Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყურადღება გაუმახვილეთ ჯანმრთელობაზე. უთხარით მას, რომ  ყველაფერი, რაც საკვები არ არის – იქნება ეს ბაღის ყვავილი, გამწმენდი ნივთიერება თუ სიგარეტის კვამლი – შეიძლება საშიში იყოს საჭმელად, სასმელად ან სათამაშოდ. აუხსენით, რომ მოწევა განსაკუთრებით დამაზიანებელი შეიძლება იყოს ბავშვებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი და ტვინი კვლავ იზრდება და ვითარდება.

ნათლად გამოხატეთ თქვენი ღირებულებები. თუ ოჯახში არავინ ეწევა, უფრო გაგიმარტივდებათ იმის ახსნა, რომ მოწევას არ ეთანხმებით. „რა ცუდი სუნია, ხომ?“, შეგიძლიათ უთხრათ, როცა თამბაქოს სუნს იგრძნობთ. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ მოწევა დაუშვებელია რესტორნებში ან მაღაზიებში, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმ ნიშნებზე, რომლებიც აჩვენებს სიგარეტს წითელი ხაზით (სკოლამდელი ასაკის ბავშვები უყვართ ამ ნიშნების გაგება).

თუ თქვენ სკოლამდელ ასაკში გაუმახვილებთ ყურადღებას შვილს სიგარეტის მავნებლობაზე, ამას უფრო ძლიერი გავლენა ექნება. 

თუ თქვენ ან თქვენი პარტნიორი, ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი ეწევით, უფრო რთული გასაგები იქნება ბავშვისთვის, რატომ არ გინდათ, რომ მან მოწიოს. თქვენ მარტივად უნდა უპასუხოთ: „კი, მე ხანდახან ვეწევი. ვისურვებდი, რომ არასდროს დამეწყო მოწევა, რადგან  შეწყვეტა ძალიან რთულია. მე გარეთ ვეწევი, როცა ჩემთან არ ხარ. რადგან არ მინდა შეისუნთქო სიგარეტის კვამლი, რომელიც ძალიან მავნეა ბავშვებისთვის.“

ასწავლეთ თქვენს შვილს კარგი არჩევანის გაკეთება. დაეხმარეთ, ისწავლოს კარგი გადაწყვეტილებების მიღება ახლა, სანამ ჯერ კიდევ პატარაა. მისთვის ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ფიქრი, უნდა დაიწყოს თუ არა მოწევა, მაგრამ მას შეუძლია ისწავლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული არჩევანის გაკეთება: რომელი ტანსაცმელი ჩაიცვას დილით (აირჩიოს ამინდის შესაფერისი ტანსაცმლიდნ), რომელი ფეხსაცმელი ჩაიცვას წვიმის დროს, რომელი საკვები იქნება ჯანსაღი წასახემსებელი ნაშუადღევს. ნუ უსაყვედურებთ, თუ მისი არჩევანი თქვენსას არ ემთხვევა – წყნარად უთხარით, რატომ გააკეთებდით სხვა არჩევანს და დაეთანხმეთ მის არჩევანს, როცა ეს შესაძლებელია. შესაბამის სიტუაციებში, შეაქეთ კარგი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

ასწავლეთ თქვენს შვილს “არას” თქმა. თუ თქვენი შვილი ადრეულ ასაკში ისწავლის, როგორ დაიცვას თავისი შეხედულებები თავდაჯერებულად, მოგვიანებით, იმ ასაკში, როდესაც მოწევა უფრო გავრცელებული იქნება, ის უკეთ გაუმკლავდება თანატოლების ზეწოლას (ა.შ.შ. განათლების დეპარტამენტის თანახმად, ბავშვების 70 % სინჯავს სიგარეტს და მათი 40 % – მაღალ კლასებში გადასვლამდე). მოუსმინეთ, როდესაც თავის მოსაზრებას იცავს და როდესაც არ ეთანხმებით, გააკეთეთ ეს პატივისცემით. ბავშვები, რომლებსაც მუდამ ესმით, „ეს სულელური აზრია, რატომ უნდა მოუვიდეს ვინმეს თავში?“ ან „ნუ მეკამათები!“, მოგვიანებით, თინეიჯერობის ასაკში ნაკლებ თავდაჯერებულები და უფრო მეტად მეამბოხეები არიან და ნაკლებად შეუძლიათ გაითვალისწინონ შინაგანი ხმა, რომელიც საღ აზრს კარნახობს.

დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ თქვენ ენდობით მას. ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან თამბაქოსთან ექსპერიმენტებისაკენ მაშინ, როცა მათი თვითშეფასება დაბალია ან როცა მათ სიყვარული და ყურადღება სწყურიათ. ადრევე შექმენით კარგი საფუძველი თქვენი სკოლამდელი ბავშვისთვის ხშირად თქმით, რომ გულწრფელად გიყვართ და აფასებთ მას, იმისდა მიუხედავად, იმსახურებს თუ არა ამას.

ბავშვების კითხვები. მშობლების პასუხები:

რა არის სიგარეტი?

– სიგარეტი მზადდება თამბაქოსგან და მას ეწევიან. ის ვნებს ჩვენს ორგანიზს.

რატომ არის სიგარეტი ცუდი?

– იმიტომ, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი სუნთქვისთვის. ის ვნებს ჩვენს გულს და ფილტვებს. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ ვეწევით, მაგრამ მწეველთან ერთად ვართ ოთახში, ვსუნთქავთ ცუდ ჰაერს. თუ მოწევას დავიწყებთ, რთულია გადაჩვევა, ამიტომ აჯობებს, თუ არასდროს დავიწყებთ.

რატომ ეწევა დეიდა ნინო?

– მან მოწევა ახალგაზრდობაში დაიწყო, როცა არ იცოდა, რომ ეს მავნებელი იყო. ახლა უკვე იცის და უნდა თავის დანებება, მაგრამ ეს ძალიან რთულია.

ის ეწევა ანუ მოკვდება?

– ის ამ წუთას არ მოკვდება და არც ვიცით, როდის მოხდება ეს. მაგრამ სიგარეტი ისეთი მავნეა, რომ საბოლოოდ იწვევს სიკვდილს, თუნდაც ამას დიდი დრო დასჭირდეს.

თუ თქვენ მწეველი ხართ, ეს სიტყვები ბავშვს დაამწუხრებს, ამიტომ უთხარით, რომ აპირებთ მოწევის შეწყვეტას და თუ ამას მოახერხებთ, თქვენი ორგანიზმი უფრო ჯანმრთელი იქნება.

– შეიძლება შენი სიგარეტი გავსინჯო?

– არა. სიგარეტი მავნეა ყველასთვის, ჩემთვისაც და შენთვის მით უმეტეს, რადგან შენი სხეული ჯერ კიდევ იზრდება და ვითარდება.  

წყარო: https://www.babycenter.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5