Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თეკლე მაყაშვილი.

კვლევები ადასტურებს, რომ მადლიერების გრძნობა დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. გვესაუბრეთ მადლიერების ფენომენზე.

მადლიერებას პიროვნულ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. უმეტესწილად, ჩვენ მადლიერებას სოციალურად მისაღები ფორმით გამოვხატავთ. ხშირად ამას ავტომატურად ვაკეთებთ, სხვა შემთხვევებში კი მადლიერებას განსაკუთრებით გულწრფელად ვგრძნობთ და მადლობის თქმის დაუოკებელი სურვილი გვაქვს. საინტერესოა, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩვენ დიდი ენერგიით ვივსებით, ბედნიერი ვართ და შესაძლოა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად არ გვხვდება ისეთი მომენტები, რომლებიც ასე ძლიერად გვახარებს და სამყაროს მიმართ მადლიერებას გვაგრძნობინებს. თუმცა, ყოველდღიურად განცდილი მადლიერებაც კი საბოლოოდ ბედნიერების ამგვარ გრძნობებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მითი სულაც არ არის, რომ მადლიერებას ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. 

ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში მადლიერების გრძნობები ეტაპობრივად ვითარდება. თავდაპირველად, ბავშვის მიერ გამოხატული მადლიერება უფრო ჩვევას ჰგავს. მომწიფებასა და განვითარებასთან ერთად კი ეს განცდები იხვეწება. საინტერესოა ის, რომ მადლიერების გამოხატვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ამ გრძნობას განიცდის. ბავშვებს სოციალურად მისაღებ უნარ-ჩვევებს პატარაობიდანვე ასწავლიან. მადლობის გადახდაც მათ შორისაა. მართალია, ხშირად ადრეული ასაკის ბავშვები მადლიერებას გამოხატავენ, თუმცა შესაძლოა, ისინი ამას გულწრფელად არ განიცდიან. სწორედ ამიტომ, სასურველ ჩვევებთან ერთად მნიშვნელოვანია, ბავშვებთან მადლიერების განცდების გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. ამისათვის, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ბავშვებს ვესაუბროთ თავად მადლიერების განცდაზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტყვიერად მადლიერების გამოხატვა.

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს მადლიერება და  რაში დაეხმარება მათ ეს განცდა მომავალში?

მადლიერება უფრო ხშირად მეორე ადამიანის მიმართ ჩნდება. თუმცა, შესაძლოა  მადლიერება ბუნებასთან ან ცხოველებთან ურთიერთობის შედეგად ვიგრძნოთ. შესაბამისად, ბავშვებთან მუშაობისას მადლიერება შეგვიძლია გავაღვივოთ, არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ზოგადად სამყაროს მიმართ.

უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები და მოზარდები დაკვირვებით სწავლობენ. შესაბამისად, ჩვენ თავად აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერება, როგორც მათ, ისე სხვების მიმართ. ამასთან, ჩვენ ბავშვების მიერ მადლიერების გამოხატვის სხვადასხვა მცდელობა უნდა წავახალისოთ, შემდეგ კი კარგად უნდა აღვწეროთ, თუ რა ვიგრძენით და რატომ იყო ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი. სამომავლოდ, ბავშვები საკუთარ თავშიც ამ განცდების ძიებას დაიწყებენ და როდესაც სხვა სოციალურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თავად იქნებიან მადლიერების გამოხატვის ინიციატორი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სოციალურად მიღებულია, არამედ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვთ.

იმისთვის, რომ ბავშვებმა მადლიერების მნიშვნელობა კარგად გაიაზრონ და მისი განცდაც შეძლონ, მათ ამის შესახებ უნდა ვესაუბროთ. შეგვიძლია ბავშვებს დავუსვათ კითხვები და შემდგომ ამ კითხვებზე პასუხების მოძებნაში ჩვენვე დავეხმაროთ. შეგვიძლია ერთობლივად ვიკითხოთ წიგნები და ზღაპრები, რომლებშიც ბევრ სასურველ სოციალურ სიტუაციას წავაწყდებით. მათ შორის, გავიგებთ, თუ რა შეიძლება იყოს სამყაროში მადლიერების წყარო, როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება ერთმანეთის მიმართ და რაში დაგვეხმარება ეს. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ხაზი გავუსვათ სხვადასხვა ვითარებასა და სიტუაციაში აღმოჩენილ პერსონაჟებს და მათ გრძნობებს. წიგნები ხელს შეუწყობს ბავშვს, შეამჩნიოს, თუ რით შეიძლება იყოს მადლიერი. ის დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ განცდებით ტკბობა და საბოლოოდ თავადაც ასე მოიქცევა.

ამასთან, მადლიერების გრძნობების გასაძლიერებლად, შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე სავარჯიშო. მაგალითად, მოვაწყოთ მადლიერების დაფა სახლსა თუ საკლასო ოთახში. ყოველი თვის ბოლოს წებოვანი ქაღალდით მივაკრათ, თუ რით ვართ მადლიერი და რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დაფა თვალსაჩინო ადგილას მოვათავსოთ და ნებისმიერ წევრს მივცეთ საშუალება თვის განმავლობაში დაფაზე ცვლილებები შეიტანოს. გარდა ამისა, შეგვიძლია ბავშვთან ერთად მადლიერების ჟურნალი ვაწარმოოთ. ყოველდღიურად დავწეროთ, თუ რით ვართ მადლიერი და რატომ. ეს გაზრდის დადებითი ემოციების გამოვლენის ალბათობას.

როგორც აღვნიშნეთ, მადლიერებას პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს. მეტიც, მადლიერება პროსოციალური ქცევების ფორმირებას უწყობს ხელს. მადლიერების განცდისგან მიღებული კმაყოფილება წაახალისებს ბავშვებს, თავადაც იყონ ასეთივე ქცევის მონაწილე. ბავშვები და მოზარდები პროსოციალურ ქცევაში ერთვებიან, ვინაიდან ისინი ხედავენ სხვის მიერ გაწეულ დახმარებას, გრძნობენ მადლიერებას და თავადაც სურთ სხვას ეს განცდები მიანიჭონ. ამგვარად, პიროვნულ დონეზე მადლიერება ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება თავი დააღწიონ ბავშვურ ეგოცენტრულობას და იგრძნონ ემპათია სხვების მიმართ. ეს ერთი მხრივ, ზრდის ბავშვის ინტეგრირებას საზოგადოებაში და მეორე მხრივ, თავად საზოგადოებისთვისაც მოაქვს სარგებელი. საბოლოო ჯამში, პროსოციალური ქცევა პიროვნებას სიამოვნებას ანიჭებს. პროსოციალური ქცევის ადრესატიც სარგებელს იღებს, გრძნობს მადლიერებას და შემდგომ იმავე ქცევას უბრუნებს საზოგადოებას. ეს დაუსრულებელი ციკლი ასაზრდოებს, როგორც საზოგადოებას, ისე ინდივიდუალურ პიროვნებას.

მადლიერება მნიშვნელოვანია პოზიტიური ქცევის ფორმირებისთვის. კვლევები მოწმობს, რომ მადლიერება ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის მიღწევის მოტივაციას, მიზნისკენ სწრაფვას, რაც საბოლოოდ გაუმჯობესებულ აკადემიურ მიღწევებად ფორმირდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მადლიერებას სწორედ მოტივაციის ფუნქცია აქვს და ბავშვებსა და მოზარდებს მოტივირებულს ხდის, იყვნენ უფრო აქტიურად ჩართული სასწავლო და სოციალურ აქტივობებში.

თუ მშობელი ბავშვთან ნეგატიურ კომუნიკაციაშია, მას ხშირად უწოდებს, რომ ის უმადურია და ნეგატიურ კომენტარებს უკეთებს მის ქცევას, ეს რა გავლენას მოახდენს ბავშვზე?

ბავშვისთვის ნეგატიური იარლიყების მიწებება არასწორი მიდგომაა, როგორც მშობლის, ისე მასწავლებლის მხრიდან. ამგვარი კომენტარები ქცევის შეცვლის საფუძველი არასდროს ხდება, პირიქით, შესაძლოა გაამძაფროს კიდეც არასასურველი ქცევები. პირობითად, თუ ჩვენ ბავშვს უმადურს ვუწოდებთ, მეტია იმის ალბათობა, რომ ის ამ დახასიათების შესაბამისად მოიქცევა, ვიდრე ქცევის შეცვლას შეეცდება. არსებობს იმის საფრთხეც, რომ ბავშვის ეს ქცევა სხვადასხვა სიტუაციაზე განზოგადდება. თუ ჩვენ გვსურს, ბავშვს ვასწავლოთ მადლიერების გამოხატვა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს იყო მადლიერი. ყოველთვის უნდა დავუშვათ, რომ ბავშვმა უბრალოდ არ იცის, როგორ გამოხატოს მადლიერება. ამის დემონსტრირების უპირველესი ინიციატორი კი ჩვენ უნდა ვიყოთ. ცხადია, ძნელია ბავშვისგან მადლიერების განცდა და გამოხატვა მოვითხოვოთ, როდესაც ამას თავად არ ვაკეთებთ. უნდა ვეცადოთ, ბავშვს მივცეთ თვალსაჩინო მაგალითი, რომლითაც ის მადლიერების განცდისგან მიღებულ სარგებელს დაინახავს. გარდა ამისა, უნდა ვესაუბროთ მას ამ განცდებზე და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ შენიშვნებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენც უნდა განვიცადოთ მადლიერება ბავშვის სხვა დადებითი თვისებების მიმართ და ვეცადოთ, მხოლოდ ამის დანახვისა და აღქმის შემდეგ დავიწყოთ არასასურველ ქცევებთან გამკლავება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5