რა არის ტანტრუმი?
ტანტრუმი ემოციების ამოხეთქვაა, ძირითადად ბრაზით და იმედგაცრუებით გამოწვეული. თქვენმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შეიძლება ამ დროს დაიწყოს ფეხების ბაკუნი, ყვირილი, იატაკზე გაწოლა, ნივთების სროლა, დარტყმა, ან გალურჯებამდე შეიკავოს სუნთქვა (გადაბჟირდეს). (ნუ ღელავთ, ის აუცილებლად ამოისუნთქებს, მაგრამ მაინც მოუყევით ექიმს ამის შესახებ).
ტანტრუმი ბავშვების ნორმალური და გავრცელებული ქცევაა, განსაკუთრებით 2-3 წლის ასაკში. გამხნევდით! – 4 წლის ასაკისთვის მისი შემთხვევები გაიშვიათდება.
რა არ უნდა გავაკეთოთ ტანტრუმის დროს?
როგორი აღშფოთებულიც არ უნდა იყოთ ბავშვის საქციელით, გახსოვდეთ, რომ თქვენ ზრდასრული ხართ. თავი აარიდეთ ყვირილს, მიბაძვას ან დამუქრებას. ტანტრუმი უფრო აშინებს ბავშვს, როცა ის გრძობს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ თავს.
არ სცადოთ, რამე აუხსნათ ბავშვს. ტანტრუმის დროს ბავშვს არ შეუძლია მოსმენა, მით უმეტეს მიზეზის გაგება, განსჯა, და მისი ტვინი ვერ მიყვება ლოგიკას.
ნუ ეტყვით ბავშვს, რომ მისი რეაქცია გადაჭარბებულია. ეს მას ვერ დაეხმარება. პირიქით, მას სჭირდება იცოდეს, რომ თქვენ გესმით მისი.
არ დაადანაშაულოთ ბავშვი. არ უთხრათ, რომ მისი ტანტრუმი თქვენ გასევდიანებთ ან გაბრაზებთ. თქვენს შვილს არ სჭირდება ეს პასუხისმგებლობა და ნუ მიანიჭებთ ამ ძალას.
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ, რომ ვერ უმკლავდებით თქვენი შვილის ტანტრუმებს ან თუ განიცდით სევდას, ბრაზს, შფოთვას ან გადაღლილობას დიდი ხნის მანძილზე.
როგორ მოვიქცეთ საჯარო სივრცეში ტანტრუმის დროს
გაარიდეთ სიტუაციას. აიყვანეთ თქვენი შვილი და გაიყვანეთ უსაფრთხო სივრცეში. თუ ამას ვერ მოახერხებთ იმის გამო, რომ ძალიან სხმარტალებს, მოარიდეთ საფრთხის შემცველი საგნები, რომლის სროლა შეუძლია.
მოარიდეთ ამ დროს სხვა ბავშვებს, მაგალითად თუ პარკში ან სათამაშო მოედანზე ხართ. თუ ის კბენს ან ურტყამს ვინმეს, გადაჭრით აუხსენით, რომ ეს არ არის მისაღები ქცევა. უთხარით, რომ „მესმის, გაბრაზებული ხარ, მაგრამ მე არ შემიძლია მოგცე ვინმეს ტკენის ნება. მოდი, ამ გიჟური განცდებისაგან ხტუნვით ან ვეფხვისებური ღრენით განიტვირთე”.
ნუ დაუთმობთ ბავშვს მისი დამშვიდების მიზნით. ამის სურვილი განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გაგიჩნდეთ, როდესაც ბავშვს საჯარო სივრცეში აქვს ტანტრუმი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება ტანტრუმი, ნუ დაემორჩილებით მის უსაფუძვლო მოთხოვნებს, ან ნუ ეცდებით მის მოსყიდვას ან მასთან ვაჭრობას. მსგავსი დათმობა ასწავლის ბავშვს, რომ ჭირვეულობით შეუძლია სასურველი მიიღოს და ამზადებს ფონს ქცევითი პრობლემებისათვის მომავალში.
როგორ მოვიქცეთ ტანტრუმის შემდეგ
იყავით ალერსიანი. როდესაც ქარიშხალი გადაივლის, ჩაეხუტეთ. თქვენი ქცევებით აჩვენეთ, რომ ისევ გიყვართ და მასთან ხართ ნებისმიერ შემთხვევაში.
დაელაპარაკეთ მომხდარზე. მარტივი ენით აუხსენით მის განცდებზე „შენ გაბრაზებული იყავი, მაგრამ მე არ მესმოდა შენი, რადგან ყვიროდი. ახლა მშვიდად ხარ და შემიძლია გავიგო, რა გინდა“. აჩვენეთ, რომ როდესაც სიტყვებით გამოთქვამს თავის სურვილებს, უკეთეს შედეგს მიიღებს.
შეაქეთ დამშვიდებისთვის. უთხარით, რომ კარგად მოიქცა, რომ დამშვიდება შესძლო.
წყარო: www.babycenter.com
წაიკითხეთ ტანტრუმის შესახებ: