Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვობაში ინტენსიურ, ფიზიკურ აქტივობას, მოზრდილობაში მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ასევე  ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის კუთხითაც. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება ბავშვების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობაზე და როლზე, ბავშვების უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რა ხანგრძლივობის უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურად?

1-დან 2 წლამდე ბავშვების ასაკში რეკომენდირებულია ყოველდღიურად, სამი საათის განმავლობაში  ფიზიკური აქტიურობა. ჩვენ  ფიზიკურ აქტიურობას ორ სხვადასხვა ხარისხად ვყოფთ: მსუბუქი ფიზიკური აქტიურობა და მეორე: საშუალო და ინტენსიური. ამ ასაკობრივ ჯგუფში 180 წუთი ფიზიკური აქტივობა, ეხება მსუბუქ აქტივობას.  ეს არის თამაში, სიარული, ხანმოკლე მანძილზე გაქცევა და ა.შ. 

3-დან 4 წლამდე ასაკში რეკომენდირებულია  გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვა.  თამაშები უნდა გახდეს  უფრო ენერგიული.  ამ ასაკობრივ ჯგუფში, პედიატრები  ვსაუბრობთ ყოველდღიურად ერთ საათიანი პერიოდის, საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაზე. 

5-დან 9-მდე ასაკობრივ ჯგუფში, ფიზიკური აქტიურობის  ხანგრძლივობა არის 60 წუთი ყოველდღიურად. ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა კი რეკომენდირებულია იყოს კვირაში სამი დღე, 60 წუთის ხანგრძლივობის. 

10-დან 12-მდე ასაკში ანალოგიურად  60 წუთია რეკომენდირებული, მაგრამ აქ კიდევ ერთი დამატებაა, უნდა შესრულდეს  ისეთი ფიზიკური აქტიურობა, რომელიც კუნთებისა და ძვლების განვითარებას შეუწყობს ხელს. 10-დან 12 წლამდე, კვლავ  რჩება ფიზიკური აქტივობის მინიმუმი 60 წუთი დღეში, ოღონდ  რეკომენდირებულია კვირაში  სამი დღე აუცილებლად იყოს კვლავ აქტიური ფიზიკური აქტივობა, როდესაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ კუნთებისა და ძვლების განვითარებაზე. ამაში ბავშვს ეხმარება  სპორტული თამაშები: კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი. სპორტის ეს სახეობები რეკომენდირებულია  ამ ასაკის ბავშვებში კვირაში  მინიმუმ სამი დღის გამავლობაში.  

13-დან 17-მდე ასაკში, თინეიჯერებში რეკომენდირებულია 60 წუთიანი ფიზიკური აქტივობა დღეში და კვირაში სამ დღიანი აქტიური ფიზიკური დატვირთვა , კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის ხელშეწყობის მიზნით. 

დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მშობელს ამ მხრივ და როგორ მოინდომებს ის. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ყველა აქტივობა უნდა განხორციელდეს სახლის გარეთ და  ჰაერზე.

ბავშვობაში განხორციელებეული ფიზიკური აქტივობები, ხომ არ ახდენს გარკვეული დაავადებების პრევენციას მოზრდილობაში?

ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ისეთი დაავადებების რიცხვი, მოზრდილებში განვითარებული დაავადებებისა, როგორიც არის: გულის პათოლოგიები, დიაბეტი, არტერიული წნევის მატება, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე და ა.შ. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც ფიზიკური აქტივობა ამცირებს მოზრდილებში ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ფიზიკური აქტივობა სამი ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს ამცირებს მოზრდილობაში: ძუძუს კიბო, ნაწლავების კიბო და ფილტვის კიბო. ეს კვლევები, რომელზეც ვსაუბრობ, მიუთითებენ ბავშვობაში ფიზიკური აქტივობის როლზე ამ დაავადებების რისკის შემცირებაში მოზრდილობაში. 

როგორ აისახება ფიზიკური აქტიურობა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე?

შეიძლება ბევრისთვის  მოულოდნელი იყოს, მაგრამ ფიზიკური აქტიურობა, პირდაპირ კავშირშია ბავშვის აკადემიურ მოსწრებასთან სკოლაში. ფიზიკურად აქტიური ბავშვების აკადემიური მოსწრება სკოლაში მაღალია, ფიზიკურად არააქტიურ ბავშვებთან შედარებით. ასევე, დეპრესიის სიმპტომების და აგზნებადობის, ხასიათის ცვლილებები გაცილებით ნაკლებია იმ ბავშვებში, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან. ეს ინფორმაციები  მრავალრიცხოვანი სამედიცინო  კვლევებით არის დადასტურებული. 

მშობლებმა ბავშვის ნებისმიერი აქტივობა არ უნდა ჩათვალონ ფიზიკურ აქტიურობად და  არ იფიქრონ,  რომ თუ ბავშვი სახლში ბევრს მოძრაობს, ან სკოლაში ფეხით მიდის, ეს  არის ფიზიკური აქტიურობა. როდესაც, მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ ხელი შეუწყონ ბავშვებში ფიზიკურ აქტიურობას, ვგულისხმობთ იმ   აქტიურობას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სიარული. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობაზე.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5