ამოსვლიდან, სტანდარტული ვადებში 6-8 თვის ასაკიდან. პირველი  კბილის მოვლით იწყება პირის ღრუს ჰიგიენა. ძალიან კარგი ჰიგიენური საშუალებები არსებობს – თითზე წამოსაცმელი სილიკონები, რომელიც ძალიან გამოსადეგია მშობლისთვის ერთ წლამდე; შემდეგ უკვე ასაკობრივად მოწოდებულია კბილის პასტები, ჯაგრისები და უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯაგრისის ზომას, რომ ესეც ასაკობრივად იყოს შერჩეული; ასევე, უნდა დავაკვირდეთ კბილის პასტაზე მითითებულ ასაკს – მათზე არის განსაზღვრული კონკრეტული შემადგენლობები, რომ არ იყოს მავნე დანამატები კბილის პასტაზე და გნებავთ იმ მინერალებით, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება. კონკრეტულ ასაკში, 0-დან ორ წლამდე ბავშვებს უჭირთ გადმოფურთხება, ამიტომ მნიშვნელოვანია კბილის პასტა იყოს ასაკობრივად შერჩეული. რაც შეეხება ბრეკეტ სისტემას არსებობს სპეციალური საშუალებები, ეს არის ჯაგრისები, კბილთაშორისი ჯაგრულები და ასევე, დამატებითი საშუალება ირიგატორი, რომელიც შესაძლებელია 4 წლიდან ზევით ბავშვებმა გამოიყენონ. ის წყლის ჭავლით კბილთა შორის სივრცეებს ეფექტურად ასუფთავებს. იგი თანამედროვე საშუალებაა და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

რამდენად არის ტკბილეული კარიესის გამომწვევი მიზეზი  ბავშვებისთვის?

ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს კარიესს, რადგან სარძევე კბილი დაბალმინერალიზებულია და რაც უფრო მეტია ნახშირწყლები, მით უფრო ნაკლებია ტუტე არე პირის ღრუში. ასეთ დროს კბილები უფრო მეტად ფუჭდება და ყველაზე დიდი კბილების დამცველი არის ნერწყვი, რაც უფრო მეტ ნახშირწყლებს ვიღებთ, ნერწყვი ნაკლებად ანეიტრალებს  ტკბილს. ამიტომ ვურჩევთ მშობლებს, რაც შეიძლება მეტი წყალი მისცენ ბავშვებს და ასევე, ერთ ულუფად მისცენ ტკბილეული  და არ გაყონ ის რამდენიმე ულუფად, რადგან ნერწყვს არ აქვს განეიტრალების საშუალება და ეს მჟავე არე მოქმედებს მუდმივად მინანქარზე. ხშირ შემთხვევაში კარიესის გამომწვევი მიზეზი არის ტკბილეულის მოხმარება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5