Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნორმალურია, რომ ჩემს სკოლამდელი ასაკის ბავშვს უჭირს საკუთარი ნივთების გაზიარება?

დიახ, ბავშვებს დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ესმით გაზიარების მნიშვნელობა. თუმცა, კიდევ სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ ეს თვითონაც გააკეთონ.  

3-4 წლის ბავშვების უმეტესობა საკუთარ საჭიროებებს პირველ ადგილზე აყენებს და შეიძლება დაიბნეს, როდესაც სხვისი მოთხოვნილებები ამას ეწინააღმდეგება. დაეხმარეთ მას გაზიარების სწავლაში.

როგორ ვასწავლო ჩემს შვილს საკუთარი ნივთების გაზიარება?

აქციეთ სახალისოდ

ასწავლეთ თქვენს შვილს თამაშები, რომლებიც თანამშრომლობას მოითხოვს მეტოქეობის ნაცვლად. მაგალითად, ფაზლის აწყობისას მორიგეობით დაამაგრეთ ნაწილები. ასევე, მორწყეთ ყვავილები, დაასუფთავეთ სახლი და დაგეგმეთ სხვა მსგავსი ერთობლივი პროექტები.

არ დასაჯოთ, თუ გაზიარება არ უნდა

თქვენ ალბათ უხერხულად გრძნობთ თავს, თუ თქვენი შვილი მეგობარს წაართმევს საკუთარ დათუნიას ან ტანტრუმს გამართავს იმის გამო, რომ სატვირთო მანქანით თამაშის მისი დრო გავიდა. მაგრამ, თუ თქვენ მას ეტყვით, რომ ეგოისტია, ან აიძულებთ დათმოს მისთვის ძვირფასი ნივთი, მან შეიძლება დაიმახსოვროს, რომ გაზიარებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

როდესაც ბავშვებს რცხვენიათ ან უხერხულად გრძნობენ თავს, თავდაცვით პოზიციაში დგებიან, რაც გაცილებით ართულებს ახალი უნარების სწავლას. გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივია, თქვენს შვილს სურდეს გარკვეული ნივთების  თავისთვის დატოვება, რადგან მას უყალიბდება განცდა, თუ რას ნიშნავს ფლობდეს რაღაცას. დარწმუნებული იყავით,  დროთა განმავლობაში ის გაიგებს, რომ მეგობრებთან გაზიარება ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე მარტო თამაში.

შეიძლება არსებობდეს ისეთი საგნები, რომლებიც განსაკუთრებით საყვარელია მისთვის. მაგალითად, დათუნია ან კომფორტული პლედი, რომელთა გაზიარება თქვენს შვილს არასდროს სურს. ეს ბუნებრივია, თქვენც გექნებათ ისეთი ნივთები, რომელთა გაზიარებაც არ გინდათ.

ისაუბრეთ

თუ სათამაშოსთვის კამათის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა ტანტრუმი მოაწყო, მოარიდეთ გარემოს და მხოლოდ მას შემდეგ დაელაპარაკეთ ორივეს, როცა დაწყნარდებიან.

თუ თქვენი შვილის მეგობარი რამეს მალავს ზურგს უკან, აუხსენით თქვენს პატარას, რომ „დათოს ძალიან მოსწონს ეს სათამაშო და არ უნდა, რომ ახლა სხვამ ითამაშოს მისით. იქნებ სხვა რამით დაინტერესდე?“

დაეხმარეთ თქვენს სკოლამდელი ასაკის ბავშვსაც საკუთარი გრძნობების გადმოცემაში – „ნაწყენი ჩანხარ“, ეს ასევე ამშვიდებს თქვენს შვილს, რადგან ხვდება, რომ მისი გესმით.

თუ თქვენს შვილს არ სურს რომელიმე კონკრეტული სათამაშოს გაზიარება, ჰკითხეთ მიზეზი. შეიძლება ის მისთვის ძვირფასი იყოს, იმიტომ რომ ბაბუამ აჩუქა.

ასწავლეთ თქვენს შვილს პრობლემების გადაჭრა

დაარწმუნეთ ბავშვი, რომ გაზიარება არ ნიშნავს გაჩუქებას და აღნიშნეთ, რომ თუ ის სათამაშოებს მეგობრებს უზიარებს, ისინი უფრო მეტად ისურვებენ საკუთარი სათამაშოების გაზიარებას.

პატივი ეცით  თქვენი შვილის სამფლობელოს

თუ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი გრძნობს, რომ მისი ტანსაცმელი, წიგნები და სათამაშოები შეიძლება დაიკარგოს ან დაზიანდეს, ის ნაკლებად ისურვებს მათ გაზიარებას. ასე რომ, სთხოვეთ ნებართვა, სანამ მის დას ათხოვებთ მის სახატავ ფანქრებს და დაუტოვეთ უარის თქმის შესაძლებლობა. დარწმუნდით, რომ მისი და-ძმები და მეგობრები გაუფრთხილდებიან მის ნივთებს, თუ ის ათხოვებს.

თუ მისი მეგობარი უნდა გესტუმროთ, ჰკითხეთ თქვენს შვილს,  აქვს თუ არა რამე ისეთი, რაც ურჩევნია არ გააზიაროს და დაეხმარეთ მას უსაფრთხო ადგილის მოძებნაში სპეციალური სათამაშოების შესანახად. შემდეგ სთხოვეთ, მოიფიქროს რითი გაერთობა სტუმართან ერთად. მაგალითად, ხატვა ან ბურთით თამაში. სთხოვეთ მეგობარს, რომ თან მოიტანოს რამდენიმე სათამაშო, რათა თქვენი შვილი არ იყოს ის ერთადერთი, რომელიც საკუთარ ნივთს აზიარებს.

მიეცით კარგი მაგალითი

თქვენი სამი ან ოთხი წლის ბავშვისთვის სიკეთის სწავლის საუკეთესო გზა არის თავად გახდეს ამის მოწმე. აცნობეთ თქვენს შვილს, რომ შეგიძლიათ გააზიაროთ მოთხრობა, გრძნობა ან იდეა, ასევე ნებისმიერი მატერიალური რამ. რაც ყველაზე მთავარია, დაე ნახოს, თუ როგორ გასცემთ, იღებთ, მიდიხართ კომპრომისზე ან უზიარებთ სხვებს.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5