Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეტრესის დონე, გაღიზიანება და მძიმე ემოციები მაღალია ჩვენს საზოგადოებაშიც. რა ხდება ასეთ დროს ადამიანში, რასაც ის გრძნობს და განიცდის რამდენად ნორმალურია და არის თუ არა შესაძლებელი მართოს ჭარბი სტრესი?

ადამიანების უმეტესობა ახლა ძირითადად შიშის და ბრაზის ემოციებს გრძნობს, რომელიც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ემოციებია საფრთხის განცდის დროს. ორგანიზმში ხდება რიგი ცვლილებებისა, რათა ვიმოქმედოთ და გადავრჩეთ: ჩვენი გულისცემა ჩქარდება, სისხლი მიდის დიდ კუნთებში მეტი ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებისთვის, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს ჩვენი სხეული, შიშის შემთხვევაში – ფეხები, ხოლო ბრაზის შემთხვევაში ძირითადად ყბები; ჩვენი ფოკუსი ვიწროვდება და მიმართულია გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. ეს პროცესი ნებისმიერი საფრთხის დროს ირთვება როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ადაპტიური და ფუნქციურია. თუმცა, განსხვავებით ცხოველებისგან, რომლებიც საფრთხისგან თავის დაღწევის შემდეგ მომენტალურად აგრძელებენ ჩვეულებრივ, მშვიდად ცხოვრებას, თამაშს ნაშიერებთან და ა.შ. ადამიანებში ავტომატური რეაქციების გათიშვა არ ხდება, რადგან ჩვენი გონება იმახსოვრებს უკვე ჩავლილ მოვლენებს, და გვიჩნდება ფიქრები იმაზე, რაც არ უნდა მომხდარიყო ან რაც არ მოხდა და უნდა მომხდარიყო, ვიწყებთ განსჯას, გვიჩნდება უამრავი სხვა ემოციაც წყენის, გააფთრების, სინანულის, სირცხვილის, უსამართლობის. ჩვენ გაცოფებულები ვართ იმის გამო, თუ როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები, მთლიანად ერი. ჩვენი ფიქრების ტრიალი ჩვენს გონებას კარნახობს, რომ საფრთხე არ დამთავრებულა, მაშასადამე ჩვენი სხეული ისევ უნდა იყოს მომართული განგაშის რეჟიმში, გული უნდა გვქონდეს აჩქარებული, სუნთქვა გახშირებული, გუგები გაფართოებული ან შევიწროებული, რომ დავიცვათ თავი. ხანგრძლივი პერიოდით ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანისთვის არის სრულიად უსარგებლო,  რადგან მუდმივად მობილიზებულობა და მომართულობა აფერხებს და ასუსტებს ჩვენი მოშუშების და გამოჯანმრთელების, სიხარულის განცდის, კრეატიულობის, სტრატეგიულობის უნარებს. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში, რადგან ძილის დროს ხდება ორგანიზმის გაწმენდა, მოშუშება, ენერგიის აღდგენა. რადგანაც ჩვენი თავის ტვინის პრიმიტიული ნაწილი გრძნობს, რომ ჩვენ საფრთხეში ვართ და მობილიზებული უნდა ვიყოთ, რთავს თავდაცვის სისტემას, ხიფათის დროს ძილი სრულიად არარელევანტურია და ჩვენ ვერ დავიძინებთ და ეს ბუნებრივია, რადგან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ გადავრჩეთ. როდესაც ადამიანი არის ომში, ის არ დადგება ხის უკან იარაღით ხელში და არ დაიწყებს ფიქრს იმაზე, ხვალ სადილად რა გააკეთოს. ეს აღარ არის ადამიანის გონებისთვის პრიორიტეტი, ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის გადარჩენა. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა. ამგვარად ცდილობს გონება, რომ დავიწყოთ მოქმედება, რაღაც შევცვალოთ და გადავრჩეთ. მე აქცენტს ვაკეთებ ფიზიკურ გადარჩენაზე. სამწუხაროდ, ხანგრძლივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან დიდი დანახარჯია. ხანგრძლივად გადარჩენის რეჟიმში ყოფნა გვასუსტებს. ყველაზე რთულ სიტუაციებში ის რაც მუშაობს არის მშვიდი გონება და საღი აზროვნება. როდესაც ჩვენ მივდივართ ქირურგთან საოპერაციოდ და ქირურგი აღშფოთებულია იმის გამო, რაც ჩვენ დაგვემართა, ჩვენ არ გვენდომება, რომ აღშფოთებულმა ქირურგმა გაგვიკეთოს ოპერაცია. ჩვენ გვინდა, რომ ექიმი ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში მშვიდად შეუდგეს თავის საქმეს და არ გაეფანტოს ყურადღება. ეს ცოდნა გვეხმარება გავიაზროთ, რა მნიშვნელობა აქვს პატარ-პატარა შესვენებების აღებას და უსარგებლო რწმენებისა თუ მოსაზრებების არ აყოლას. 

ბავშვებზე რა გავლენას ახდენს ჩვენი ასეთი მდგომარეობა, თუნდაც არ ვლაპარაკობდეთ ხმამაღლა, ისინი მაინც განიცდიან და ხვდებიან ყველაფერს

ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ ყველაფერს, თანაზიარი ტვინები ვართ, ვიჭერთ ერთმანეთის ემოციებს, ერთმანეთის არავერბალურ მიმანიშნებლებს. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ თუ არ ვსაუბრობთ, ის თუ როგორ გამოიყურება ჩვენი სხეული, რამდენად ფერმკრთალი ვართ, რამდენად დაჭიმული გვაქვს მხრები, ყბები, რამდენად გაფართოებული თვალებით ვიცქირებით და როგორ ვეთამაშებით ჩვენს შვილებს, გავლენას ახდენს მეორე ადამიანის ნეიროფიზიოლოგიაზე.  თავის ტვინის პრიმიტიული ნაწილი იჭერს, კითხულობს ამ ინფორმაციას, რომ რაღაც საფრთხისშემცველია, რაღაც ისე ვერ არის და ბავშვის ორგანიზმში იცვლება პროცესები: მისი გულისცემა ჩქარდება, მისი თავის ტვინის ტალღები სწრაფდება, ორგანიზმი იძაბება. ჩვენგან განსხვავებით ბავშვები ვერ ხვდებიან რა მოხდა, ისინი ინტერპრეტაციას ვერ უკეთებენ რა ხდება შიგნით, რატომ გრძნობენ აჟიტირებას, რადგან ჭარბად გამოიყო ადრენალინი მათ ორგანიზმში და ნელ-ნელა შეიძლება იფიქრონ, რომ მათი ბრალია რაღაც, რომ დედა ან მამა იმიტომ იყო მოუთმენელი ან უხეში, რომ მან გააკეთა რაღაც ცუდი და უჩნდებათ დანაშაულის განცდა. უჩნდებათ უსუსურობის განცდა, პროტესტი, ბრაზი, ის რასაც არანაირი ღირებულება არ მოაქვს არავისთვის. 

ეს განცდები ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ვიჭედებით თავდაცვის ამ მდგომარეობაში. ბავშვებზე დღევანდელი კრიზისული სიტუაცია, რა თქმა უნდა, მოქმედებს, ამიტომ პირიქით, უფრო სასარგებლო არის ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, ვიდრე დავუმალოთ მათ. ვუთხრათ, რომ უფროსები ვღელავთ და ვაგრძნობინოთ მათ, რომ ჩვენ ახლა, აი ამ მომენტში უსაფრთხოდ ვართ, დავარწმუნოთ, რომ ჩვენ, მათი ოჯახის წევრები, მასწავლებლები, მზრუნველები ჩვენს საუკეთესოს ვაკეთებთ და მათი დაცულობა ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იქნება. ხაზი გაუსვით იმას, რასაც განმეორებითად უბრუნდებით და აკეთებთ, ის რაც თქვენს ხელთაა და ის, რისი მართვაც და გაკონტროლებაც შეგიძლიათ. 

და ბოლოს, რას ურჩევთ ადამიანებს, რომ ცოტა უკეთ იგრძნონ თავი?

მნიშვნელოვანია გამოვრთოთ განგაშის ზარები, გავლენა მოვახდინოთ ჩვენს გონებაზე, რომ ფიზიოლოგიურ დონეზე ჩვენმა ორგანიზმმა დაიწყოს მოშუშება, უფრო მეტი ენერგია მოიკრიბოს და გამოიმუშაოს. მიანიჭეთ მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებას, შესძინეთ საზრისი თქვენს არსებობას, რისთვის/ვისთვის ღირს, რომ გააგრძელოთ ქმედება, ის რაც სცდება თქვენს თავს და რაღაც უფრო დიადს უკავშირდება. აგრძნობინეთ თქვენს თავს, შვილებს, ახლობლებს უსაფრთხოება. მარტო იმის თქმა,  რომ ბომბები არ ცვივა ჩვენთან, არ გვაძლევს უსაფრთხოების განცდას.  თუნდაც ოჯახის ერთად შეკრება, მეგობრების შეკრება, ერთმანეთის მოსმენა, ჩახუტება ეს ყველაფერი უგზავნის ჩვენს გონებას სიგნალს, რომ ახლა ამ მომენტში დაცული ვართ, აქ შეგვიძლია მოვდუნდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში გამოვყოთ დრო იმისთვის, რაც გვანიჭებს სიმშვიდის განცდას და დავკავდეთ იმ საქმიანობით. ადამიანებმა შეიძლება თქვან, რა დროს სიმშვიდეა, რა დროს ეგ არის, მაგრამ ზუსტად რომ ამის დრო არის, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია უფრო მეტი ენერგიით, უფრო მეტი რაციონალური აზროვნებით და ემოციური პალიტრით, უფრო ხანგრძლივად გადავდგათ გონივრული და ღირებული ნაბიჯები საკუთარი თავისთვის, ახლობლებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5