სტატიაზე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ეპიდემიოლოგი ნატალია ადამაშვილი. ილუსტრაციები და ტექსტის უმეტესი ნაწილი ნათარგმნია NY Times-ის ვებგვერდიდან.
- ვაქცინის დასახელება: BBIBP-CorV
- ეფექტურობა: 79% (მწარმოებლის ინფორმაცია)
- დოზირება: 2 აცრა, 3 კვირიანი შუალედით
ვაქცინის მოკლე ისტორია
2020 წლის დასაწყისში, პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტმა ინაქტივირებული კორონავირუსის ვაქცინა, სახელად BBIBP-CorV, შექმნა. კლინიკურმა კვლევებმა, რომელსაც კომპანია “Sinopharm” ატარებდა, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 79 პროცენტი იყო. ჩინეთმა ვაქცინა დაამტკიცა და მალევე დაიწყო სხვა ქვეყნებში ექსპორტი. სექტემბერში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვაქცინის დაჩქარებული ავტორიზაცია მოხდა და მისი გამოყენება ჯანდაცვის მუშაკებში დაიწყო. ქვეყანამ დეკემბერში ვაქცინას სრული ავტორიზაცია მისცა და განაცხადა, რომ გაერთიანებულ საამიროებში ვაქცინის ეფექტურობა 86%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარში, უნგრეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც “სინოფარმის” ვაქცინის გამოყენება დაიწყო. “სინოფარმის” ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსის ვაქცინას წარმოადგენს.
რა არის ინაქტივირებული ვაქცინა?
ინაქტივირებული ვაქცინები შეიცავს ვირუსებს, რომელთა გენეტიკური მასალა განადგურებულია თერმული, ქიმიკატების ან რადიაციის გამოყენებით, ამიტომ მათ გამრავლება და უჯრედების დაინფიცირება არ შეუძლიათ. მაგრამ შეუძლიათ გამოიწვიონ იმუნური რეაქცია.
ინაქტივირებული ვაქცინები საუკუნეზე მეტია გამოიყენება. მაგალითად, 1950-იან წლებში გამოიყენეს პოლიომიელიტის ვაქცინის შესაქმნელად, და ასევე წარმოადგენენ ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების საფუძველს.
- კარგად შესწავლილი ტექნოლოგია;
- გამოსადეგია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის;
- არ შეიცავს ცოცხალ კომპონენტებს და შესაბამისად არ არსებობს ვაქცინის მიერ დაავადების გამომწვევი რისკი;
- საკმაოდ მარტივია საწარმოებლად;
- საკმაოდ სტაბილურია.
- შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი, გამაძლიერებელი დოზა.
ინაქტივირებული ვირუსის ვაქცინები შეიცავს დაავადების გამომწვევ ვირუსს, ან მის ნაწილებს, მაგრამ ვირუსის გენეტიკური მასალა განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ მათი გენეტიკური მასალა განადგურებულია, ინაქტივირებული ვირუსები, ჩვეულებრივ, შეიცავს მრავალ ცილას, რომელთაც იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლიათ. იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ უჯრედების დაინფიცირება, ინაქტივირებული ვაქცინები იწვევენ მხოლოდ ანტისხეულებით განპირობებულ რეაქციას და ეს რეაქცია შეიძლება იყოს უფრო სუსტი და ნაკლებად ხანგრძლივი. ამ პრობლემის დასაძლევად, ინაქტივირებული ვაქცინები ხშირად დამხმარე საშუალებასთან ერთად კეთდება (საშუალებები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს) და შეიძლება საჭირო გახდეს გამაძლიერებელი დოზები.
კორონავირუსებისგან დამზადებული ვაქცინა BBIBP-CorV იმუნურ სისტემას ასწავლის SARS-CoV-2 კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების შექმნას. ანტისხეულები ემაგრებიან ვირუსის სპაიკ-ცილებს, რომლებიც ვირუსის ზედაპირზეა განლაგებული. BBIBP-CorV- ის შესაქმნელად, პეკინის ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩინეთის საავადმყოფოებში პაციენტებისგან კორონავირუსის სამი ვარიანტი შეაგროვეს და ერთ-ერთი ვარიანტი აარჩიეს იმის გამო, რომ მას შეეძლო, სწრაფად გამრავლებულიყო მაიმუნის უჯრედებში.
ვირუსის მოკვლა
მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა კორონავირუსების დიდი მარაგი შექმნეს, მათ ვირუსებს ქიმიური ნივთიერება სახელად ბეტა-პროპიოლაქტონი დაასხურეს. ეს ნივთიერება კორონავირუსის გენებს დაუკავშირდა და ამით ვირუსს უნარი დაუკარგა – ინაქტივირებულ კორონავირუსს გამრავლება აღარ შეეძლო. მაგრამ ვირუსის ცილები, მათ შორის სპაიკ-ცილები, ხელუხლებელი დარჩა.
შემდეგ მკვლევრებმა ინაქტივირებული ვირუსებს დაუმატეს მცირე რაოდენობით ალუმინის ბაზაზე დამზადებული ნაერთი, რომელსაც დამხმარე საშუალება ეწოდება. როგორც დასაწყისში აღინიშნა, დამხმარე საშუალებები იმუნურ სისტემას ასტიმულირებენ და ვაქცინაზე იმუნური რეაქცია იზრდება და შესაბამისად, უფრო ძლიერი იმუნიტეტი ყალიბდება.
იმუნური პასუხის გამოწვევა
იმის გამო, რომ BBIBP-CorV-ში კორონავირუსი ცოცხალი არ არის, ვაქცინაციის შემდეგ Covid-19 არ დაგემართებათ. სხეულში მოხვედრის შემდეგ, ზოგიერთ ინაქტივირებულ ვირუსს შთანთქავს იმუნური უჯრედების ტიპი, რომელსაც ანტიგენ-წარმდგენი უჯრედი ეწოდება.
ანტიგენ-წარმდგენი უჯრედი კორონავირუსს ანაწევრებს და მის ფრაგმენტებს ზედაპირზე წარადგენს. ე.წ დამხმარე T უჯრედმა (T ჰელფერმა) შეუძლია ფრაგმენტი აღმოაჩინოს და თუ ფრაგმენტი უჯრედის რომელიმე ზედაპირულ ცილას შეესაბამება, T უჯრედი აქტიურდება და მას შეუძლია სხვა იმუნური უჯრედების მობილიზება ვაქცინაზე რეაგირებისთვის.
ანტისხეულების შექმნა
იმუნური უჯრედების სხვა ტიპს, რომელსაც B უჯრედი ეწოდება, ასევე შეუძლიათ ინაქტივირებულ კორონავირუსს შეხვდნენ. B უჯრედებს აქვთ ზედაპირული ცილები უამრავი ტიპის ფორმებით და რამდენიმე მათგანს შეიძლება ჰქონდეს შესაბამისი ფორმა კორონავირუსზე მისამაგრებლად. როდესაც B უჯრედი მიუმაგრდება, მას შეუძლია ვირუსის ნაწილი ან მთელი ვირუსი უჯრედის შიგნით მიიტაცოს და კორონავირუსის ფრაგმენტები უჯრედის ზედაპირზე წარადგინოს.
კორონავირუსის წინააღმდეგ გააქტიურებულ დამხმარე T უჯრედს შეუძლია იმავე ფრაგმენტზე მოეჭიდოს. როდესაც ეს მოხდება, B უჯრედიც აქტიურდება. იგი მრავლდება და ანტისხეულებს გამოყოფს, რომლებსაც იგივენაირი ფორმა აქვთ, როგორც მათ ზედაპირული ცილებს.
ვირუსის შეჩერება
BBIBP-CorV-ით ვაქცინაციის შემდეგ, იმუნურ სისტემას ცოცხალ კორონავირუსებზე რეაგირება შეუძლია. B უჯრედები წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც ემაგრებიან შემოჭრილს. ანტისხეულები, რომლებიც მიზანში იღებენ სპაიკ-ცილას, ხელს უშლიან ვირუსს უჯრედებში შეღწევაში. სხვა ტიპის ანტისხეულებს კი შეუძლიათ ვირუსი სხვა საშუალებებით დაბლოკონ.
ვირუსის დამახსოვრება
“სინოფარმის” კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ BBIBP-CorV-ს შეუძლია დაიცვას ადამიანები COVID-19-სგან. მაგრამ ჯერ არავის შეუძლია ზუსტად თქვას, რამდენ ხანს გრძელდება ეს დაცვა. შესაძლებელია თვეების განმავლობაში ანტისხეულების დონემ დაიწიოს. თუმცა იმუნური სისტემა ასევე შეიცავს სპეციალურ უჯრედებს, რომლებსაც მეხსიერების B უჯრედები ეწოდება, რომლებიც ინარჩუნებს ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ წლების ან შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც.