Skip to content Skip to sidebar Skip to footer

წყვილების დაშორების დროს ერთ-ერთი დიდი სირთულე შვილებისთვის ამ ახალი ამბის შეტყობინებაა. ეს ემოციებზე დარტყმაა ნებისმიერ ასაკში, მაშინაც კი, როცა ისინი იმდენად დიდები არიან, რომ მშობლებთან აღარ ცხოვრობენ.

იმისათვის, რომ შვილებმა ნაკლები სტრესი მიიღონ ამ ამბისგან, მშობლებმა ერთად უნდა დაგეგმონ, როგორ მიაწოდებენ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბავშვებს, მათი ასაკისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით. სასურველია, რომ ყველა შვილს ერთდროულად მოუყვნენ დაშორების შესახებ და შემდეგ თითოეულთან ცალკე ისაუბრონ ამ თემაზე.

სანამ დაშორების შესახებ ვეტყვით

დაგეგმეთ, რას ეტყვით. თუ დაშორების ისტორია თანმიმდევრული და ბრალდებებისგან თავისუფალი იქნება, ბავშვებიც უფრო იოლად აღიქვამენ ამ სიახლეს. შესაძლოა, დაგეხმაროთ ბავშვთა ფსიქოლოგთან ვიზიტი  სწორი შეტყობინებების მოსაფიქრებლად. ასევე, წინასწარ ჩამოწერა, რის თქმას აპირებთ.

მოიფიქრეთ მკაფიო, მოკლე და მარტივი შეტყობინებები, მათი ასაკის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, რთული იქნება „კარგი დროის“ არჩევა ამ ამბის სათქმელად, თუმცა სცადეთ, რომ შეარჩიოთ შესაბამისი დრო და მშვიდი, განმარტოებული ადგილი. გაითვალისწინეთ, რომ ეს მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ.

მზად იყავით ნებისმიერი ემოციისთვის და კითხვებისთვის. ნუ დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ და თუ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გულწრფელად უთხარით.

რა უნდა ვუთხრათ?

„ეს ჩვენ გადავწყვიტეთ“. ბავშვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათი ბრალია თქვენი დაშორება. ამიტომ, აუხსენით, რომ ეს მხოლოდ თქვენი ურთიერთობის შედეგი და ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ ისევ გვიყვარხართ“. ახლა, ისე როგორც არასდროს, მათ სჭირდებათ, რომ ესმოდეთ, ხედავდნენ და გრძნობდნენ თქვენს სიყვარულსა და ყურადღებას.

„ჩვენ ისევ თქვენი მშობლები ვართ“. დედა დედად რჩება და მამა მამად, თქვენი კავშირი ძლიერია და ეს არ შეიცვლება მიუხედავად ყველაფრისა.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ“. ბავშვებს არ აინტერესებთ დეტალები. უთხარით მათ მოკლედ და მკაფიოდ, რომ ეს საჭიროა კონფლიქტების, ბრაზისა და უბედურების თავიდან ასაცილებლად. აუხსენით, რომ შეიძლება ახლა თავს ცუდად გრძნობდნენ, მაგრამ მოგვიანებით  ყველას ბედნიერებას მოუტანს ეს გადაწყვეტილება.

გაითვალისწინეთ ასაკი

5 წლამდე ბავშვებს გააგებინეთ, ვინ იზრუნებს მასზე, რომელი მშობელი მიდის სახლიდან, როდის შეეძლება მისი ნახვა. უპასუხეთ მათ კითხვებს მოკლედ და მკაფიოდ. 6-დან 8 წლამდე ბავშვებს უკეთ შეუძლიათ რაღაცების გაგება, მაგრამ დაშორების დეტალები მათთვისაც დამაბნეველი იქნება.   9-დან 11 წლამდე ბავშვებმა შეიძლება დაიწყონ „დამნაშავის“ ძებნა, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ არ უბიძგოთ ამისკენ თქვენი ქცევებით ან სიტყვებით. 12-დან 14 წლამდე ბავშვები ალბათ ბევრ მძიმე კითხვას დაგისვამენ. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მათი მეამბოხეობისა, ისინი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებენ ისე, როგორც არასდროს. 15-დან 18 წლამდე ბავშვებმა დამოუკიდებლობის განცდის გამო შეიძლება დამალონ საკუთარი ემოციები. ამიტომ აგრძნობინეთ, რომ ყოველთვის მზად ხართ მათთან სალაპარაკოდ. 18 წელს ზემოთ შვილებს პატარებზე არანაკლებ სჭირდებით და ეცადეთ, ძალიან არ დატვირთოთ თქვენი პრობლემებით.

დაშორების შემდეგ

თუ  ბავშვის თანდასწრებით გალანძღავთ ყოფილ პარტნიორს, ამით აიძულებთ მას აირჩიოს რომელიმე მშობლის მხარეს დგომა. ამიტომ, ეცადეთ თქვენი ბრაზი და წყენა გამოხატოთ ოჯახის ზრდასრულ წევრებთან, მეგობრებთან, ფსიქოლოგთან, მაგრამ არა შვილთან, რადგან მან ჩვეულებრივად უნდა განაგრძოს ურთიერთობა სახლიდან წასულ მშობელთან.

ბავშვები არ არიან ფოსტალიონები. თუ ყოფილი პარტნიორისთვის რამის თქმა გინდათ, თქვენვე უთხარით და ამას ბავშვს ნუ დააკისრებთ, რადგან ამით ისევ ბრძოლაში ჩაბმას აიძულებთ. როდესაც მეორე მშობელთან შეხვედრიდან დაბრუნდება, ნუ გამოკითხავთ, რას ამბობდა ან როგორ იქცეოდა ის.

აუხსენით, რომ მათი დაშორება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქორწინება ასე სრულდება. რათა არ ჩამოუყალიბდეთ პესიმისტური განწყობა მის მიმართ.

მზად იყავით, რომ შესაძლოა, შეექმნას სირთულეები ბაღში, სკოლაში, აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში. მოუსმინეთ, აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ და მისი ყველა ემოცია მისაღებია, იქნება ეს ბრაზი, წყენა, განმარტოების სურვილი თუ სხვა.

აუცილებლად ხშირად გაუმეორეთ და აგრძნობინეთ, რომ ორივე მშობელს ისევ ისე გიყვართ. ეს მათ ყველაზე მეტად დაეხმარებათ ამ ახალი ამბის მიღებაში.

წყარო: www.survivedivorce.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5