ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიხედვით, ბავშვების ყოველდღიური მენიუს 17%-ს შაქარი შეადგენს (ამის ნახევარი მოდის “დამატებული შაქრების” შემცველ სასმელებზე), რაც ძალიან ბევრია.
რა არის “დამატებული შაქარი?”
დამუშავების ან მომზადებისას ბევრ საკვებს ან სასმელს ემატება შაქარი და სიროფები. ამ “დამატებულ შაქრებს” მრავალი სხვადასხვა სახელი აქვს, მაგალითად, ყავისფერი შაქარი, სიმინდის დამატკბობელი, სიმინდის სიროფი, დექსტროზა, ფრუქტოზა, გლუკოზა, თაფლი, ლაქტოზა, ალაოს სიროფი, მალტოზა, მელასა, ნედლი შაქარი და საქაროზა.
რატომ არის მავნე “დამატებული შაქარი”?
ბავშვებს, რომელთა ყოველდღიური მენიუს 10%-ზე მეტი “დამატებული შაქარია”, უფრო ხშირად აქვთ ქოლესტერინის ცვლის დარღვევები, მათ შორის უფრო მაღალი “ცუდი” LDL ქოლესტერინი, უფრო მაღალი ტრიგლიცერიდები და უფრო დაბალი გულის დამცავი HDL ქოლესტერინი. მათ ასევე აქვთ მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.
გაეცანით ჩვენს სტატიებს “დამატებულ შაქრებთან” დაკავშირებით:
რა საფრთხეს შეიცავს “დამატებული შაქარი” ბავშვებისთვის?-ინტერვიუ პედიატრთან
რატომ უნდა შევამციროთ შაქარი ჩვენს მენიუში?
ახალი რეკომენდაცია: არ მისცეთ ტკბილეული 2 წლამდე ბავშვებს
როგორ შევამციროთ “დამატებული შაქარი” ბავშის მენიუში?
ყურადღებით წაიკითხეთ საკვების შეფუთვაზე არსებული წარწერები (ეტიკეტები). მოარიდეთ 2 წლამდე ბავშვები ნებისმიერ სასმელსა და საჭმელს, რომელიც შეიცავს “დამატებულ შაქარს”. 2 წლის ასაკის ზევით, შეეცადეთ დღის განმავლობაში მიღებული შაქარი არ იყოს 25 გრამზე მეტი (დაახლოებით 6 ჩაის კოვზი).
მიირთვით წყალი და რძე. მოერიდეთ გაზიან სასმელებს და დამტკბარ სასმელებს. რძე შეიცავს ბუნებრივ შაქარს (ლაქტოზას) და უზრუნველყოფს ბავშვის მზარდ ორგანიზმს კალციუმით, ცილით, D ვიტამინითა და სხვა საკვები ნივთიერებებით.
შეზღუდეთ ხილის წვენი. მას თითო ულუფაზე მეტი შაქარი აქვს, ვიდრე მთლიან ხილს. ამერიკის პედიატრიის აკადემია გირჩევთ, არ მისცეთ წვენი წლამდე ბავშვებს.
- 1-3 წლის ასაკში – არაუმეტეს 120 მლ დღეში;
- 4-6 წლის ასაკში – არაუმეტეს 120-180 მლ დღეში;
- 7-14 წლის ასაკში – არაუმეტეს 230 მლ დღეში.
უპირატესობა მიანიჭეთ ახალ პროდუქტებს და არა შეფუთულ, გადამუშავებულ საკვებს. მათ ხშირად უმატებენ შაქარს დამზადების დროს.
ტკბილისადმი სიყვარული თქვენს პატარას მთლიანი ხილით დაუკმაყოფილეთ.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org