ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ იზოლაციის პერიოდი ყველაზე რთული და საფრთხის შემცველი შესაძლოა მოზარდებისთვის აღმოჩნდეს, მათი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე. როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი მოზარდს იზოლაციის რთულ პერიოდში და როგორი კომუნიკაციური სტრატეგია მუშაობს ეფექტურად მათთან, მაია ცირამუა გვპასუხობს.
როგორ აისახება კარჩაკეტილობა და არსებული სტრესი მოზარდების ცხოვრებაზე პანდემიის პირობებში?
ეს სიტუაცია განსაკუთრებით მოზარდებისთვის არის ძალიან რთული, რადგან ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ ასაკში მიმდინარეობს, აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა, რასაც მოვითხოვთ მათგან. ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული ჰორმონალური და ფსიქოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანია: სიამოვნების მიღება, თავგადასავალი, ახალი და მძაფრი შთაბეჭდილებები, თანატოლებთან ურთიერთობები, სოციალური ფუნქციონირება, მშობლებისგან სეპარაცია და ამის ხარჯზე თანატოლებთან ინტეგრაცია. პანდემიის პირობებში ეს ყველაფერი შებრუნებულია; შეზღუდული აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკში და რაც, აისახება შემდეგ გუნება-განწყობილებაზე და ზოგადად ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სწორედ ეს ფაქტორები შეიძლება გახდეს წინაპირობა კონფლიქტური სიტუაციებისათვის, რადგან ამ დროს მოზარდი ძალიან ფრუსტრირებულია, ბევრი შეზღუდვა და დაბრკოლება აქვს, რაც აგრესიულობას ზრდის.
რა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობისას ყველაზე მაღალი რისკის საფრთხე მოზარდისთვის?
პანდემიამ გარკვეულწილად ცხოვრების წესის ცვლილების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. აღარ მუშაობს ძველი ჩვევები, მეტიც, შეიძლება სახიფათოც კი იყოს, მაგალითად თანატოლების თავშეყრა, ახლო კონტაქტები. ასეთ რადიკალურ ცვლილებებთან ადაპტაცია იოლი სულაც არ არის, ამიტომ იზრდება ემოციური პრობლემების მანიფესტირების ან სტრესთან დეზადაპტაციური გამკლავების რისკი. თუმცა, როგორ გამოსავალს იპოვის ამ სიტუაციიდან მოზარდი ან რა პრობლემებში გამოვლინდება, ეს ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ეს შეიძლება გახდეს ნამდვილი თვითიზოლაციის, თავის თავში გამოკეტვის, დეპრესიული გუნება-განწყობის ჩამოყალიბების მიზეზი, ვიღაცისთვის პირიქით, ძალიან ჰიპერაქტიულ, ფსიქომოტურ მოუსვენრობამდე მისული აგზნებაში გამოიხატოს. ყველაზე საყურადღებო და მაღალი რისკის საფრთხე, მოზარდთა ვირტუალურ სივრცეში გადასახლებაა. ასევე, ვირტუალური სამყაროს გამოყენებით მოზარდი შეიძლება ჩაერთოს აზარტულ თამაშებში. მე ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ ამ მიმართულებით. ჩემს პაციენტებთან ურთიერთობის პრაქტიკაში ყველაზე მეტად აღინიშნება დეპრესიული გუნება-განწყობა, მომატებული შფოთვა და აკვიატებული აზრები, რაც დასნებოვნების საფრთხეს უკავშირდება, შესაძლოა ეს ნორმადაც კი გადაიქცა ამ ვითარებაში, თუმცა მათთვის შემაწუხებელია და სპეციალისტის დახმარების გარეშე უჭირთ მასთან გამკლავება. კიდევ ერთი მაღალი რისკი, ასევე უკავშირდება ონლაინ ბულინგს, რომელიც გააქტიურდა, რადგან მოზარდები ჩაიკეტნენ ვიწრო, თინეიჯერულ ონლაინ ჯგუფებში და ფრუსტრაციით გამოწვეული აგრესიის სამიზნეებს თანატოლთა ჯგუფებიდან ირჩევენ .
რა განწყობით და როგორი დამოკიდებულებით უნდა შეხვდეს მშობელი ამ სიტუაციას?
მშობლები ახლა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან, მათ უამრავი საზრუნავი აქვთ, რაც არა მარტო შვილებს, ზოგადად ამ სიტუაციასთან გამკლავებას უკავშირდება და შესაბამისად მათი სტრესის დონეც მაღალია. შეიძლება ახლა კიდევ უფრო მეტად გაუჭირდეთ მოზარდ შვილებთან საერთო ენის პოვნა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაცია მოზარდისთვის განსაკუთრებით რთულია. ალბათ მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცუდად მუშაობს ძალადობრივი კომუნიკაცია, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს უამრავი ბარიერი, რაც კიდევ უფრო გვირთულებს შვილებთან ურთიერთობას, მაგალითად, მათზე ცუდად აისახება – ჭკუის დარიგება, მორალის კითხვა, დადანაშაულება, დამუქრება, მომთხოვნი, დირექტიული კომუნიკაცია, ასეთი ურთერთობით მოზარდს ქვეშეცნეულად ეუბნები, რომ – ის ცუდია, უვარგისია, პატივისცემას არ იმსახურებს, არ ენდობი და ა. შ. რაც აგრესიას და წინააღმდეგობას ზრდის, ისედაც მეამბოხე მოზარდებში, რაც სხვათაშორის ასაკობრივი ნორმაა …. ამას გარდა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება ძალადობაა, რადგან ესაა ქმედება, რომელიც მეორე ადამიანს ღირსებას ულახავს და მორალურად აზიანებს.
მეორეს მხრივ, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მშობლებს არ გავუჩინოთ ბრალეულობის განცდა, თითქოს ის დამნაშავეა თუ ვერ უმკლავდება ამ გამოწვევებს, ვერ ახერხებს მოზარდ შვილთან სწორ კომუნიკაციას, რადგან ყველა ადამიანს გარკვეული ლიმიტები გვაქვს ემოციურიც და ქცევითიც, ამიტომ ჩემი ერთადერთი რეკომენდაცია იქნება მშობლებთან – იფიქრონ საკუთარ ემოციურ ბალანსზეც, გასაგებია, რომ მოზარდის გარკვეული ქცევა გვაბრაზებს, გვასევდიანებს, გვაფორიაქებს, მაგრამ ჩვენი ემოციურად დაუბალანსებელი პასუხები მათ ქცევაზე, კომუნიკაციას კიდევ უფრო აფუჭებს, პრობლემა არაა იმაში რომ ვბრაზდებით ჩვენი შვილების გარკვეულ ქმედებებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია „მათი ფეხსაცმელების ჩაცმა შევძლოთ“ ანუ მათი პოზიციიდან სამყაროს ხედვა და კი არ დავუპირისპირდეთ, დავეხმაროთ, ვიმეგობროთ მათთან. მეგობრობა არ ნიშნავს, რომ სრულ თავისუფლებას ვაძლევთ და რასაც უნდათ იმას აკეთებენ, შეიძლება მათთან შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ, რაღაც კომპრომისზე წავიდეთ, მათი ემოციების გამზიარებლები გავხდეთ. თუ მოზარდს შენი ქმედებით ღირსებას არ ულახავ და იმ კომუნიკაციურ ბარიერებს არ ქმნი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, ის ყოველთვის მოდის თანაშრომლობაზე. დავფიქრდეთ იმაზე რა არ მუშაობს კარგად საკუთარ შვილებთან, გავდივარ თუ არა ხანგრძლივ შედეგზე იმ კომუნიკაციით, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე და გავიხსენოთ ის შემთხვევები, რომელმაც კარგად იმუშავა. ყველა მშობელს აქვს უნარი იპოვოს თავის შვილამდე მისასვლელი გზა, უბრალოდ მათ ზოგჯერ დახმარება სჭირდებათ. ცხადია აქ არ ვგულისხმობთ იმ მშობლებს, რომლებიც ზოგადად ტოლერანტულები არიან ძალადობისადმი.
რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მოზარდებს მშობლებისგან?
ყველაზე მეტად რაც სჭირდებათ მოზარდებს, როგორც უკვე ვთქვით, არის – ვემეგობროთ მათ, გვქონდეს პარიტეტული ურთიერთობა, რაც მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგი მშობლობა არის ოქროს შუალედის მოძებნა შეთავაზებულ წესებსა და თავისუფლებას შორის, რომელსაც მშობელი სთავაზობს ბავშვს. აუცილებელია, მშობელმა გარკვეული ლიმიტები დაუწესოს მოზარდს და ეს შეზღუდვები უნდა იყოს გონივრული, შეთანხმებული და განხილული მოზარდთან ერთად. ასეთი ურთიერთობის დროს, შეიძლება რთულად, მაგრამ მაინც გამოდის კომუნიკაცია, მაინც არის შესაძლებელი, რომ დათმობაზე წამოვიდეს. ამ ოქროს შუალედის პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. ამასწინათ ერთმა მშობელმა დამირეკა და სიხარულით მითხრა – მთელი ღამე ვისაუბრეთ, რამდენი რამ ჰქონია ჩემთვის სათქმელი, თითქოს მისი ნდობა დავიბრუნე და იცით რის შემდეგ? – როცა ვუთხარი, რომ მისი საყვარელი მუსიკა მაინტერესებს და მასთან ერთად მინდა მოვუსმინო… და მერე ისე მოხდა, რომ ერთადაც კი ვიცეკვეთ.