Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საჭიროა თუ არა  ბავშვის ღრძილების გაწმენდა, სანამ კბილები ამოუვა?

დიახ. მაშინაც კი, სანამ თქვენს შვილს პირველი კბილი ამოეჭრება, კარგი აზრია, მიაჩვიოთ აბაზანის დროს ღრძილების გაწმენდას მარლით ან რბილი სველი ნაჭრით. ჯერ არ არის საჭირო კბილის პასტის გამოყენება. უბრალოდ თითზე დახვეული ნაჭრით ნაზად დაუმუშავეთ ღრძილები.

ბაქტერიები პირში, ჩვეულებრივ, ვერ აზიანებს ღრძილებს კბილების გამოჩენამდე, მაგრამ ძნელია იმის გარკვევა, თუ როდის იწყებენ კბილები ამოჭრას, ასე რომ უმჯობესია ადრე დაიწყოთ. ღრძილების წმენდის ყოველდღიურ რუტინაში ჩასმით ბავშვს გაუადვილებთ კბილების გამოხეხვის ჩვევის გათავისებას.

ამერიკის პედიატრიის აკადემია გირჩევთ, რომ პირველივე კბილის ამოჭრიდან დაიწყოთ მასზე ზრუნვა კბილის ჯაგრისითა და ფტორიანი კბილის პასტის მცირე რაოდენობით.

გაუხეხეთ კბილები დღეში ორჯერ. დილით და ღამის ძილის წინ. გამოიყენეთ ბავშვის კბილის ჯაგრისი პატარა თავით და თქვენი ხელისთვის შესაფერისი სახელურით.

გამოიყენეთ ფტორიანი კბილის პასტის მცირე რაოდენობა. დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის რაოდენობით წაუსვით ფუნჯზე (გაითვალისწინეთ, რომ ჩვილისთვის განკუთვნილი ბევრი კბილის პასტა არ შეიცავს ფტორს).

ნაზად გაუხეხეთ ბავშვს  კბილები შიგნიდან და გარედან, ისევე როგორც მისი ენა (თუ ის მოგცემთ ამის საშუალებას), ბაქტერიების გასაქრობად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი პირიდან. მანამ,  სანამ თქვენ იყენებთ მცირე რაოდენობის კბილის პასტას, საჭირო არ არის წყლის გამოვლება.

შეცვალეთ კბილის ჯაგრისი, როგორც კი გაცვეთას დაიწყებს.

ამ დროისთვის თქვენი ბავშვის კბილები საკმარისად დაშორებული იქნება ერთმანეთისგან, რომ ძაფის (ფლოსის) გატარება შეძლოთ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სარძევე კბილებს ძაფი ვნებს. სტომატოლოგების უმეტესობა გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური ძაფი, როდესაც კბილებში ბავშვს რამე გაეჩხირება და ჯაგრისით ვერ აცლით.  

რატომ სჭირდება ბავშვს ფტორი და რა არის სწორი ოდენობა?

ფტორი ხელს უშლის კარიესის განვითარებას კბილის მინანქრის გამაგრებით და იცავს მას მჟავისა და მავნე ბაქტერიის გავლენისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტაოდენი ფტორი კარგია თქვენი ბავშვის კბილებისთვის, დიდი რაოდენობით იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ფლუოროზი ეწოდება, რაც იწვევს თეთრი ლაქების გაჩენას კბილებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ მხოლოდ მცირე რაოდენობის კბილის პასტა, სანამ თქვენი ბავშვი არ შეძლებს დამოუკიდებლად კბილების გამოხეხვას და წყლის გამოვლებას.

მას შემდეგ, რაც თქვენი ბავშვი 6 თვის გახდება, მან ასევე უნდა მიიღოს გარკვეული რაოდენობის ფტორი სასმელი წყლისგან. თუ თქვენი წყალი არ შეიცავს საკმარის ფტორს, შეიძლება თქვენს შვილს დასჭირდეს ფტორის დანამატის მიღება.

შენიშვნა: ზოგადად, არ არის კარგი იდეა მისცეთ ბავშვს წყალი, სანამ ის დაახლოებით 6 თვის არ გახდება. მანამდე ის მიიღებს სითხის საჭირო რაოდენობას დედის რძით ან ფორმულით, თუნდაც ცხელ ამინდში.

როდის უნდა მივიყვანო ბავშვი სტომატოლოგთან პირველად?

ექსპერტების აზრით, თქვენი პატარა სტომატოლოგთან უნდა წაიყვანოთ მისი პირველი კბილის ამოჭრიდან ექვს თვეში ან მისი პირველი დაბადების დღისთვის.

იწვევს თუ არა გარკვეული საკვები კარიესს?

დიახ. ამ საკვებს შეუძლია ხელი შეუწყოს კარიესის განვითარებას:

  • ხილი
  • გამომშრალი ხილი, როგორც ქიშმიში
  • წვენი
  • არაქისის კარაქი და ჯემი
  • პური
  • კრეკერი
  • პასტა
  • ბრეცელი („კრენდელი“)

ეს პროდუქტები მიეცით წყლით, რომ უფრო მეტად დაიშალოს და კბილებზე ზედმეტად დიდხანს არ დარჩეს.

არ მისცეთ ბავშვს ძილის წინ, კბილების გახეხვის შემდეგ  ბოთლი რძით, ფორმულით, წვენით ან ტკბილი სითხით. ეს სითხეები ხელს უწყობს პირის ღრუში არსებული ბაქტერიების გააქტიურებას, რომლებიც იწვევენ კბილის კარიესს.

შენიშვნა: ამერიკის პედიატრიის აკადემია  არ გირჩევთ წვენის მიცემას 1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილებისთვის.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5