პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება განათლების ფსიქოლოგი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის მკვლევარი ანა ჩიკვილაძე.
რა იცვლება მოზარდობის პერიოდში მოზარდებისთვის, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიური კუთხით და როგორ ვეურთიერთოთ მათ?
მოზარდები ამ პერიოდში განიცდიან სხვადასხვა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ერთი მხრივ დამოკიდებულები არიან მშობლებზე, მათ ცხოვრებაზე, სტილზე, მშობლები იხდიან ყოველდღიურ ხარჯებს, მაგრამ მათ ამავდროულად სურთ საკუთარი იდენტობის და სტილის ჩამოყალიბება. მოზარდებს სურთ დამოუკიდებლები იყვნენ მშობლებისგან და შექმნან საკუთარი სივრცე, სადაც შეეძლებათ აზრის დამოუკიდებლად გამოხატვა. ამ პერიოდში მათ ბევრად უფრო მეტად უჭირთ ემოციების კონტროლი და ადვილად ფეთქებადები არიან, რადგან ემოციების რეგულირების პროცესი ჯერ კიდევ ყალიბდება. თუ მოზარდები ყოველდღიურად ელაპარაკებიან მშობლებს, უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და სახლში აქვთ ის სივრცე, სადაც შეუძლიათ საკუთარი აზრი თავისუფლად გააჟღერონ, საკუთარი იდენტობა ჰქონდეთ, მოწონებულია მათი ჩაცმის სტილი, მაშინ მათთან ურთიერთობა არ არის რთული.
რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის ასეთი თავისუფალი კუნძულის არსებობა ოჯახებში?
ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის აღზრდის სტილი. თუ ოჯახში შეიქმნება ისეთი გარემო, სადაც მოზარდის ყველა აზრი იქნება უგულებელყოფილი, მოზარდი ჩათვლის, რომ ის მეორეხარისხოვანია და არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახისთვის. მშობლები შეიძლება ყველაფერს მოზარდისთვის აკეთებდნენ, ალაგებდნენ სახლს, სამსახურში დადიოდნენ, რომ მოზარდის მოთხოვნილებები უზრუნველყონ, მაგრამ თუ ეს არ იქნა ქცევაში გამოვლენილი, რომ მის შვილს ხანდახან მოსმენა და დიალოგში შესვლა სჭირდება, მოზარდი ამ ყველაფერს სულ სხვანაირად აღიქვამს და შესაბამისად, იწყებს ალტერნატიული სივრცის ძიებას. მნიშვნელოვანია ამ დროს მშობლების ყურადღება, რომ მოზარდი ამ დროს არ მოხვდეს ისეთ არაჯანსაღ სივრცეში, სადაც შეეცდება იმ ვალიდაციის მიღწევა, რომელიც მას სურდა ჰქონოდა ოჯახში.
როგორ ვასწავლოთ და ვისწავლოთ უფროსებმა და მოზარდებმაც “ აქ და ახლა” ცხოვრება?
დღეს მშობელთა უმეტესობა მუშაობს და დაკავებულია მთელი დღის განმავლობაში და დროის ქონა ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა, აქ არ არის მთავარი მთელი დღე გაატარო საკუთარ შვილთან, რადგან დამოუკიდებელ ინდივიდს საერთოდ არ სურს მთელი დღე გაატაროს მშობელთან ერთად, რომც გაანებოს სამსახურს თავი, ეს მისი სურვილი სულაც არ არის. შეიძლება მშობელმა 20 წუთი გაატაროს შვილთან ერთად, მაგრამ შეიძლება ეს წუთები იყოს იმდენად ნაყოფიერი, რომ აგრძნობინოს, ის უსმენს მას, ცდილობს გაუგოს და არ ელაპარაკება იმ განმკითხველი ფრაზებით, რომელიც შეიძლება სხვა დროს გაისმოდეს. ეს 20 წუთი უნდა იყოს გარე სხვა პრობლემებისგან და გამღიზიანებლებისგან თავისუფალი და უნდა იგრძნოს მოზარდმა, რომ ამ დროის განმავლობაში მასთან ერთად არიან. უკეთესი იქნება, თუ საქმეს ერთად გააკეთებენ. მაგალითად, საჭმლის მომზადების დროს ზოგჯერ მშობელს ურჩევნია თვითონ გააკეთოს სწრაფად და თუ ამ პროცესში მოზარდი ჩაერთვება საყვედურების, შენიშვნების გარეშე, ეს დროის ხარისხიანად გატარებად ჩაითვლება.
არიან თუ არა მოზარდები უფრო მოწყვლადები იმ გავლენების მიმართ, რომელსაც სოციალური მედიის ჭარბად მოხმარება იწვევს – იქნება ეს სილამაზის სტანდარტები და სხვა გავლენები და არის თუ არა შესაძლებელი ეს გავლენები თავიდან აირიდოს მოზარდმა?
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ისეთი საინტერესო სივრცეების არსებობა მოზარდებისთვის, სადაც ისინი ივლიან და ერთმანეთს საკუთარ აზრს გაუზიარებენ. მოზარდები აკვირდებიან გარემოს, სოციუმს და შემდეგ ახდენენ შედარებას. მათ თავიანთი დაკვირვების მეთოდები აქვთ, რომელიც სტატისტიკას და რეალურ ფაქტებს ემყარება. მშობელმა თავად უნდა მისცეს საკუთარი ქცევით მაგალითი შვილს, თავად შეძლოს რაციონალურად მოიხმაროს „გაჯეტები“, იყოს ხარისხიანი ქცევის მოდელი შვილისთვის და როდესაც ამას ხედავს ბავშვი, ისიც იმეორებს ქცევის იმავე მოდელს. შეზღუდვა, პირდაპირი აკრძალვა, ტელეფონის ჩამორთმევა ან მსგავსი ქცევები უფრო მეტად იწვევს შფოთვას, ემოციების მართვის პრობლემებს და კოგნიტური რეგულაციების დაქვეითებას.