“დედამიცის”-ს ესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, არტ თერაპევტი, მითოდრამის სპეციალისტი ნინო სხირტლაძე.
როგორ ვითარდება საკომუნიკაციო უნარები ბავშვებში?
კომუნიკაცია, როგორც ვიცით, ესაა სოციალური ურთიერთობების დამყარების უნარი და სურვილი, ინფორმაციის გაცვლა, ვერბალური და არავერბალური გზით ემოციების, დამოკიდებულებების, აზრების გამოხატვა. ის ასევე თავის თავში გულისხმობს ზრდილობას – ეთიკასა და ტაქტს. კომუნიკაციის დროს ჰუმანურობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
დაბადებიდან ბავშვი იწყებს გარემომცველ სამყაროსთან კომუნიკაციას და მის შესწავლას. ცდილობს კავშირის დამყარებას თვალით კონტაქტით, გარკვეული ბგერების წარმოთქმით, მიბაძვით, ტირილით და სხვა. ნელ-ნელა ის ხვდება რომ გარკვეული ბგერების კომბინაციას გარკვეული მნიშნელობა აქვს და იწყებს ენის დაუფლებას. (აქ ლაპარაკია ტიპიური განვითარების მქონე ბავშვზე, რომლის ემოციური, გონებრივი განვითარება შეესაბამება ნორმებს.) დაახლოებით 3-7 წლის ასაკისთვის ცნობიერებაში შემოდის და მკვიდრდება მისაღები ქცევის ნორმები. ასევე ბავშვი სრულად ეუფლება ვერბალურ კომუნიკაციას, რაც აადვილებს მოცემულ ამოცანას.
რატომ სჭირდება ბავშვს კარგი საკომუნიკაციო უნარები და როგორ დავეხმაროთ ამ უნარების ჩამოყალიბებაში?
ადამიანისთვის სოციალური კონტაქტები გადამწყვეტია ყველა სფეროში – ოჯახი, სოციუმი, კარიერა და სხვა. კომუნიკაციის უნარზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. თანდაყოლილი – ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო ჩაკეტილი, მორცხვი და ინტროვერტულია, ვიდრე მისი მეგობარი, რომელიც ღიაა და ექსტრავერტის მახასიათებლებს ფლობს. ადამიანები განვსხვავდებით ტემპერამენტით და ნერვული სისტემის აგებულებით ერთმანეთისგან. მაგრამ თანდაყოლილ უნარებზე დიდი წონა ოჯახს და აღზრდას აქვს. როგორ გარემოში იზრდება, რამდენად ხშირად ეკონტაქტებიან, ესაუბრებიან და თამაშობენ მასთან. ძალიან კარგია, თუ მშობელი მუცლად ყოფნიდან მოყოლებული საუბრობს ბავშვთან, ჩვილობაშიც კი, როცა გვჯერა, რომ არ ესმის, მაინც გამუდმებით უნდა ვესაუბროთ. უკვე 2 წლის ბავშვს შეგვიძლია როლური თამაშები ვეთამაშოთ. გავარჩიოთ მასთან ერთად ზღაპარი ან მულტფილმი. რა თქმა უნდა, ჯერ მარტივად აი, მაგ:. წითელქუდაში მგელი ცუდია თუ კარგი? და მონადირე? მოდი, გავითამაშოთ, შენ ვინ გინდა იყო ამ ამბავში? ასევე ძალიან კარგია სიტუაციური გათამაშებები – მაღაზიაში წასვლა, წვეულებაზე ახალი ნაცნობის გაცნობა და სხვა. ეს განსაკუთრებით ე.წ. მორცხვ ბავშვებს გამოადგებათ მომავალში.
კომუნიკაციური უნარების განვითარებაში ბაღში სიარულს თავისი წვლილი აქვს. მით უმეტეს, თუ ბავშვი დედისერთაა და თანატოლებთან კომუნიკაციას არაა შეჩვეული. ბაღში საკომუნიკაციო უნარების განვითარება თავისთავად ხდება. ხოლო თუ აღმზრდელიც გამიზნულად იმუშავებს ამ უნარზე თავის აღსაზრდელებთან, უკეთეს შედეგს მივიღებთ. ყველა ჯგუფური თამაში სხვა უნარებთან ერთად კომუნიკაციის განვითარებასაც უწყობს ხელს.
რას მოიცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საკომუნიკაციო უნარები და რა როლს თამაშობს ოჯახი ამ საკითხში?
სკოლამდელი ასაკის ბავშვს 6 წლამდე უკვე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული შემდეგი უნარები: შეეძლოს საუბრის წამოწყება, გაცნობა, საკუთარი აზრის დაფიქსირება, ემოციის ვერბალურად გადმოცემა (მე მეწყინა, გავბრაზდი და სხვა). კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, მოსაუბრის მოსმენა, ფლობდეს საუბრის ეთიკას – ნორმებს. უნდა გვესმოდეს, რომ კომუნიკაცია ეს ის უნარია, რომელსაც კონკრეტული პერიოდი არ აქვს, როდის უნდა ჩამოყალიბდეს და მიაღწიოს თავის მაქსიმალურ ზღვარს. 1 წლიდან თუ ბავშვი ნელ-ნელა იწყებს წამოდგომას და უკვე 2 წლის ასაკში ახერხებს სიარულს, კომუნიკაციური უნარი დროში განსაზღვრული არაა. ის შეიძლება ვიღაცას უფრო განვითარებული ჰქონდეს 5 წლის ასაკში, ვიდრე სხვას 10 წლის ასაკში. ბევრი ზრდასრული ადამიანიც ვიცით, ვისაც უჭირს ზოგადად კომუნიკაცია და შესაბამისად, მას ეს უნარი არ აქვს კარგად განვითარებული.
ბავშვის პირველი კომუნიკაცია გარემოსთან ეს არის მშობლები. ისინი საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ანახებენ კომუნიკაციის მოდელს. ოჯახის როლი რომ გავარკვიოთ, უხეშად დავყოთ ოჯახი 2 ტიპად, ჰარმონიული და არაჰარმონიული ოჯახები. განვიხილოთ თითოეული:
ჰარმონიული ოჯახი – როდესაც მშობელი გაგებით ეკიდება ბავშვს, უთმობს დროს, საუბრობს მასთან, ინტერესდება მისი დამოკიდებულებებით, ინტერესებით და პრობლემებით, ეფერება – ამ დროს ბავშვი იღებს ემოციურ დაცულობას. იზრდება თავისუფალი, მხიარული და პოზიტიური. ასეთ ბავშვს აქვს მაღალი თვითშეფასება და შეუძლია ჰარმონიური ურთიერთობების დამყარება. რთულ სიტუაციაში მოხვედრისას მარტივად ადაპტირდება და უმკლავდება მას. ზოგჯერ სპეციალური ახსნაც არ სჭირდებათ ბავშვებს დადებით თვისებების, ოჯახიდან პირდაპირ იღებს ბავშვი.
არაჰარმონიულ ოჯახში არაკეთილგანწყობილი და ზოგჯერ აგრესიული ატმოსფეროც კი არის. ურთიერთობის მანერა უხეში და ავტორიტარულია. ბავშვს არ უსმენენ, არ აცლიან საუბარს, აწყვეტინებენ. არ აინტერესებთ მისი აზრი და გრძნობები, იგრძნობა გულგრილობა მისი პრობლემების მიმართ. მოთხოვნები ძალიან ბევრია და მკაცრი. ასეთ დროს ბავშვს უყალიბდება დამახინჯებული კომუნიკაციური უნარები. ამის ფონზე მას უჭირს ურთიერთობების დამყარება თანატოლებთან და უფროსებთან. მათ არ შეუძლიათ ურთიერთობებში იყვნენ მოქნილები.
ამიტომ ოჯახის როლი მნიშვნელოვანია და უნდა გააცნობიეროს თითოეულმა წევრმა, რომ მათი დამოკიდებულებები და ურთიერთობის სტილი გავლენას ახდენს ბავშვის შემდგომ ცხოვრებაზე. მშობლობა მხოლოდ ფიზიკური ზრუნვა არაა.
როგორ ვლინდება კომუნიკაციის სირთულე ბავშვებში და როგორ ვაწარმოოთ ასეთ დროს მშობლებმა მასთან პოზიტიური კომუნიკაცია?
ჩვილობის ასაკიდან მოყოლებული, ბავშვი, როდესაც ვერ გვაგებინებს რაც უნდა, იწყებს გაბრაზებითა და ტირილით მის მოთხოვნას. 2 წლიდან მეტ-ნაკლებად იწყებს მეტყველების დაუფლებას და შეუძლია გაგვაგებინოს, რისი სურვილი აქვს. თუმცა, თუ წინა სასკოლო ასაკში არ მოხდა კომუნიკაციური უნარების პოზიტიური ჩამოყალიბება, ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს მსგავსი ქცევა: მეზობლის ბავშვს სათამაშო წაართვას ან რამე რომ არ მოსწონს, თავში ჩაარტყას. როცა შეიძლებოდა, უბრალოდ ეთხოვა სათამაშოს თხოვება ან რაც არ მოსწონდა, ვერბალურად მოეგვარებინა და არა ძალისმიერი მეთოდებით. მშობლის რეაქცია ბავშვის არასწორ საქციელზე განსაზღვრავს ბავშვის რეაქციას სხვების საქციელზე. თუ მას უყვირიან ან ხელით ეხებიან, როდესაც რაღაცას აშავებს, ის მსგავს ქცევას გაიმეორებს თავადაც. ყველაზე მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვეთ ჩემი პრაქტიკიდან: ყველას გინახავთ ან თავად გამოგიყენებიათ ეს ტაქტიკა. დაეცა ბავშვი ან მაგიდის კუთხეს მიარტყა თავი. რეაქცია: მივარდება მშობელი ან უფროსი ამ იატაკს ან მაგიდას და ურტყამს „ოოო, ცუდი მაგიდა, როგორ ატკინა ჩემ ანგელოზს“. რა ისწავლა ბავშვმა: „თუ ვინმე მაწყენინებს, უნდა დავარტყა“ და აქ მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ ამ შემთხვევაში მაგიდა არაფერ შუაში იყო.
დადებითი და პოზიტიური კომუნიკაციის მაგალითი და მოდელი პირველ რიგში უნდა იყოს მშობელი. აღმზრდელობით საუბრებს აზრი არ ექნება, სანამ მაგალითს არ მივცემთ ბავშვებს.
რა ფაქტორებზე არის დამოკიდებული ბავშვის ჰარმონიული გონებრივი განვითარება?
გონებრივი განვითარება ძირითადად დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე. ბოლო დროინდელი კვლევებით დასტურდება რომ ე.წ. ინტელექტი დედიდან შვილზე გადადის. ანუ დედის გენები არიან მატარებლები აღნიშნული უნარის. თუმცა, მოცემულობა არ ნიშნავს, რომ გარემომ თუ ხელი არ შეუწყო პოტენციალის მაქსიმუმი გამოვლინდება. ბავშვში შეიძლება მომავალი მოცარტი თვლემდეს, მაგრამ თუ მას არ მივუშვებთ ფორტეპიანოსთან და მუსიკაზე არ ვატარებთ, ამას ვერასოდეს გავიგებთ.
ასევე არსებობს კვლევა, რომელიც თავის ტვინის ტომოგრამით გვანახებს, როგორია 3 წლის ბავშვის თავის ტვინი, რომელიც ბედნიერ და სრულფასოვან გარემოში იზრდებოდა და ასევე 3 წლის ბავშვის თავის ტვინი, რომელიც უგულებელყოფილი და ძალადობის ქვეშ მყოფი იყო. ზომაშიც და სხვადასხვა უბნების განვითარების მხრივაც მეორე ფოტოსურათი საგრძნობლად ჩამორჩება პირველს. ამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოჯახი, სადაც სიყვარულს გამოხატავენ, ზრუნავენ, ეფერებიან, ურთიერთობენ და უფრთხილდებიან ბავშვებს, ხელს უწყობს მათი პოტენციალის, ბუნებით ჩადებული უნარების გაფურჩქვნასა და გამოვლენას.
გონებრივი განვითარება მხოლოდ ლექსების ზეპირად სწავლასა და კითხვის ათვისებას არ მოიცავს. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ რაც მეტი ეცოდინება ბავშვს სკოლის მასალიდან მით უკეთესი. მაგრამ ბავშვობის წლები და ენერგია სულ სხვა უნარების განვითარებას უნდა ხმარდებოდეს. ლექსის დაზეპირება ეს მხოლოდ ხანგრძლივი მეხსიერებაა. მაგრამ ბავშვს ასევე ხანმოკლე მეხსიერება, აღქმა, აზროვნება, მეტყველება, ემოციური ინტელექტი უნდა განვუვითაროთ. ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს წვრილი და მსხვილი მოტორიკა. წვრილი მოტორიკა მეტყველების განვითარებასთანაა კავშირში. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვი გონებრივად მზად იყოს სასკოლო პერიოდისთვის.