Skip to content Skip to sidebar Skip to footer

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში გვესაუბრება იმის შესახებ, თუ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვებს ტერორიზმზე და დანაშაულებზე. მისი თქმით, ბავშვებს ხშირად არ ესმით, რა ხდება და უჩნდებათ შფოთვა და გაუგებრობის განცდა. რაც სტრესია მათთვის და შესაძლოა ხანგრძლივ ტრავმადაც იქცეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ანა გვიზიარებს რამდენიმე საკითხს, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება მსგავს სიტუაციაში:

“- პირველ რიგში, ჩვენი ქცევით ვაძლევთ სიმშვიდის მოდელს, ჩვენი პანიკა პირდაპირ გადადის მათზე. ამიტომ ვართ მშვიდად და ბავშვიც ხვდება, რომ სიტუაციაზე კონტროლი მის გარშემო მყოფ უფროსებს აქვთ.

ვცდილობთ, მათი ყოველდღიური რუტინა არ დაირღვეს საინფორმაციო გადაცემების და სიახლეების პარალელურად. ვცდილობთ, ინტენსიურად არ უყუროს მედიას. ვეხმარებით გააკეთოს ის აქტივობები, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე (თამაში, გასერინება, მეცადინეობა).

– არ ვუმალავთ ფაქტს, თუმცა, მხოლოდ მისი ასაკისთვის ადეკვატური ფორმით ვაწვდით. ვუხსნით, რომ დამნაშავეების გარდა, ყოველთვის არსებობენ კეთილი და გულადი ადამიანები, ვინც მათ შეაჩერებენ.

– ამავე დროს ვაჩვენებთ თანაგრძნობის მაგალითს და გამოვხატავთ წუხილს იმ ადამინების გამო, ვისაც შესაძლოა პრობლემა შეექმნა.

– კიდევ ერთხელ ვარწმუნებთ, რომ იგი უსაფრთხოდ არის. ვეხმარებით, ისაუბროს თავის ემოციებზე და არ ვბლოკავთ მის საუბარს, ვუსმენთ და ვამშვიდებთ. თუ ბრაზს გამოხატავს, ვცდილობთ არ განაზოგადოს ის, მაგალითად, რომელიმე ეროვნულ ჯგუფზე სტერეოტიპების შესაბამისად.

– თუ მაინც გაუჭირდა ბავშვს ამ ამბავთან გამკლავება, ვუკავშირდებით პროფესიონალს დამატებითი დახმარების მისაღებად.”

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5