რას ეტყვით თქვენს შვილს უცხო ადამიანებთან საუბრის შესახებ, დამოკიდებულია მის ასაკზე. მცირეწლოვანმა ბავშვებმა, მაგალითად, არ იციან რა არის უცხო და ვერ გეტყვიან, ვინ არის უსაფრთხო და ვინ არა. ისინი ჯერ კიდევ არ არიან მზად საუბრებისთვის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ. 4 წლის ბავშვების უმეტესობას შეუძლია გაიგოს უცხო ადამიანების შესახებ და შეისწავლოს უსაფრთხოების წესები. სკოლის ასაკში მათ უკვე სმენიათ, რომ ზოგიერთი უცხო ადამიანი შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება ჩათვალონ, რომ ზრდასრული ადამიანი, რომელიც ლამაზად გამოიყურება, უსაფრთხოცაა.
გაითვალისწინეთ, რომ უცხო ადამიანის მიერ გატაცება ძალიან იშვიათია.
შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მხოლოდ 115 ბავშვი ხდება უცხო ადამიანის მიერ გატაცების მსხვერპლი.
დაიწყეთ სხეულის ძირითადი უსაფრთხოების წესებით. 2-3 წლის ბავშვებს, სთხოვეთ სახლს გარეთ ყოფნისას დარჩნენ თქვენთან ახლოს. ასევე, ამ ასაკის ბავშვები არც ისე პატარები არიან იმისთვის, რომ შეისწავლონ სასქესო ორგანოების სწორი ტერმინები და ის, რომ ამ ადგილებზე მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები უნდა შეეხონ.
იმსჯელეთ უცხოს ცნებაზე. ბავშვები, როგორც წესი, მზად არიან ამ დისკუსიისთვის დაახლოებით 4 წლის ასაკში. ჰკითხეთ თქვენს შვილს: “იცი, რა არის უცხო?”
თუ თქვენი შვილი პასუხს ვერ გაგცემთ, უთხარით მას, რომ უცხო ადამიანი არის ის, ვისაც არ იცნობს. იმისათვის, რომ ზედმეტად არ შეაშინოთ, ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ უცხო სულაც არ არის კარგი ან ცუდი – ის უბრალოდ მისთვის უცნობი ადამიანია.
სკოლამდელ ასაკში პარალელი გაავლეთ უცნობ ძაღლთან. ის შეიძლება კარგი ან ცუდი იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ იმიტომ, რომ არ ვიცნობთ.
ასევე მოუყევით უსაფრთხო უფროსების შესახებ. მაგალითად, დედა, მამა, ბებია-ბაბუა, დეიდები…
მოუყევით მას უფროსებზე, რომელთა ნდობაც შეიძლება. ახლო ადამიანების გარდა მოუყვანეთ რამდენიმე მაგალითი, ვისაც შეიძლება მიმართოს – ჯგუფელის სანდო მშობელი, მასწავლებელი ან ავტორიტეტული ადამიანი – პატრულის, დაცვის ან მაღაზიის თანამშრომლები. მოუყევით მას, როგორი ფორმა შეიძლება ეცვას ადამიანს, რომელსაც მისი დახმარება შეუძლია.
განსაზღვრეთ წესები: რა შეიძლება და რა არა. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესთავაზეთ თამაში: „თუ დაიკარგები მაღაზიაში, მიდი იქ, სადაც ფულს ვიხდით, უთხარი შენი სახელი, გვარი და დამელოდე, არსად წახვიდე, სანამ მოგაკითხავ“. თუ უცხო ადამიანი მიუახლოვდება, ამ ასაკის ბავშვი პირდაპირ იმასთან უნდა მივიდეს, ვისთან ერთადაცაა იმ მომენტში.
ბავშვს შეუძლია მიესალმოს უცხო ადამიანს, როცა გვერდით ხართ. მაგრამ თუ მარტოა, არ უნდა გამოელაპარაკოს, არაფერი გამორთვას და არ გაჰყვეს მას.
განსაზღვრეთ წესები ინტერნეტის მოხმარებაზე. განათავსეთ ნებისმიერი კომპიუტერი ან ტელეფონი საერთო სივრცეში, რომ დააკვირდეთ, რას აკეთებს ბავშვი. თქვენს შვილს უთხარით, რომ არასდროს გასცეს პირადი ინფორმაცია, არ უპასუხოს კითხვებს ან შეავსოს ფორმები ინტერნეტით.
წესები საჯარო ტუალეტით სარგებლობისთვის. 6 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა მზადაა დამოუკიდებლად გამოიყენოს საზოგადოებრივი ტუალეტი. მაგრამ ფხიზლად იყავით: დადექით კართან და უთხარით თქვენს შვილს დაგირეკოთ, თუ დასჭირდებით. ასევე, უარი თქვას დახმარებაზე, თუ შესთავაზებენ: “არა, მადლობა. მე თვითონ მოვახერხებ“ ან “არა, მადლობა. დედაჩემს შეუძლია დამეხმაროს”.
მოამზადეთ უფროსი ბავშვები სახლში მარტო ყოფნისთვის. ასწავლეთ მათ, რომ თუკი ვინმე მოვა კართან, არ გაუღონ და უთხრან: „დედა ამჟამად ვერ მოვა კართან”. თუ რამეს მოიტანენ, კართან დატოვონ ან სხვა დროს დაბრუნდნენ.
მოერიდეთ საშინელ განცხადებებს. “შეიძლება უცხო ადამიანმა წაგიყვანოს!” ან “შეიძლება ვეღარასოდეს გნახო!” – ეს თქვენს შვილს ზედმეტად დააშინებს. უნდა ესაუბროთ არა იმაზე, რაც შეაშინებთ, არამედ იმაზე, რაც გააძლიერებთ.
წყარო: www.babycenter.com