Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სტატიაზე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ეპიდემიოლოგი ნატალია ადამაშვილი. ილუსტრაციები და ტექსტის უმეტესი ნაწილი ნათარგმნია NY Times-ს ვებ გვერდიდან.

“პფაიზერის” ვაქცინა გერმანული კომპანია “BioNTech-ისა” და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “პფაიზერის” პარტნიორობით შეიქმნა.  ვაქცინის კოდური სახელწოდებაა BNT162b2, ჯენერიკული სახელწოდებით ტოზინამერანი (Tozinameran). კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.

1. კორონავირუსის ფრაგმენტი

კორონავირუსს ზედაპირზე წანაზარდების სახით ცილები აქვს, რომლებსაც სპაიკ-ცილებს ვუწოდებთ (spike – წვეტი). ამ ცილებს ვირუსი ადამიანის უჯრედებში შესაჭრელად იყენებს. სპაიკ-ცილები ვაქცინის შექმნისათვის ყველაზე მიმზიდველი სამიზნე აღმოჩნდა.

“პფაიზერის” ვაქცინის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც “მოდერნას” ვაქცინისა, ემყარება სპაიკ-ცილის შექმნის გენეტიკურ ინსტრუქციას, რომელსაც ადამიანის უჯრედებს ვაწვდით. “პფაიზერის” და “მოდერნას” ვაქცინები ინსტრუქციას მესენჯერ-რნმ-ში (მ-რნმ) ინახავენ, ხოლო “ასტრაზენეკას” ვაქცინა კი დნმ-ს იყენებს.

2. ცხიმოვან გარსში მოთავსებული მესენჯერ-რნმ (მ-რნმ)

მესენჯერ-რნმ (რნმ – რიბონკულეინის მჟავა) ჩვენც გვაქვს უჯრედებში და მასში ჩაწერილია ინფორმაცია სხვადასხვა ცილის შესახებ. უჯრედები ამ ინფორმაციას კითხულობენ და ცილებს აგებენ. ანუ, მ-რნმ წარმოადგენს რეცეპტს რომელიმე კონკრეტული ცილის ასაგებად.

მ-რნმ-ს მოლეკულა საკმაოდ მყიფეა და ის პირდაპირ რომ შეგვეყვანა ჩვენს ორგანიზმში, ადვილად დაიშლებოდა, ამიტომ, ვაქცინის დასაცავად, “პფაიზერმა” მ-რნმ ცხიმი ბუშტებში შეფუთა.

ვაქცინის ასეთი სიმყიფის გამო, მ-რნმ-ის მოლეკულები ოთახის ტემპერატურაზე ძალიან სწრაფად იშლება. სწორედ ამიტომ, ვაქცინის -80 °C-მდე ტემპერატურაზე შენახვა არის საჭირო.

3. უჯრედში შესვლა

მას შემდეგ, რაც ვაქცინას მკლავში გავიკეთებთ, ვაქცინის ნაწილაკები ჩვენს უჯრედებს ეჯახებიან და მათში შედიან. უჯრედის მოლეკულები მ-რნმ-ში ჩაწერილ ინფორმაციას კითხულობს და სპაიკ-ცილებს აშენებს. ცილის აგების შემდეგ, უჯრედი მ-რნმ-ს ანადგურებს და მისგან არავითარი კვალი არ რჩება.

უჯრედის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი სპაიკი უჯრედის ზედაპირისკენ მიემართებიან და თავიანთ წვერებს უჯრედის ზედაპიზე ამოყოფენ. ვაქცინირებული უჯრედები ზოგიერთ სპაიკ-ცილას ფრაგმენტებად შლის და მათაც უჯრედის ზედაპირზე გამოყოფს. ზედაპირზე გამოყოფილი სპაიკ-ცილები და ცილების ფრაგმენტები უკვე ჩვენი იმუნური სისტემისთვის ხდება ხილული.

4. შემოჭრილის ამოცნობა

როდესაც ვაქცინირებული უჯრედი კვდება, მკვდარი უჯრედის ნარჩენები  სპაიკ-ცილებსა და სპაიკ-ცილის ფრაგმენტებს შეიცავს, რომლების მიტაცებაც შესაძლებელი ხდება კონკრეტული იმუნური უჯრედების მიერ, სახელად ანტიგენ-წარმდგენი უჯრედები.

ანტიგენ-წარმდგენი უჯრედი, მას შემდეგ რაც სპაიკ-ცილებსა და ცილების ფრაგმენტებს მიიტაცებს, მათ თავის ზედაპირზე წარმოადგენს. როდესაც სხვა იმუნური უჯრედები, რომლებსაც დამხმარე T უჯრედები (T-ჰელფერები) ეწოდებათ, ამ ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, T-ჰელფერები  განგაშის ატეხვას და  სხვა იმუნური უჯრედების მობილიზებას იწყებენ, რათა ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს.

5. ანტისხეულების წარმოქმნა

იმუნური უჯრედების კიდევ ერთი ტიპი, რომლებსაც B უჯრედები ეწოდებათ, ვაქცინირებული უჯრედების ზედაპირზე განთავსებულ სპაიკ-ცილებს ან თავისუფლად მოცურავე  სპაიკ-ცილების ფრაგმენტებს ხვდებიან. რამდენიმე B უჯრედს სპაიკ-ცილების შებოჭვა შეუძლია. თუკი B უჯრედებს დამხმარე T უჯრედები (T-ჰელფერები) დაეხმარებიან გააქტიურებაში, ისინი (B უჯრედები) გამრავლებას და ანტისხეულების გამოყოფას იწყებენ. ანტსიხეულები სპაიკ-ცილას მიზანში იღებენ.

6. ვირუსის შეჩერება

ანტისხეულებს შეუძლიათ კორონავირუსის სპაიკებს მოეჭიდონ, გასანადგურებლად მონიშნონ და სპაიკები შებოჭონ, რის შემდეგაც სპაიკებს სხვა უჯრედებზე მიმაგრება აღარ შეუძლიათ. ამით ანტისხულებს ინფექციის თავიდან აცილება შეუძლიათ.

7. დაინფიცირებული უჯრედის განადგურება

ანტიგენ-წარმდგენ უჯრედებს ასევე შეუძლიათ კიდევ ერთი ტიპის იმუნური უჯრედები გააქტიურონ, რომლებსაც მკვლელ T უჯრედებს (T-კილერი) უწოდებენ. კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედები, რომლებსაც ზედაპირზე სპაიკ-ცილის ფრაგმენტები აქვთ წარმოდგენილი, T-კილერებს შეუძლიათ მოძებნონ და გაანადგურონ.

8. ვირუსის დამახსოვრება

“პფაიზერის” ვაქცინა ორი დოზის გაკეთებას საჭიროებს. დოზებს შორის შუალედი 21 დღეა, იმისათვის, რომ იმუნური სისტემა მაქსიმალურად გაძლიერდეს კორონავირუსთან საბრძოლველად. რადგან ეს ვაქცინა ჯერ კიდევ ახალია, მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი.

კვლევის წინასწარი შედეგებით, ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი ყალიბდება.

 შესაძლებელია, ვაქცინაციიდან რამდენიმე თვეში ანტისხეულების და მკვლელი T უჯრედების რაოდენობა შემცირდეს. იმუნური სისტემა ასევე შეიცავს სპეციალურ უჯრედებს, რომლებსაც მეხსიერების B უჯრედები და მეხსიერების T უჯრედები ეწოდებათ, მათ შეუძლიათ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია შეინახონ წლების ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში.

9. ვაქცინის მომზადება და ინექცია

ვაქცინის თითოეული ფლაკონი 0.3 მლ 5 დოზას შეიცავს (ანუ ერთი ფლაკონით 5 ადამიანის აცრა არის შესაძლებელი). ვაქცინა ინექციამდე უნდა გალღვეს და ფიზიოლოგიურ ხსნარში გაიხსნას. ხსნარში გახსნის შემდეგ ფლაკონის გამოყენება 6 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5