ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ ხშირად დგება ძიძის ყოლის საჭიროება. ადაპტაციის პროცესი კი არამარტო ბავშვისთვის, ოჯახის წევრებისთვისაც და ძიძისთვისაც სტრესულია. ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი გვესაუბრება ძიძის ყოლის სირთულეებზე და წარმატებული ადაპტაციის პროცესზე.
რა გამოწვევებს უკავშირდება ძიძის ყოლა ოჯახისთვის. რა ფსიქოლოგიური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ამ პროცესში?
ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ გარკვეული პერიოდის მერე ხშირად დგება ძიძის ყოლის საჭიროება. ეს პროცესი ხშირად სტრესულია, როგორც ბავშვისთვის, ისე ოჯახის ზრდასრული წევრებისთვის, ძიძისთვის და გარკვეულ დროს და ადაპტაციის პროცესის ეფექტურ დაგეგმვას საჭიროებს. მშობლებისთვის პირველ რიგში სირთულეს წარმოადგენს ერთის მხრივ ის, რომ პასუხისმგებლობის აღება უწევთ ისეთი ადამიანის მოძიებაზე, რომელსაც მიანდობენ ბავშვს და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ ხშირად ემოციურად მზად არ არიან ბავშვთან განშორებისთვის და სხვადასხვა, ხშირად ფინანსური მიზეზით უწევთ სახლიდან გასვლა ან ეს მზაობა აქვთ და სურთ მეტ-ნაკლებად დაუბრუნდენ ფუნქციონების ჩვეულ წესს – რეალიზდნენ პროფესიულად, სოციალურად და შესაძლოა ამასთან დაკავშირებით დანაშაულის განცდა ჰქონდეთ. ამასთანავე, ბუნებრივია, რაციონალურად მათ სურთ მოიძიონ ისეთი ძიძა, რომელიც კარგად მოუვლის ბავშვს, იზრუნებს მის განვითარებაზე და ბავშვიც ეყვარება, თუმცა ხშირად სტრესულია იმის გაცნობიერება, რომ ბავშვს სხვა ადამიანი უყვარს, აშკარად გამოხატავს მის მიმართ სითბოს და შეიძლება ბავშვი-ძიძის ურთიერთობა ეჭვიანობის საფუძველიც გახდეს. თავის მხრივ ძიძისთვისაც სტრესულია ეს პროცესი – მან უნდა გაიაროს ადაპტაციის გზა. ოჯახის სისტემაში შესვლა და დამკვიდრება არ ხდება მომენტალურად და გარკვეულ დროს საჭიროებს.
რას გრძნობს პატარა, როდესაც უცხო ადამიანთან რჩება? განვითარების ადრეულ სტადიაზე როგორია მისი განცდები, შეგრძნებები და წარმატებული ადაპტაცია რაზე არის დამოკიდებული?
ძიძასთან ადაპტაცია ხშირად სტრესულია ბავშვისთვისაც. ის, თუ რამდენად უმტკივნეულოდ ან პირიქით, სტრესულად წარიმართება ბავშვისთვის ეს პროცესი, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ბავშვის ასაკი – დაახლოებით 6-8 თვის ასაკისთვის (თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება დროში ცდომილება იყოს), როგორც წესი, ჩნდება მშობელთან განშორების შფოთვა. ეს ნორმალური მდგომარეობაა და უკავშირდება ბავშვის კოგნიტური უნარების მომწიფებას – მას უკვე ესმის ობიექტის მუდმივობის ცნება – იაზრებს, რომ მშობელი „არსებობს“ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ფიზიკურად ხელმისაწვდომი არაა და ვერ ხედავს და უჭირს მასთან განშორება. ასევე, დაახლოებით ამ პერიოდს ემთხვევა შფოთვა უცხო ადამიანის გარემოცვაში. როგორც ავღნიშნეთ, განვითარების ეს ეტაპი როგორც წესი წლამდე ასაკში იწყება და მისი არსებობა არ მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვს რაიმე სირთულე აქვს ან რომ მშობელსა და შვილს ან ძიძასა და ბავშვს შორის რაიმე სირთულეა. ეს შფოთვები ევოლუციურად ადაპტაციურ ფუნქციას ასრულებდა და ასრულებს და ბავშვები ახერხებენ მათ დაძლევას გარემოდან შესაბამისი ეფექტური რეაგირების დახმარებით. ამის გათვალისწინებით, დაახლოებით 1 წლის ასაკში ძიძასთან ადაპტაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად სტრესული იყოს ბავშვისთვის – ერთის მხრივ უჭირს დედასთან განშორება და მეორეს მხრივ არ გრძნობს თავს დაცულად უცნობი ადამიანის გარემოცვაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ბავშვისთვის ეს პროცესი განსხვავებული დინამიკით მიდის.
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ძიძის შერჩევისას და როგორ დაგეგმოს ეს პროცესი ისე, რომ ბავშვს გაუადვილდეს ძიძასთან ადაპტაცია?
ის, თუ რამდენად ეფექტურად წარიმართება ბავშვის ძიძასთან ადაპტაცია, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მათ შორისაა:
- მშობლის მიერ ამ ახალი ეტაპისთვის ემოციური მზაობა და ის, თუ რამდენად ეფექტურად უმკლავდება საკუთარ ემოციებს. მნიშვნელოვანია, მშობელმა ეფექტურად მოახდინოს საკუთარ ემოციებთან გამკლავება და ითხოვოს ემოციური მხარდაჭერა საყვარელი ადამიანებისგან ან თუ საჭიროა მიმართოს პროფესიონალს აღნიშნულ სტრესთან გამკლავებაში დახმარების მიზნით.
- მშობლის მოლოდინები ძიძასთან დაკავშირებით და მკაფიო წარმოდგენის ქონა ძიძის ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით. შემდეგ კი ძიძისთვის საკუთარი მოლოდინების, სურვილების და ძიძის ფუნქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეჩვიოს ძიძას, სასურველია ჯერ თავად გაიცნოთ ძიძა და ისაუბროთ მოლოდინებსა და ფუნქციებზე. მიხვიდეთ გარკვეულ შეთანხმებამდე. შემდეგ ბავშვს გააცნოთ ძიძა – მშობელთან ერთად დაჰყოს რამდენიმე დღე ძიძამ. მშობელმა ჩართოს ის ბავშვისთვის სასიამოვნო სხვადასხვა აქტივობაში, რათა ბავშვმა მიიღოს მასთან ურთიერთობის პოზიტიური გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია დედამ მიაწოდოს ინფორმაცია და აჩვენოს ძიძას, რა სტრატეგიებს მიმართავს ქცევის მართვის მიზნით თუ მის ემოციურ საჭიროებებზე საპასუხოდ. მას მერე, რაც ბავშვისთვის ძიძა ნაცნობი გახდება, სასურველია მშობელი ფიზიკურად იყოს სახლში, თუმცა ძიძა ჩაერთოს ბავშვთან ურთიერთობის თუ მოვლის სხვადასხვა ნაწილში ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში დედაც ხელმისაწვდომი იყოს. მას მერე, რაც ძიძაც და მშობელიც დარწმუნდებიან, რომ ძიძა ახერხებს ბავშვთან ეფექტურად ურთიერთობას, სასურველია მშობელმა ცოტა ხნით დატოვოს ბავშვი და ძიძა ერთად და თავად ფიზიკურად წავიდეს სხვა სივრცეში. თუკი ბავშვი იმ ასაკშია, როდესაც აქვს მშობელთან განშორების შფოთვა და ამდენად მშობელთან დამშვიდობება მისთვის სტრესულია, ძიძამ წინასწარ უნდა იცოდეს, რა სტრატეგიების გამოყენება დაეხმარება ბავშვს დამშვიდებაში. რეკომენდებულია ამ ეტაპების შემდეგ დარჩეს ბავშვი ძიძასთან ხანგრძლივი პერიოდით.
- ძიძის მიერ ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და ბავშვთან ურთიერთობის უნარების ქონა. ასევე მზაობა, გაითვალისწინოს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მშობლის სურვილები.
- ბავშვის ასაკი და მისი ფსიქოსოციალური განვითარება და საჭიროებები. თუკი წლამდე ასაკის ბავშვისთვის გეგმავს მშობელი ძიძის აყვანას, რეკომენდებულია ეს 6-8 თვის ასაკამდე პერიოდში მოხდეს. 6-8 თვის ასაკამდე ბავშვს მეტად უადვილდება უცხო ადამიანთან ადაპტაცია.
რა საგულისხმო ნიშნები უნდა გამოგვეპაროს, როდესაც ბავშვს ძიძასთან ვტოვებთ?
საწყის ეტაპზე, ბუნებრივია, ბავშვისთვის გარკვეულწილად სტრესული იქნება მშობელთან განშორება და ძიძასთან დარჩენა. აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლებიც – ზოგი უფრო მარტივად ადაპტირდება, ზოგს უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. ამდენად, ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რა დროის შემდეგ უნდა ადაპტირდეს ბავშვი ძიძასთან. თუმცა, ყველა მშობელი იცნობს საკუთარ შვილს და აქვს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს პროცესი – დაახლოებით რა დრო შეიძლება დასჭირდეს. ამ ფონზე თუკი მშობელი ატყობს, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდა, ან მნიშვნელოვნად შეიცვალა ბავშვის ქცევა, ემოციური ფონი, დაეწყო კვებასთან ან ძილთან დაკავშირებული სირთულეები და ეს ცვლილებები იმაზე უფრო ინტენსიურია, ვიდრე ახასიათებს ბავშვს ზოგადად სტრესის ფონზე, მნიშვნელოვანია დროულად და გულდასმით გააანალიზოს მშობელმა რა არის სირთულის მიზეზი და იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასევე საყურადღებოა, თუკი ბავშვი ძიძის დანახვისას არ გამოხატავს სიხარულს (ადაპტაციის პერიოდის გასვლის შემდეგ), ან მითუმეტეს ატყობთ შფოთვას ან შიშს ძიძის დანახვისას, ან გიყვებათ ისეთი აქტივობის შესახებ, რომლითაც ძიძასთან ყოფნის პერიოდში დაკავდა და ეს ეწინააღმდეგება ძიძასთან თქვენს შეთანხმებას (მაგ. დიდი დრო გაატარა ეკრანთან), აქვს დაზიანებები სხეულზე, ფიზიკურად მოუვლელია, მშიერია და სხვ.