Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას ,,დედამ იცის” ესაუბრებიან ფსიქოლოგი, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ცირა ბარქაია და ნეიროფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, მარიამ ხვადაგიანი. 

  • როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ომთან დაკავშირებული ინტერესები?
  • როგორი მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს?
  • რას გულისხმობს ასაკისა და განვითარების შესაბამისი მხარდაჭერა?
  • რას გულისხმობს საინფორმაციო მხარდაჭერა?
  • რას გულისხმობს ემოციური მხარდაჭერა?
  • როგორ ვაგრძნობინოთ ბავშვს უსაფრთხოდ და დაცულად თავი, როცა თავად ზრდასრულია დასტრესილი?

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ომთან დაკავშირებული ინტერესები?

მარიამ ხვადაგიანი: 

პირველ რიგში, მოდით, შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც სხვადასხვა წყაროს მეშვეობით იღებენ ინფორმაციას ომზე. ვისაუბრებთ, როგორ გავაკეთოთ იდენტიფიცირება იმისა, აქვს თუ არა ბავშვს რამე ინფორმაცია და თუ როგორ დავეხმაროთ მათ ნეგატიური ემოციების მართვაში. 

რეალობა არის ის, რომ ომი მიმდინარეობს უკრაინაში. ფაქტია,  რომ ეს მოცემულობა მნიშვნელოვან ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს ჩვენზე, როგორც ზრდასრულებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. ომის მიმართ ინტერესი და მასთან დაკავშირებული ემოციები ბავშვებმა და მოზარდებმა სხვადასხვაგვარად  შეიძლება გამოხატონ. მაგალითად, ზოგიერთმა ბავშვმა შესაძლოა დასვას შეკითხვები, ან გამოთქვას აზრები, დამოკიდებულებები, გამოხატოს ემოციები, თუმცა  შესაძლებელია, რომ  ზოგიერთმა საერთოდ არ გამოხატოს თავისი განცდები ვერბალურად (სიტყვიერად), მაგრამ ეს გამოჩნდეს, მის ნახატში, თამაშის პროცესში, ქცევის ცვლილებაში. ქცევის ცვლილებები შესაძლოა გამოვლინდეს ღამის ენურეზის (უნებლიე შარდვის), ძილის დარღვევის, უჩვეულო ჭირვეულობის, ტირილის სახით, ან მაგალითად ადრეული ასაკის ბავშვებს გაუჩნდეთ მიჯაჭვულობის სირთულეები და  დაიწყოს შეძენილი უნარების თითქოსდა დაკარგვა და მსგავსი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, შესაძლოა ბავშვმა არ იკითხოს ამ თემის შესახებ, მაგრამ დახატოს ან გამოძერწოს, ან მისი ქცევა შეიცვალოს და ა.შ. ამ დროს შესაძლოა მშობელმა ვერ დააკავშიროს  ეს პროცესები იმ გლობალურ მოვლენასთან, რასაც ომი ჰქვია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მშობელმა/მზრუნველმა პირმა ყურადღება მიაქციოს მსგავს დეტალებს, –  დააკვირდეს, ან ფრთხილი შეკითხვებით გაარკვიოს, თუ რა ინფორმაციას ფლობს ბავშვი, რა იცის მან, როგორ აღიქვამს ამ მოცემულობას და რას გრძნობს ის. ამისათვის საჭიროა, რომ მშობელმა გამოყოს დრო და ესაუბროს ბავშვს მშვიდად. 

მნიშვნელოვანია ბავშვის დამშვიდება და მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი მოვლენა. როცა მშობელი/მზრუნველი პირი ამჩნევს, რომ ბავშვს კვლავ აქვს ინტერესი, შეკითხვები, ხატავს, თამაშობს თამაშებს, რომელიც უკავშირდება ნეგატიურ ემოციებს, საჭიროა, მან ისევ დაუთმოს დრო საუბარს, ან ისეთი აქტივობების შეთავაზებას, რომელიც დაეხმარება ბავშვს ემოციების რეგულაციაში. აქ საჭიროა სიფრთხილე და ბალანსის დაცვა, ბევრი პირდაპირი შეკითხვით შესაძლებელია საპირისპირო შედეგი მიიღოს მშობელმა, – ბავშვს თავს მოახვიოს საკუთარი შიშები და შფოთვები და პატარას გაეზარდოს შფოთვა. ბავშვთან კომუნიკაციისას მშობელმა, სასურველია, მუდმივად  გამოხატოს დიალოგისადმი მზაობა, იყოს რეფლექსიური,  ყურადღებიანი მსმენელი, დამკვირვებელი. 

ზოგადად, მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვმა იცოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი მზად არის მოუსმინოს მათ; იცოდეს, რომ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ემოციები, რაც მთავარია, იგრძნონ თავი უსაფრთხოდ. ბავშვის დამშვიდება სტრესულ მომენტში, მისი ემოციური მხარდაჭერა, შესაძლებლობას აძლევს მას, იყოს ფუნქციური.

როგორი მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს? რას გულისხმობს ასაკისა და განვითარების შესაბამისი მხარდაჭერა? რას გულისხმობს საინფორმაციო მხარდაჭერა? რას გულისხმობს ემოციური მხარდაჭერა?

ცირა ბარქაია:

ემოციური და ინფორმაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფისას, მშობელმა/მზრუნველმა პირმა საჭიროა, გაითვალისწინოს ბავშვის ასაკისა და განვითარების თავისებურებები, მისი ინდივიდუალური ტიპაჟი. 5 წლამდე ადრეული ასაკის ბავშვისათვის არსებითია ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა, რაც შესაძლებელია გამოიხატოს ფიზიკური შეხებით, ჩახუტებით, ხელში აყვანით და სიტყვიერი დამშვიდებით. სასურველია, მშობელმა საშუალება მისცეს ბავშვს და წაახალისოს ბავშვის თვით-გამოხატვა თამაშისა და ისეთი აქტივობების სახით, როგორიცაა: ხატვა, ძერწვა, მუსიკალური აქტივობები, როლური თამაში. 6-11 წლის  (შუა ასაკის) ბავშვებს ესაჭიროებათ მუდმივი ემოციური გამხნევება, თუ ომის შესახებ აღქმული ინფორმაციის გამო გამოხატული შფოთვა აქვთ. თუ ამ შფოთვის ფონზე მათ უჭირთ ყურადღების კონცენტრირება სწავლაზე, აუცილებელია, მზრუნველმა პირებმა/მშობლებმა დროებით მისცენ ბავშვებს მოდუნების საშუალება და დარწმუნდნენ, რომ ისინი იღებენ ემოციურ მხარდაჭერას და დასმულ შეკითხვებზე პასუხს. 

მოზარდების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, როგორც მათი ემოციური მხარდაჭერა, ასევე მათი სოციალური კუთხით გაძლიერება. მაგალითად, 11-14 წლის ბავშვების შემთხვევაში სასურველია, მშობლების მხრიდან ემოციურ მხარდაჭერასთან ერთად, წახალისდეს მათი სოციალური ინტერაქცია ამხანაგებთან, რომ მოზარდებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ჯგუფურ, მეგობრულ, თუნდაც მოხალისეობრივ აქტივობაში, რაც კარგად იმოქმედებს მათ ემოციურ კეთილდღეობაზე. 15-18 წლის ასაკის მოზარდებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებლობა მიეცეთ, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებებზე, მშობლებთან, მათთვის მნიშვნელოვან, მზრუნველ ზრდასრულებთან, თანატოლებთან. ასევე კარგი იქნება, თუ მშობლები მოზარდებს წაახალისებენ ჩაერთონ, ან მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა  ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ მოხალისეობრივ საქმიანობებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ ემოციურ კეთილდღეობასა და მნიშვნელოვნების შეგრძნებაზე. სასურველია მეტი დისკუსია, მიღებული ინფორმაციის ერთობლივად განხილვა და გადამუშავება. მოზარდები შესაძლოა ჩაერთონ საკმაოდ სერიოზულ დისკუსიებში სამართლიანობაზე. 

მარიამ ხვადაგიანი:

დარწმუნდით, რომ ბავშვი და მოზარდი იღებს ემოციურ მხარდაჭერას. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს. 

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: 

ადრეული ასაკის ბავშვი ეკითხება მშობელს, – ,,რისგან არის აშენებული ჩვენი სახლი? გაუძლებს სროლას?’’ კონტექსტიდან გამომდინარე ეს და ამგვარი კითხვები მიუთითებს, რომ ბავშვმა ნახა ომის კადრები და ეშინია, გამოხატავს ინტერესს, რომ შესაძლებელია, თუ არა მსგავსი რამ მის და მისი გარშემომყოფების თავს მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, მშობელმა უპასუხოს მსგავსი შინაარსით: ,,ჩვენი სახლი არის უსაფრთხო ადგილი, ჩვენს სახლს არავინ ესვრის და სახლი არ დაინგრევა’’ჩვენ [მშობლები, მზრუნველი პირები, და-ძმა და სხვა ძვირფასი ადამიანები] შენთან ვართ, ჩვენ ყველანი უსაფრთხოდ ვართ’’.  მთავარი პრინციპი მისი დამშვიდება და ემოციური უსაფრთხოების განცდის შექმნაა.

თუ ბავშვი სვამს შეკითხვას, რომელზეც  მშობელს/მზრუნველ პირს არ აქვს პასუხი, ან საპასუხო ინფორმაცია ისეთი შეიძლება იყოს, რომ ამან ბავშვის დამატებითი სტრესი გამოიწვიოს და არ სურს ამ პასუხის გაცემა, მაინც არსებითია რომ პასუხი იყოს გულწრფელი და არ შეიცავდეს ტყუილს, ან არარეალურ დაპირებებს. მაგალითად, 9 წლის ბავშვის შეკითხვაზე ,,თუ ვერ მოერევიან ბოროტებს უკრაინელები, მაშინ რა მოხდება?” შესაძლებელია, მშობელმა უპასუხოს ასე: ,,ძალიან ბევრი ზრდასრული ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. მეც შენთან ერთად დაველოდები ამას’’. 

მოზარდების შემთხვევაში, დასმული შეკითხვა შესაძლებელია გადაიზარდოს მნიშვნელოვან განხილვაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მშობელს შეუძლია შესთავაზოს ინფორმაციის ერთად მოძიება, განხილვა და გადამუშავება. ინფორმაციის ერთად გაცნობის შეთავაზების მთავარი პრინციპი არის ის, რომ მშობელმა იცის, თუ რა ტიპის ინფორმაციას ეცნობა მოზარდი და ახდენს სათანადო რეაგირებას.

ცირა ბარქაია

ადრეული ასაკის ბავშვები სვამენ ისეთ შეკითხვებსაც, რომელიც ეხება სიკვდილის თემას. მაგ: “კეთილი ადამიანებიც კვდებიან? ომი ჩვენთან ხომ არ დაიწყება? აქაც თუ დაიწყება მოვკვდებით?“. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, როგორ შეიძლება ადრეული ასაკის ბავშვებმა ასეთი შეკითხვები დასვან, ან საიდან უჩნდებათ მათ ასეთი შეკითხვები.

ზოგადად, თითოეულ ჩვენგანს ბავშვების მიერ დასმულ რთულ შეკითხვებზე გვიწევს პასუხების გაცემა, რაგინდ რთული ასახსნელიც არ უნდა იყოს ისინი. არსებითია ბავშვის ინტერესი და  მისი ცნობისმოყვარეობის და  ემოციების მიყოლა.

როცა ჩვენ არ გვაქვს პასუხი, უნდა ვთქვათ, რომ არ გვაქვს პასუხი. ამავდროულად, ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა, პასუხების გაცემის ნაცვლად ბავშვს დავუსვათ ღია კითხვები, რომელიც მიმართულია ისევ და ისევ მათი აზრების და ემოციების გამოხატვასა და გამოტანაზე. იმის მიხედვით, თუ რას პასუხობს ბავშვი, არსებითია მშობელმა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, კერძოდ უზრუნველყოს, როგორც ემოციური მხარდაჭერა, ასევე, განავრცოს მასთან ერთად კონკრეტული საკითხები და გასცეს ბავშვს პასუხი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ პრინციპით, მშობელმა შესაძლოა დაიწყოს ამგვარად: ,,მესმის რომ ღელავ. ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ და ომის დაწყების საფრთხე არ არის. გინდა მითხრა კიდევ რას გრძნობ?’’ 

რომ შევაჯამოთ, რეკომენდაციები, რა მხარდამჭერი სტრატეგიები შეიძლება გამოიყენონ მშობლებმა და მზრუნველმა პირებმა ბავშვებთან და მოზარდებთან?

რა გავითვალისწინოთ ადრეული და შუა ასაკის ბავშვებთან?

მარიამ ხვადაგიანი

აუცილებელია, მშობელმა გამოყოს დრო ბავშვისთვის და გამოიკვლიოს მასთან ერთად ბავშვის გრძნობები, მიიღოს ისინი და უპასუხოს უსაფრთხოების განცდისა  და კომფორტის შექმნით;

გადამწყვეტია, საუბარი შედგეს ბავშვისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე და არ მიაწოდოთ ზედმეტი დეტალები,  რაც გულისხმობს, როგორც შინაარსობრივად, ასევე რაოდენობრივად იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც ბავშვისთვის აღქმადია;  

ბუნებრივია, რომ სრულად ვერ დაიცავთ ბავშვს ახალი ამბებისგან და დაუშვებელია მათი კითხვებისა და ემოციების უგულებელყოფა, არიდება, მით უფრო რომ ბავშვები გაიგებენ უკრაინის ომის შესახებ სკოლაში მეგობრების მეშვეობით, საუბრების მოსმენით, ან ინტერნეტის გზით. მიეცით ძირითადი, ფაქტობრივი ინფორმაცია. აუცილებელია, ბავშვს მოვარიდოთ ომის ამსახველი გრაფიკული გამოსახულები (ვიდეო, ფოტო). 

ცირა ბარქაია:

სასურველია, მშობელი მოემზადოს ბავშვთან აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციის მიზნით, კერძოდ, არსებითია, ყურადღება მიაქციოს, თუ რას გრძნობს თავად, და ასევე თუ რა ინფორმაციის მიწოდება სურს ბავშვისთვის. ცხადია, ბავშვთან კომუნიკაცია მუდმივად ვერ იქნება დაგეგმილი და წინასწარ გააზრებული; მშობელს ხშირად დასჭირდება იყოს სპონტანური ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა მთავარი აქცენტი აქ ემოციური მზაობის გამომუშავებასა და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზეა;

მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინის დაცვა და იმ აქტივობებში მონაწილეობა, რომლებიც ბავშვებისთვის ჩვეულია. პროგნოზირებადი დღის, თუ კვირის რუტინა პატარებს ძალიან ეხმარება სტრესისა და შფოთვის შემცირებაში; 

მნიშვნელოვანია პოზიტიური ქმედებების შეთავაზება და განმტკიცება. მშობელმა აუცილებელია ბავშვს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს. ასევე მნიშვნელოვანია მშობელმა შესთავაზოს ბავშვს დაზარალებულთა მხარდამჭერ აქტივობებში ჩართვა, რაც შეიძლება იყოს მათთვის საკვების, სათამაშოების, ნახატის გაჩუქება.  

რა გავითვალისწინოთ მოზარდებთან?

მარიამ ხვადაგიანი:

მნიშვნელოვანია, მშობელმა პერიოდულად დასვას კითხვები და ესაუბროს მოზარდს ამ თემაზე. მოზარდის სურვილის და ინიციირების შემთხვევაში, ჩაერთოს მასთან ერთად მსჯელობაში, თუ რა და რატომ ხდება. აუცილებელია, მშობლებმა აღიარონ მოზარდების ემოციები, და შეახსენონ, რომ ასეთ სიტუაციებში  შიშის, დაუცველობის, ან ბრაზის შეგრძნება სავსებით ბუნებრივია  და დაამშვიდონ სხვადასხვა სტრატეგიებით. მშობლის მზაობა, აწარმოოს მოზარდთან დიალოგი მისთვის საინტერესო თემებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მათი წუხილების ყურადღებით მოსმენა და კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნების შექმნა; 

გასათვალისწინებელია, რომ მოზარდებმა ადრეული ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით შესაძლებელია დასვან მეტად კრიტიკული და რთული შეკითხვები. მთავარი ამ შემთხვევაში არ არის ყველა შეკითხვაზე ჰქონდეს მშობელს პასუხი, არამედ მნიშვნელოვანია სწორედ მსჯელობა და საუბარი, რაც მოზარდებს ეხმარება დამშვიდებაში; 

მნიშვნელოვანია, მოზარდებთან იმ წაკითხულ, მოსმენილ და ნანახ ინფორმაციაზე საუბარი, რისგანაც მათი დაცვა შეუძლებელია. აღნიშნულზე საუბარი და საუბრის დროს მათი მხარდაჭერა დაეხმარებათ მოზარდებს აღქმულის გადამუშავებაში; 

ცირა ბარქაია:

სასურველია, მოხდეს შეთანხმება, თუ რა წყაროებს გამოიყენებს მოზარდი ინფორმაციის მისაღებად და რა სიხშირით. იმის გაცნობიერება, რომ არსებულ სიტუაციაში ბევრი მედია საშუალება ყველაზე ხშირად ომის და მასთან დაკავშირებული ნეგატიური ფაქტების შესახებ წერს და ამ დროს მნიშვნელოვანია სხვა ტიპის ინფორმაციაზე გადართვა, ეს დაეხმარება მოზარდს ნეგატიური ინფორმაციისგან თავის დაცვაში;

მნიშვნელოვანია იმ სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა, საიდანაც მოზარდი იღებს ინფორმაციას. სასურველია, წავახალისოთ მოზარდი დააყენოს გარკვეული დროის ლიმიტი სოციალური მედიის გამოყენებასთან მიმართებაში. სასურველია იმის შეხსენება, რომ მათ შეუძლიათ თავად აკონტროლონ, თუ რა პლატფორმას გამოიყენებენ და რა დროით. 

როგორ ვაგრძნობინოთ ბავშვს უსაფრთხოდ და დაცულად თავი, როცა თავად ზრდასრულია დასტრესილი?

ცირა ბარქაია:

აუცილებელია, ზრდასრულებმა იზრუნონ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, ემოციურ მზაობაზე, რათა შეძლონ ბავშვთან ინფორმაციის მიტანა და გარკვეული ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში,  აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქოლოგს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება გულისხმობდეს მშობლების/მზრუნველი პირების მხრიდან კონსულტაციის გავლას ინდივიდუალური ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით, ან მეორე მხრივ ბავშვის, მოზარდის ან თავად ზრდასრულის ფსიქოლოგთან ვიზიტს მისი ინდივიდუალური მხარდაჭერისთვის.

სტრესი, იქნება ინდივიდუალურ დონეზე, თუ გლობალური მოვლენებიდან გამოწვეული, რეალურად ადამიანზე ერთნაირად ახდენს გავლენას. შესაძლოა მცირე სტრესმა გრანდიოზული გავლენა იქონიოს კონკრეტულ ადამიანზე და შეიძლება გლობალურმა მოვლენამ კონკრეტულ ადამიანზე არ გამოიწვიოს ნეგატიური გავლენა. ამიტომ რთულია ამ ფორმატში კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა კონკრეტული ზრდასრულისთვის თუ ბავშვისთვის, რადგან ძალიან ბევრი რამაა ამ დროს გასათვალისწინებელი ინდივიდუალური პირის შემთხვევაში.

მარიამ ხვადაგიანი:

მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანები და თანმიმდევრულები და გავიაზროთ,  რომ ბავშვებიც განიცდიან ამ მდგომარეობას, როგორადაც არ უნდა ვთვლიდეთ და აღვიქვამდეთ მათ ემოციურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ზრდასრულებმა მაქსიმალურად უნდა ვმართოთ ჩვენი ემოციები ბავშვებთან და მოზარდებთან, გამოვხატოთ ისინი, გვქონდეს ჩვენი სივრცე, ვესაუბროთ მეგობრებს, ვესაუბროთ ახლობელ ადამიანებს, მივიღოთ რჩევები ერთმანეთისგან და ვეცადოთ ბავშვებს დავუთმოთ ხარისხიანი დრო. ამ დროს მნიშვნელოვანია ემპათიის, თანაგრძნობის ხელშეწყობა.  ემპათია, თანაგრძნობა არ არის შეცოდება, ეს არის ემოციების ისე გამოხატვა, რომ ბავშვებმა შეძლონ თანაგანცდაში შესვლა და ეს თანაგანცდა იყოს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სადაც შედის ზრუნვა, დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძნების უზრუნველყოფა და მათი გამოვლენა. 

ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის ძალიან ზოგადი პრინციპები და პირველადი სტრატეგიები, რომლებიც გამოგვადგება იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც სხვადასხვა წყაროს მეშვეობით იღებენ ინფორმაციას ომზე და არა იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომელიც სამწუხაროდ არიან ომის უშუალოდ განმცდელები და გამომცდელები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5