კანადურმა კვლევამ აჩვენა, რომ ათასობით ბავშვს, რომლებიც ტესტის პასუხის მიხედვით იყვნენ კოვიდ დადებითი, ჰქონდა შემდეგი სიმპტომები: მუცლის გაღიზიანება, გემოს/ყნოსვის დაკარგვა, სიცხე და თავის ტკივილი.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მესამედს სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
“იმის გამო, რომ პედიატრიულ პაციენტთა მესამედზე მეტი, რომლებიც SARS-CoV-2 ინფექციის მატარებლები არიან, სიმპტომებს არ ავლენენ, ბავშვების დაინფიცირების იდენტიფიკაცია რთულია. სინამდვილეში, ბავშვებში ასიმპტომური SARS-CoV-2 ინფექციების წილი სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენ აღვნიშნეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი არ იტარებს ტესტს“ – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
ხველა და გაჭედილი ცხვირი ასევე ხშირი იყო იმ ბავშვებში, რომლებიც კოვიდ დადებითები იყვნენ, მაგრამ იგივე ჩივილები გავრცელებული იყო იმ ბავშვებშიც, რომლებმაც უარყოფითი შედეგი მიიღეს ტესტში და ეს სიმპტომები არ შეიძლება ჩაითვალოს COVID-19 ინფექციის აუცილებელ მახასიათებლად.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა 2400-ზე მეტი ბავშვი, რომელთაც ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება 2020 წლის 13 აპრილიდან 30 სექტემბრამდე.
გემოსა და ყნოსვის დაკარგვა შვიდჯერ მეტი იყო ბავშვებში, რომლებიც იყვნენ კოვიდ დადებითები, იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთა პასუხიც ტესტზე უარყოფითი აღმოჩნდა; მუცლის პრობლემები ხუთჯერ მეტს აღენიშნებოდა და თავის ტკივილი ორჯერ მეტს. ცხელება 68% -ით მეტი იყო ტესტის დადებითი შედეგის მქონე ბავშვებში.
ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა თავის ტკივილთან და კუჭის პრობლემებთან ერთად, დადებითი ტესტის ალბათობა 65-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ამ სიმპტომების გარეშე.
4 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში უფრო ხშირად აღინიშნებოდა უარყოფითი ტესტი, ხოლო 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში – დადებითი.
წყარო: www.webmd.com