Რამდენად ხშირია საცრემლე არხის პრობლემები ბავშვებში და როდის უნდა გაკეთდეს თვალის ზონდირება? – “დედამიცისს” ესაუბრება ოფთალმოლოგი რევაზ ბეზარაშვილი.
გაგნვიმარტეთ, რას ნიშნავს დაკრიოცისტიტი და რა იწვევს მას?
დაკრიოცისტიტი საცრემლე პარკის ჩირქოვანი ანთებაა და მისი გამომწვევი მიზეზია ცხვირ-ცრემლის სადინრის გამტარობის დარღვევა.
ნორმაში თვალის დასატენიანებლად გამოყოფილი ცრემლი თვალიდან უნდა გადადიოდეს საცრემლე წერტილებით საცრემლე პარკში, შემდეგ საცრემლე არხში და ბოლოს ცხვირ-ხახაში.
რამდენად ხშირია საცრემლე არხის პრობლემები ბავშვებში?
საცრემლე არხის სტენოზი, ანუ შევიწროება არსებობს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ცხვირ-საცრემლე არხის თანდაყოლილი შევიწროება ვლინდება ახალშობილთა 6%-ში.
რამდენი ხანი შეიძლება საცრემლე არხის გახსნას დაველოდოთ?
თანდაყოლილი დაკრიოცისტიტის 90% ქირურგიული ჩარევის გარეშე 6-დან 12 თვემდე ყოველდღიური მასაჟებით და პერიოდულად მედიკამენტების გამოყენებით ინკურნება.
თუ ანთებას არ აქვს მწვავე და აგრესიული ხასიათი, არ მოქმედებს დღე-ღამის რიტმზე შეგვიძლია მოვიცადოთ 1 წლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ დროს უმჯობესია პრობლემის მოგვარება აქტიური ჩარევით.
რამდენად ეფექტურია საცრემლე გზების მასაჟი და როდის ხდება ზონდირება საჭირო?
პირველ რიგში დაკრიოცისტიტის დროს, მასაჟებს ენიჭება უპირატესობა. თუ პრობლემა არ მოგვარდა, საჭიროა ზონდის საშუალებით მექანიკურად გაიხსნას საცრემლე გზები. მასაჟების ეფექტურობა ინდივიდუალურია, მაგრამ უმეტესად შედეგიანი.
საცრემლე არხის სტენოზის დროს შესაძლებელია ბავშვს ყოველდღიურად ვუკეთოთ მასაჟები, ცხვირის საპროექციო არეში, ზემოდან ქვემოთ 2-3 წუთის განმავლობაში, დღეში 7-8_ჯერ და მოვიცადოთ 1 წლამდე, თუ ანთებას არ აქვს მწვავე ხასიათი.
საჭიროების შემთხვევაში, უმჯობესია საცრემლე არხის ზონდირება გაკეთდეს, როდესაც ბავშვი არის მინიმუმ 6 თვის. თუ საცრემლე არხის შევიწროების გამო ბავშვს ხშირად აქვს ანთება, ცრემლდენა, ჩირქიანი გამონადენი, ტკივილი, ხშირად ტირის და არ ძინავს მშვიდად, უმჯობესია ზონდირება გაკეთდეს 6 თვემდე.