Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი?

რსვ არის გადამდები ვირუსი, რომელიც ძირითადად ვრცელდება ოქტომბრიდან აპრილამდე. 2 წლამდე ასაკში ის თითქმის ყველა ბავშვს ხვდება და მათი უმრავლესობისთვის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომები კი დაახლოებით 1-2 კვირა გრძელდება.

მაგრამ ზოგიერ შემთხვევაში ეს ვირუსი მიმდინარეობს მწვავედ და შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ან ბრონქების ანთება. რისკ ჯგუფში არიან ნაადრევად დაბადებული ჩვილები, ასევე ბავშვები, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებები, ფილტვების პრობლემები ან იმუნოდეფიციტი.

რსვ არის მწვავე ბრონქიოლიტის ძირითადი მიზეზი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და დადგენილია, რომ ჩვილ ბავშვთა 70% სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ინფიცირდება ამ ვირუსით.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 6 თვემდე ასაკის 100 ბავშვიდან, რომლებიც დაინფიცირდებიან ამ ვირუსით, მხოლოდ  1-2-ს სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა.

რა არის რსვ-ის სიმპტომები ჩვილებში?

უმეტესად, რსვ-ის მქონე ბავშვებს აქვთ მსუბუქი, გაციების მსგავსი სიმპტომები, რომლებიც როგორც წესი, ვირუსით დაინფიცირების შემდეგ ორიდან რვა დღეში ჩნდება და პიკს აღწევს დაავადების მე-3-5 დღეს. გავრცელებული სიმპტომებია:

  • სურდო/გაჭედილი ცხვირი
  • ხველა
  • ტემპერატურის მომატება
  • ცემინება
  • გაღიზიანება

6 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს რსვ ინფექციის სხვა სიმპტომები, მაგალითად ნაკლები აქტიურობა, მადის დაკარგვა და პაუზები სუნთქვის დროს (აპნოე)

რსვ-ით ინფიცირებული ბავშვი შეიძლება გადამდები იყოს მინიმუმ 3-8 დღის განმავლობაში სიმპტომების გამოვლენამდე.

რა იწვევს რსვ-ს ჩვილებში?

რსვ ინფექცია შეიძლება ჰაერში გავრცელდეს ხველის ან ცემინების საშუალებით. ის ასევე ცოცხლობს ზედაპირზე  ექვს საათამდე.

მკურნალობა

პატარების სიმპტომების მართვა შესაძლებელია სახლში, ისევე, როგორც გაციების დროს. არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკები, რადგან ეს ვირუსია, ანტიბიოტიკები კი მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს. აქ მოცემულია რამდენიმე ხერხი, რომელიც დაეხმარება ბავშვს სიმპტომების შემსუბუქებაში.

დარწმუნდით, რომ ის იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს. თუ ის უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე, შეგიძლიათ შესთავაზოთ გამოწველილი  რძე ბოთლით ან ჭიქით.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. ის ხელს უწყობს ლორწოს დაშლას და ამცირებს შეშუპებას, რაც თქვენს შვილს დაეხმარება უკეთ სუნთქვაში.

ეცადეთ, ცხვირი გაჭედილი არ ჰქონდეს. გამოურეცხეთ ცხვირი ხშირად, შეგიძლიათ დაიხმაროთ შპრიცი  ან ჩვილის ასპირატორი.

ცხელების შესამსუბუქებლად, გამოიყენეთ პარაცეტამოლის ჯგუფის წამლები 2 თვის და უფროსი ასაკის ჩვილებში  ექიმის ნებართვით ან იბუპროფენი 6 თვის და უფროსი ასაკის ჩვილებში.

არ მისცეთ ბავშვს ასპირინი ან ხველისა და გაციების საწინააღმდეგო წამლები.

როდის არის საჭირო ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება?

თუ თქვენი ბავშვი ნაადრევად დაიბადა, აქვს გულის თანდაყოლილი დაავადება ან სხვა პრობლემები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ გაციების სერიოზულ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • მადის დაკარგვა
  • ცხელება
  • სურდო
  • ხველა

თუ ბავშვს არ აქვს თანდაყოლილი დაავადებები, მაგრამ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს:

  • თუ სიცხე 24 საათზე მეტხანს გაგრძელდება,
  • აპნოე
  • აჩქარებული, მსტვინავი სუნთქვა
  • ნაცრისფერი ან მოლურჯო ფერის კანი, ენა ან ტუჩი.
  • ხველის გაუარესება. ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერი ლორწოვანი ნახველი.
  • ძილიანობა
  • 1-ზე ნაკლები სველი საფენი ყოველ 8 საათში

შესაძლებელია თუ არა RSV- ის თავიდან არიდება?

სამწუხაროდ, RSV არის ერთ-ერთი იმ ჩვილ ბავშვთა დაავადებებს შორის, რომლის პრევენცია არ არის შესაძლებელი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა.

2014 წელს ამერიკის პედიატრთა აკადემიამ გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები, სადაც ექიმებს მოუწოდებს  დანიშნონ სინაგისი (პალივიზუმაბი) რისკ ჯგუფებში. AAP–ის თქმით, სხვა ჩვილებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არ არიან, პრეპარატი არ ამცირებს უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკებს.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებებია:

  • ხელების ხშირად და სწორად დაბანა;
  • გრიპის ვაქცინა 6 თვეზე უფროს ასაკში;
  • არამწეველი მშობლები;
  • ძუძუთი კვება (თუ ეს შესაძლებელია);
  • ზედაპირების რეგულარული დასუფთავება.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5