Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რას უნდა ველოდოთ ამ ასაკში?

სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემაა ბავშვებთან სალაპარაკოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობთ ახლობლის  გარდაცვალებას გაუმკლავდეთ. თუმცა, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ბავშვებს სურთ გაიგონ, რა ხდება ამ დროს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკვე აქვთ ინფორმაცია სიკვდილის შესახებ ზღაპრებიდან და მულტფილმებიდან. ასევე, შესაძლოა სეირნობის დროს შეამჩნიონ მკვდარი ჩიტები ან ხოჭოები. ალბათ, ზოგიერთს ოჯახის წევრის ან საყვარელი ცხოველის გარდაცვალებაც განუცდია. მიუხედავად ამისა, სიკვდილის ყველა ასპექტის გაგება ამ ასაკში ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.

ახლობელი ადამიანის სიკვდილთან შეგუებას ბავშვები სხვადასხვა გზით ახერხებენ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგეჯაჭვებათ ან ტუალეტის ჩვევებს დაივიწყებს, უფრო პატარასავით ილაპარაკებს ან საყვარელ ბაღში სიარულს გააპროტესტებს. შესაძლოა, „ვითომ მოვკვდიც“ ითამაშოს. ეს ნორმალურია და ნუ დაუშლით თავისი განცდების ამ გზით გამოხატვას.

როგორ ავუხსნათ სიკვდილის შესახებ სკოლამდელს?

თავი არ აარიდოთ მის კითხვებს. ნორმალურია, რომ ბავშვს აინტერესებდეს სიკვდილის შესახებ, მაშინაც კი, თუ მის სიახლოვეს არავინ გარდაცვლილა. ამ დროს ლაპარაკი კარგიც კია, რადგან ემოციურად დატვირთული არ იქნებით და უბრალოდ მიაწვდით ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მომავალში, თუ მისი ახლობელი ადამიანი გარდაიცვლება.

უპასუხეთ მოკლედ და მარტივად. მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ ერთდროულად ბევრი ინფორმაციის გადააზრება. ამ ასაკში უმჯობესია მოვუყვეთ ფიზიკური ფუნქციების შეჩერებაზე, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ავადმყოფობაზე: „ბიძია გარდაიცვალა. მისმა სხეულმა შეწყვიტა მუშაობა. მას აღარ შეუძლია სიარული ან სირბილი, დალევა ან ჭამა და ახლა ის ვერ გრძნობს ტკივილს.“

ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლამდელი ასაკის ბავშვს ვუთხრათ, ვინ იზრუნებს მასზე. „თუ დედა მოკვდება, მე ვინ მაბანავებს?“

გამოხატეთ საკუთარი ემოციები. სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეგატყობთ გუნება-განწყობილების ცვლილებებს და ჩათვლის, რომ ყველაფერი ცუდადაა, თუ მისგან ამის დამალვას შეეცდებით. ამიტომ, აუხენით, რომ უფროსებსაც გჭირდებათ ხანდახან ტირილი, რადგან გენატრებათ გარდაცვლილი ადამიანი.

თავი აარიდეთ შელამაზებებს. „დაიძინა“, „წავიდა“ – შესაძლოა ამან ბავშვი დააბნიოს და გადაწყვიტოს, რომ თუ დაიძინებს, მოკვდება ან თუ სამსახურში წახვალთ, უკან ვეღარ დაბრუნდებით. სიკდილის მიზეზი აუხსენით, რაც შეიძლება მოკლედ. თუ ეს ავადმყოფობა იყო, ხაზი გაუსვით, რომ არსებობს მსუბუქი დაავადებები, რომლებიც არ კლავს, მაგალითად გაციება.

ფრთხილად იყავით ღმერთის და სამოთხის ხსენებისას. სიკვდილისა და შემდგომი ცხოვრების ახსნა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენს საკუთარ რელიგიურ რწმენაზე. ამიტომ კარგად დაფიქრდით, რას ეტყვით. მაგალითად, თუ ეტყვით, რომ „ბებია ბედნიერია ცაში“, ის შესაძლოა დაიბნეს „როგორ შეიძლება ის ბედნიერი იყოს, როცა აქ ყველა ტირის მის გამო?!“ ან „ის ისეთი კარგი იყო, რომ ღმერთს უნდოდა მასთან ყოფილიყო“ ფრაზა ბავშვს დააფიქრებს იმაზე, რომ ღმერთი მასაც წაიყვანს. ამიტომ, უმჯობესია უთხრათ, რომ „ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ბებია ჩვენთან აღარ არის და მოგვენატრება, მაგრამ გვანუგეშებს, რომ ის ღმერთთანაა“. ეს პატარას დაამშვიდებს და საზრუნავს არ დაუმატებს.

იყავით მზად სხვადასხვა რეაქციისთვის. ბავშვებმა შესაძლოა თავი დამნაშავედ იგრძნონ ან გაბრაზდნენ ახლობლის გარდაცვალების გამო. დაარწმუნეთ, რომ მათი ქცევა ან სიტყვა ვერ გამოიწვევდა მის სიკვდილს. მზად იყავით ხშირი ტანტრუმებისთვისაც.

პატივი მიაგეთ გარდაცვლილის ხსოვნას. ბავშვებს სჭირდებათ კონკრეტული გზები ახლობლის გამოსატირებლად. შესაძლოა ეს იყოს სანთლის დანთება, სიმღერა, ნახატი. თუ მას სურს დაესწროს პანაშვიდებს ან დაკრძალვას, წინასწარ აღუწერეთ, როგორ გამოიყურება მიცვალებული, რას აკეთებენ გარშემომყოფები და ა.შ. ასევე, გაახსენეთ მასთან დაკავშირებული სასაცილო ან საყვარელი ისტორიები.

არ დააკნინოთ შინაური ცხოველის სიკვდილი. ეს შესაძლოა ბავშვების პირველი შეხება იყოს სიკვდილთან. ამიტომ თანაუგრძნეთ და მოიქეცით ისე, როგორც ახლობლის გარდაცვალებისას მოიქცეოდით.

შეინარჩუნეთ რუტინა. ეცადეთ, ძალიან არ გასცდეს იმ რეჟიმს და აქტივობებს, რომლებიც ამ შემთხვევამდე ჰქონდა.

ნუ ეცდებით იდეალურობას. ნორმალურია, რომ ბავშვის თვალწინაც ატირდეთ. გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი, მაგრამ ზედმეტს ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან. სთხოვეთ დახმარება მეგობრებსა და ახლობლებს. გახსოვდეთ, რაც უფრო  დაეხმარებით საკუთარ თავს, მით მეტად შეძლებთ ბავშვზე ზრუნვას.  

ითხოვეთ დახმარება პროფესიონალისგან. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი განსაკუთრებით ძნელად უმკლავდება ამ სიტუაციას, მაგალითად ძილის დარღვევების ან დეპრესიის ნიშნები აქვს, მიიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5