Skip to content Skip to sidebar Skip to footer

უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია გთავაზობთ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ თქვენი შვილი პირველკლასელი ხდება ან იცვლის კლასს/სკოლას.

სკოლაში შესვლამდე ბავშვს, გარდა ინტელექტუალური მზაობისა, აუცილებლად სჭირდება ემოციური მზაობაც, რაც მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

სწავლის მოტივაცია: უნდა თუ არა ბავშვს სკოლაში იაროს? აცნობიერებს თუ არა ის სწავლის პროცესის მნიშვნელობას? აქვს თუ არა ცოდნის მიღების სურვილი?

წესებისადმი მორჩილება: იცის თუ არა ბავშვმა სასკოლო წესები? ის, რომ პატივი უნდა სცეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს? აცნობიერებს თუ არა ამ წესების რეალურ შინაარსსა და მიზანს. შეუძლია თუ არა თვითრეგულაცია, საკუთარი შეცდომების იდენტიფიკაცია და მათი გამოსწორება, ბოდიშის მოხდა, აქვს თუ არა უნარი რამდენიმე საათის განმავლობაში მოუსმინოს მასწავლებელს და შეინარჩუნოს სიწყნარე? ეს ყველაფერი მოსამზადებელი ეტაპია ბავშვისთვის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

მეცნიერების თქმით, ემოციური მზაობის გარეშე ინტელექტუალური პროცესი სრულყოფილი ვერ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვს მითითებების გათვალისწინება და ასევე საკუთარ ქმედებებზე რეფლექსია, ქცევის კონტროლი. რაც შეეხება სოციალურ უნარებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლასთან ადაპტაცია დიდწილად დამოკიდებულია ბავშვის კომუნიკაციის უნარზეც, რაც მოიცავს შემდეგს:

თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების სურვილი და უნარი;

გუნდურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების სურვილი;

საკუთარი აზრის გამოხატვისა და დაცვის უნარი.

გუნდის წესებისა და საპირისპირო აზრის ადეკვატურად მიღების უნარი;

მოლაპარაკებების უნარი;

ემოციური მდგრადობა/სტაბილურობა და თვითრეგულაცია: სასურველია ბავშვმა სხვებთან კომუნიკაციისას ადეკვატურად აღიქვას სიტუაცია და თანმიმდევრულად გამოხატოს ემოციები.

რა თქმა უნდა, პირველკლასელ მოსწავლეს ყველა ეს უნარი არ ექნება გამომუშავებული, თუმცა ძირითადი ასპექტები ყურადსაღებია. როგორც ხედავთ, ინტელექტუალურ მზაობაზე არანაკლებ რელევანტურ საკითხს წარმოადგენს ჩემ მიერ ზემოხსენებული უნარები, რაც განაპირობებს ბავშვის შემდგომ წარმატებებს სკოლაში და შესაბამისად ასეთ სიტუაციაში მშობელსაც ნაკლებ პრობლემებთან უწევს გამკლავება.

ყველა ბავშვს განსხვავებული აკლიმატიზაციის უნარი აქვს, ზოგიერთმა შესაძლოა სიამოვნებით მიიღოს ცვლილებები მის ცხოვრებაში, სხვას კი დასჭირდეს დახმარება გადალახოს ის ბარიერი, რასაც ქმნის შიში, ნერვიულობა, წინასწარი ცუდი განწყობა და ა.შ .

მასწავლებელს დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, მან კარგად უნდა დაინახოს მოსწავლეების სხვადასხვა უნარი, მიზნები, სოციალური და ემოციური მდგომარეობები და სწორად განსაზღვროს, თუ როგორი მეთოდები და მიდგომები დასჭირდება მათთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ამ დროს მშობელმა უნდა იაქტიუროს.

თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გააცნოთ თქვენი შვილის მომავალ მასწავლებელს რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მას, რა ინტერესები და გაუზიაროთ ის, რაზეც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეს. ეს ქმნის მასწავლებელთან პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც გვეხმარება მარტივად შევხვდეთ გამოწვევებსა თუ პრობლემებს.

მე როგორც მასწავლებელი, ახალი მოსწავლეებისა და მშობლების გაცნობის მიზნით, ვაწარმოებ მარტივ კვლევას, ვაწვდი ანკეტას, რომელიც შეიცავს მარტივ კითხვებს ბავშვის შესახებ, როგორიცაა: ზედმეტსახელი, ჰობი, ინტერესები და ა. შ.

განსაზღვრეთ თქვენი შვილის დასვენებისა და ძილის დრო

პირველი კლასი საკმაოდ რთულია ბავშვისთვის, რადგან ის ცვლილებები, რასაც სკოლა ითვალისწინებს ხშირ შემთხვევაში მისთვის სტრესული და დამღლელია, ამიტომ დღის განმავლობაში ძილის რუტინის გამომუშავება მნიშვნელოვანი და სასურველია, ძილი დაეხმარება მას ენერგიის აღდგენასა და ადაპტაციაში.

საუზმე აუცილებელია

დაგეგმეთ დღე ისე, რომ დილით ბავშვმა საუზმე არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოს. დილის საკვები არის საწვავი, რომელიც მას სჭირდება დღის განმავლობაში.

კარგი იქნება თუ წინასწარ დაათვალიერებთ სკოლას, საკლასო ოთახს, ეზოს, გაიგებთ უსაფრთხოების შესახებ.

ბავშვის მზაობისთვის კარგი გზაა წიგნების წაკითხვა და იმ ფილმების ნახვა, რომელიც სკოლას ეხება. მე გირჩევთ პატარებს წაუკითხოთ შესანიშნავი წიგნი „ნემოს ძიებაში“, რომელიც ჩემი 4 წლის შვილისთვისაც ერთ-ერთ საყვარელ წიგნად იქცა, არსებობს მულტფილმიც ამავე სახელწოდებით.

 „მონსტრების აკადემიაც“ კარგი ანიმაციური ფილმია, რომელიც გვიჩვენებს სკოლის სოციალურ ასპექტებს, აღწერს სირთულეებს, გამოწვევებს და ა. შ.

„სათამაშოების ისტორია 3“ Toy Story 3 (2010)

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ფილმი სკოლაში დაბრუნების შესახებ. მთავარი გმირი ბონი ახალ სკოლაში გადადის, ენდი ემზადება კოლეჯის დამთავრებისთვის, აქ მოყოლილი ამბები დაეხმარება მოზარდს ჩამოიყალიბოს მზაობა ახალ კლასში გადასვლისთვის.

წიგნის კითხვისა თუ ფილმის ყურების შემდეგ აუცილებლად შეეკითხეთ ბავშვს რას ფიქრობს ნანახზე/წაკითხულზე, რა კითხვები გაუჩნდა და ა. შ.

სოციო-ემოციური სწავლება თანამედროვე ეპოქაში პოპულარულია და ბევრი სკოლის კურიკულუმშია ინტეგრირებული, რაც ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. თქვენ როგორც მშობელს დიდი როლი გაკისრიათ ამ საქმეში. ეცადეთ ხშირად ესაუბროთ თქვენს შვილს სკოლის, მეგობრებისა და მასწავლებლების შესახებ.

თუ ბავშვს თქვენთან განშორების შიში აქვს, ეცადეთ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც დაინახავს თუ როგორ ტოვებს დედა სკოლაში ბავშვს, ელოდება ან გამოჰყავს ის სკოლიდან. ასევე, არ დაიგვიანოთ, ყოველთვის დროულად მიიყვანეთ და გამოიყვანეთ ბავშვი სკოლიდან, ეს ფაქტორი მისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ბავშვის თვითგანვითარებაზე ზრუნვა შეიძლება სახლშიც დაიწყოს.

სკოლიდან დაბრუნებისა და შინ მოსვლის პერიოდი განსაკუთრებით სასიამოვნო უნდა იყოს მისთვის, ეცადეთ მოიმარაგოთ სასუსნავებიც და მოემზადოთ მასთან კომუნიკაციისთვის, მიეცით უფლება ყველა დეტალი გაგანდოთ. სასურველია ჰკითხოთ როგორ მოეწონა ახალი საკლასო გარემო, რამ დააინტერესა ყველაზე მეტად, რა გაუხარდა ან ეწყინა დღის განმავლობაში, როგორია მისი მოლოდინი, რას ფიქრობს როგორ წარიმართება მისი სასწავლო წელი.

განსაზღვრეთ სწორი დრო დავალებების შესრულებისთვის

თუ შესაძლებლობა გაქვთ, გამოყავით მოწესრიგებული, სუფთა და წყნარი სივრცე სწავლისთვის, რათა სასიამოვნო გახადოთ მისთვის ეს პროცესი. თვალი ადევნეთ მასწავლებლის შენიშვნებს, ჩანართებსა და გაფრთხილებებს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5