Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, ფიზიკურ საფრთხესთან ერთად ფსიქოლოგიური გამოწვევებიც მოიტანა სამყაროსთვის, რომელიც უფროსებზეც და პატარებზეც ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს.  ფსიქოლოგი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი გვირჩევს როგორ დავიცვათ ფსიქოლოგიური ბალანსი ზრდასრულებმა , როგორ დავეხმაროთ ბავშვებს და როგორ მოვძებნოთ ნათელი წერტილები პანდემიის შიშით გართულებულ ცხოვრებაში.

რა ფსიქოლოგიური გამოწვევები  შეიძლება მოიტანოს პანდემიამ ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის?

სტრესი, რომელიც ახალმა პანდემიამ სამყაროსთვის მოიტანა, არა მარტო ზრდასრულებს გვეხება, არამედ ეხებათ ბავშვებსაც და მათთვისაც შესაძლოა რთული აღმოჩნდეს ამასთან გამკლავება. საერთოდ, ასეთ გლობალურ გამოწვევას ახასიათებს დიდი ფსიქოლოგიური ცვლილებები და  ეს ცვლილებები შესაძლოა ბავშვებზეც აისახოს. მართალია, ყველას ცხოვრება შეიცვალა გლობალურად, მაგრამ ამის გააზრება ბავშვებსაც ძალიან უჭირთ. ბავშვებში სტრესული შესაძლოა აღმოჩნდეს ის გარემოება, რომ შეიცვალა მათი განრიგი, რეჟიმი და მათი ყოველდღიურობა; შეიცვალა  ფიზიოლოგიური მოცემულობები, შეეზღუდათ თავისუფლება და რადიკალურად შეიცვალა გარემო მათთვის. თუკი ადრე თავისუფლად შეგვეძლო მათი გასეირნება და სახალისო აქტივობებში ჩართვა და დატვირთვა, ახლა ვერ დადიან სკოლა-ბაღებში, გამოთავისუფლდა ბევრი დრო, მაგრამ ახლა რთულია სახლში ამ დროის ისე ეფექტურად გადანაწილება, რომ ნაკლებად სტრესული იყოს ბავშვებისთვის ეს მოცემულობა. აი, ეს  არის ახლა სამართავი. 

როგორ დაეხმარონ მშობლები, ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ შვილებს ამ ვითარების უმტკივნეულოდ გადატანაში?

პირველ რიგში მშობლებმა უნდა იფიქრონ საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ამ  მდგომარეობის დაბალანსებაზე, დაიწყნარონ თავისი ემოციური მდგომარეობა, რადგან ბავშვების გარკვეული  ასაკობრივი კატეგორია უფრო დამოკიდებულია ემოციურად მშობელზე და მშობლის ემოციური, ნეგატიური, ნერვიული ფონის გამო ბავშვებიც რეაგირებენ მათ ემოციურ გამოხატულებაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ესაუბრონ ბავშვებს, ან ინფორმაცია დაუმალონ, პირიქით მათ შვილებს აუცილებლად უნდა აუხსნან, რატომ შეიცვალა მათი ყოველდღიური რეჟიმი, რასთან უწევს სამყაროს გამკლავება. ახლა ვფიქრობ, რომ ბევრ ოჯახში მშფოთვარე და ქაოტური შეიძლება იყოს სიტუაცია და ასეთ დროს ძალიან სასარგებლო იქნება კონკრეტული დღის რეჟიმის დანერგვა. მშობლებმა თავად უნდა გაუნაწილონ ბავშვებს საქმე და აუცილებლად დაკავდნენ ბავშვებთან ურთიერთობით. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოვადუნოთ, რადგან საფრთხეა, ბავშვები უფრო მეტად მიეჯაჭვონ გაჯეტებს, ტელეფონებს და კომპიუტერებს, რადგან მეტი დრო რჩებათ თავისუფალი, მიუხედავად იმისა რომ სწავლა ონლაინრეჟიმში გადავიდა. მშობლების მეტი მობილიზება დაეხმარებათ მათ უფრო ეფექტურად და ნაყოფიერად გაატარონ დღე. სასურველია ბავშვებთან გამოვიყენოთ არტთერაპიის ტექნიკები: ხატვა, ძერწვა და ა.შ ასევე, როლური თამაშები ბავშვებისთვის საყვარელი თამაშია და უფროსების ჩართულობით, ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან. 

ეს ჩართულობა ზრდასრულებისთვისაც  კარგია, რადგან ყურადღების გადატანა და  გადართვა ხდება. აქამდე თუ მშობლები, რიგი მიზეზების გამო  ბავშვებთან საკმარის დროს ვერ ატარებდნენ და ამის გამო ფსიქოლოგიურ პრობლემებს აწყდებოდნენ, ახლა შეიძლება ამ ყველაფრის ანაზღაურება. უფრო მეტი  უფრო გულწრფელი და ემოციური დიალოგები მშობლებსა და შვილებს შორის, სწორი ინფორმირებულობა და კარგად გაწერილი დღის სტრუქტურა დაეხმარებათ უფროსებსაც და ბავშვებსაც ამ ვითარების მსუბუქად გადატანაში.

როგორ გამოვიყენოთ მეტი გამოთავისუფლებული დრო ჩვენს სასარგებლოდ? შესაძლებელია ნათელი წერტილების დანახვა ამ რთულ ვითარებაში?

პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ პრობლემა და შემდეგ აუცილებლად უნდა ვორიენტირდეთ  აწმყოზე. უნდა გავიაზროთ ეს გამოწვევები და მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის;  გავაცნობიეროთ, რომ ამ ვითარებას, ჩვენ გლობალურად ვერ შევცვლით, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, გარდა ჩვენი პიროვნული პასუხისმგებლობებისა, რომელიც უნდა შევასრულოთ. ბენეფიტებიც ეს არის: ახლა გვაქვს დრო, მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ჩვენი ცხოვრების რიტმი ისეთი იყო, რომ ბევრ დრო ვატარებდით გარეთ და საკუთარ თავთან არ ვრჩებოდით, არ ვუსმენდით ჩვენს სურვილებს, ახლა გვაქვს დავაკვირდეთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახის წევრებსაც, რომლებთანაც შესაძლოა ყოველდღე გვქონოდა შეხება, მაგრამ არ გვქონდა რეალური ემოციური კავშირი.  ამ ყველაფრის გადახედვითვის და გადააზრებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პერიოდი.


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5