მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის პედიატრი გარწმუნებთ, თქვენი პატარა სავსებით ჯანმრთელია, თქვენ შეიძლება განიცდიდეთ შიშსა და შფოთვას, ხომ ნამდვილად ნორმალურია ჩვილის ასეთი უცნაური ტირილი, როცა ვერავინ და ვერაფერი ამშვიდებს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ როგორც შვილის, ასევე საკუთარ საჭიროებებს. სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რათა თვითმოვლას დაუთმოთ გარკვეული დრო.
როგორ მოქმედებს კოლიკა მშობლებზე?
ჩვილის კოლიკის შეტევებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მშობლებსა და ოჯახებს, აგრძნობინოს რა ემოციების ფართო სპექტრი – შფოთვა, სტრესი, ბრაზი, იმედგაცრუება, დაღლილობა…
ეს განცდები გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა პარტნიორებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთმა მშობელმა იგრძნო, რომ ბავშვის მოვლის დიდი ტვირთი მან უნდა აიღოს.
კვლევებმა აჩვენა, რომ დედებს, რომელთა ჩვილებს კოლიკა ჰქონდათ, უფრო მეტად აღენიშნებოდათ შიში, დეპრესია, შფოთვა, დაღლილობა, იმპულსური აზრები და მოქმედებები.
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლიკა ჩრდილავს ყოველივე დანარჩენს ოჯახში. ორივე მშობელი გრძნობს უძლურებასა და იმედგაცრუებას და საათობით ეძებს შემოქმედებით გზებს მუდმივად მტირალი ბავშვის დასამშვიდებლად.
ემოციური ზემოქმედების გარდა, კოლიკა ზრდის დედის დეპრესიის, ძუძუთი კვების შეწყვეტის და ბავშვის შენჯღრევის სინდრომის რისკებს.
როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე?
მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე და თანაგრძნობა შესთავაზოთ ბავშვს, რომელსაც კოლიკა აწუხებს. ეს პერიოდი, როგორც წესი, 3-4 თვემდე გრძელდება. ასე რომ, საშინაო საქმეები და სხვა შედარებით უმნიშვნელო მოვალეობები გვერდზე გადადეთ და ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია – თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა და თქვენი ბავშვის ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა.
თუ გრძნობთ, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები გაქვთ, გაესაუბრეთ სპეციალიტს. მას შეუძლიათ შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და შესაბამისი მკურნალობის გეგმის შეთავაზება, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცხოვრების ამ რთულ პერიოდს.
ნუ დაიდანაშაულებთ თავს
მშობლები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ, თუ მათი ბავშვი ტირის და ვერ ამშვიდებენ. მათ ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში და ჰგონიათ, რამე არასწორად გააკეთეს.
მაგრამ როდესაც საქმე კოლიკას ეხება, არავინ არის დამნაშავე. ექიმებმაც კი არ იციან ზუსტად რა იწვევს კოლიკას და არც მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება შეამსუბუქოს ის.
მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ კოლიკა ჩვეულებრივ თავისთავად სრულდება დაახლოებით 3 ან 4 თვის ასაკში. ასე რომ, მართალია ეს დღეები შეიძლება დაუსრულებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ესეც გაივლის. მანამდე კი გაუმეორეთ საკუთარ თავს: „ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია“ ან „ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება“.
მოემზადეთ კოლიკისთვის
კოლიკა ძირითადად გვიან ნაშუადღევს ან საღამოს დასაწყისშია მოსალოდნელი. დააკვირდით თქვენს პატარას, დღის რომელ ნაწილში იწყებს ტირილს და დაგეგმეთ ისე, რომ ამ დროისთვის სახლში იყოს ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ, მხარს დაგიჭერთ და იზრუნებს თქვენზე.
შეისვენეთ
კოლიკის დროს ბავშვის ტირილი ხშირად ძალიან ხმამაღალია და უწყვეტია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალბედა მშობლების რიგი ემოციური რეაქციები, მათ შორის სიბრაზეც. კვლევის მიხედვით, კოლიკა არის ბავშვის შენჯღრევის სინდრომის რისკის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი. ამიტომ დაუკვირდით თქვენს განცდებს, რათა შესვენება შეძლოთ მანამ, სანამ რაიმე იმპულსურს გააკეთებთ.
დააწვინეთ ბავშვი უსაფრთხო ადგილას, მაგალითად ჩვილის საწოლში და გადით ოთახიდან რამდენიმე წუთით და ეცადეთ, დამშვიდდეთ. შემდეგ ისევ დაბრუნდით ბავშვის ოთახში და განაგრძეთ მისი დამშვიდების მცდელობები.
სცადეთ „მაინდფულნესი“
ზოგი მშობელი ამბობს, რომ „მაინდუფლნესი“ ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. სუნთქვაზე ყურადღების გამახვილება გაგიადვილებთ საკუთარი ემოციების მართვას. ჩართეთ მშვიდი მუსიკა და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს თქვენს პატარასაც ამშვიდებს.
მთავარია, რომ თქვენ ცდილობთ დაამშვიდოთ თქვენი გონება და შეამციროთ ყოველგვარი მრისხანე ძალისხმევა, რათა ბავშვს ტირილი შეაწყვეტინოთ.
იმოძრავეთ
რაც არ უნდა გეზარებოდეთ, ჩასვით ბავშვი ეტლში ან სლინგში/კენგურუში და გაისეირნეთ. სუფთა ჰაერზე ყოფნა და მეტი მოძრაობა დაგეხმარებათ მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენაშიც.
აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ
გამონახეთ ყოველდღე 5 წუთი მაინც იმ საქმიანობისთვის, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებთ. და თავს ნუ დაიდანაშალებთ იმის გამო, რომ შეიძლება ძილი ყველაფერს გერჩივნოთ.
წყარო: www.verywellfamily.com