თქვენი შვილების ურთიერთობა ერთმანეთთან, სავარაუდოდ, ყველაზე გრძელი და ყველაზე გავლენიანი ურთიერთობა იქნება. თუმცა, ხანდახან ისეთი განცდა გაგიჩნდებათ, რომ მტრებს ზრდით. ნუ შეშინდებით, რადგან დედმამიშვილების დაპირისპირება ნორმალურია. მხოლოდ ის, რომ და-ძმები ჩხუბობენ, არ ნიშნავს, რომ ისინი ახლოს ვერ იქნებიან.
კვლევების მიხედვით, დედმამიშვილებთან ურთიერთობის დროს ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას, გაზიარებას, კომპრომისზე წასვლას, რაც მათ სოციალურ უნარებს ავითარებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც და-ძმებთან ერთად იზრდებიან, ნაკლებად შორდებიან პარტნიორებს მოზრდილობაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ პოზიტიური გავლენა დამოკიდებულია ამ ურთიერთობის ხარისხზე. ბავშვებს უკეთესი სოციალური უნარ-ჩვევები უვითარდებათ, როდესაც მათ და-ძმასთან ძლიერი კავშირი აქვთ. მათ შორის დაძაბული ურთიერთობა კი შეიძლება იწვევდეს შფოთვას და დეპრესიას მოზარდობის პერიოდში.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, დედმამიშვილებს შორის კავშირის გასამყარებლად:
ასწავლეთ ემოციების მართვა
თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ კვლევა იმის გასაგებად, რომ და-ძმური ურთიერთობები ემოციურად დატვირთულია. ბავშვები თავიანთ და-ძმებს ეუბნებიან და აკეთებენ ისეთ რამეებს, რასაც არასდროს გააკეთებდნენ მეგობრებისთვის. სიბრაზე, იმედგაცრუება, ეჭვიანობა, შფოთვა და გაღიზიანება მხოლოდ რამდენიმე ემოციაა, რომელსაც დედმამიშვილებს ერთმანეთის მიმართ ეუფლებათ. იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა ჯანსაღი იყოს, საჭიროა ისწავლონ ამ ემოციების მართვა.
ისაუბრეთ გრძნობებზე. გამოიყენეთ ემოციების გამომხატველი სიტყვები თქვენს ყოველდღიურ საუბრებში, რათა დაეხმაროთ ბავშვებს ისწავლონ საკუთარი განცდების გამოხატვა. განიხილეთ წიგნის და ფილმის პერსონაჟების გრძნობები.
დაარქვით სახელი ემოციებს. დაეხმარეთ თქვენს შვილებს ამოიცნონ რას გრძნობენ. უთხარით მსგავსი სიტყვები: „როგორც ჩანს, ახლა გაბრაზებულები ხართ. მართალია ეს?“ ან “მესმის, რომ ამის გამო გეშინიათ”.
განასხვავეთ გრძნობები და ქცევა. განმარტეთ, რომ გრძნობები ყოველთვის კარგია, მაგრამ ყველას აქვს არჩევანი, თუ როგორ გაუმკლავდეს მათ. ასე რომ, მართალია გაბრაზება ნორმალურია, მაგრამ დარტყმა მისაღები არ არის.
ასწავლეთ გამკლავების ჯანსაღი გზები. ასწავლეთ თქვენს ბავშვებს მათი განცდების მისაღები გზით გამოხატვა. უთანხმოების დროს გალაწუნების ნაცვლად იმედგაცრუების სამართავად უკეთესია ღრმად ჩასუნთქვა ან გასეირნება.
საჭიროებისამებრ გამოიყენეთ სანქციები. სიტუაციიდან გარიდება ან სასურველი აქტივობის ჩამოცილება დაეხმარება ბავშვებს ისწავლონ შეცდომებზე.
ნუ გამოარჩევთ ბავშვებს
ბუნებრივია, რომ რომელიმე ბავშვთან უფრო აიგივებდეთ საკუთარ თავს, მაგრამ ნუ აჩვენებთ ამას შვილებს. მავნე ფავორიტიზმი შეიძლება მოიცავდეს უფრო მეტი სითბოსა და სიყვარულის გაცემას ერთი ბავშვის მიმართ ან განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბავშვი ნაკლებ სტრესს გაყენებთ. კვლევების მიხედვით, ეს ხელს უწყობს კონფლიქტებს დედმამიშვილებს შორის და ამაზე მოგონებები არ აძლევთ საშუალებას მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ ზრდასრულობაში.
ხელი შეუწყვეთ, რომ დაუგროვდეთ ერთობლივი სასიამოვნო მოგონებები
დააკვირდით, რომელი საერთო თამაშები მოსწონთ, მაგალითად ხატვა, კუბიკებით თამაში ან „კლასობანა“ და ხშირად ათამაშეთ ამ აქტივობებით.
წაახალისეთ თანამშრომლობა შეჯიბრებების ნაცვლად. შეიძლება ბავშვები უფრო გეხმარებიან, როცა ამბობთ “ვნახოთ, ვის შეუძლია ყველაზე სწრაფად დაასუფთავოს ოთახი”, მაგრამ მათი ერთმანეთთან შეჯიბრება ცუდი აზრია. ყურადღება გაამახვილეთ თანამშრომლობაზე და არა კონკურენციაზე. ისაუბრეთ იმაზე, რომ ერთი გუნდი ხართ და გაქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს დაეხმაროთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისცეთ პროექტები, რომელზეც ერთად იმუშავებენ, მაგალითად ბებიისთვის ბარათის გაფორმება. შეაქეთ მათი თანამშრომლობა და ძალისხმევა.
აჩვენეთ კონფლიქტის გადაჭრის მისაღები გზა
ასწავლეთ სიტყვებით კონფლიქტის მოგვარება. აუცილებლად ჩაერიეთ მაშინ, როცა რომელიმე ბავშვს ჩაგრავენ. კვლევების თანახმად, დედმამიშვილების მხრიდან ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს და ზრდის ალბათობას, რომ მოზარდი თვითდაზიანებისკენ იქნება მიდრეკილი. ჩადექით შუაში და უთხარით „ორივეს გინდათ ერთი სათამაშო. როგორ მოვიქცეთ?“ შემდეგ, მიეცით საშუალება, რომ თითოეულმა მასთან თამაში 10 წუთის განმავლობაში შეძლოს ან ერთად ითამაშონ.
შექმენით ოჯახური რიტუალები
ოჯახური რიტუალები ან ტრადიციები ასოცირდება ქორწინების კმაყოფილების მაღალ დონესთან, მოზარდობის ასაკში პიროვნული იდენტურობის მაღალ შეგრძნებასთან და უფრო ძლიერ ოჯახურ ურთიერთობებთან. ეს ასევე შესანიშნავი გზაა ხანგრძლივი მოგონებების შესაქმნელად. ბავშვებს ყოველთვის ახსოვთ, როგორ უყურებდნენ ყოველ პარასკევ საღამოს ფილმებს ან როგორ მიდიოდნენ სანაპიროზე ზაფხულის პირველ დღეს.
წყარო: www.verywellfamily.com