Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება მეან-გინეკოლოგი ნიკო ქორიძე

რა არის სანაყოფე წყალი და რისთვის არის საჭირო?

სანაყოფე წყლები, იგივე ამნიონური სითხე არის ნაყოფის გარემო, რომელსაც გააჩნია მრავლობითი ფუნქცია. იგი ფიზიკურად იცავს ნაყოფს ტრავმისგან, გარდა ამისა ამცირებს ჭიპლარის კომპრესიის რისკს ნაყოფსა და საშვილოსნოს კედელს შორის. აგრეთვე, სანაყოფე წყლები იცავს ნაყოფს ინფექციისგან, თანდაყოლილი ანტიბაქტერიული თვისებებიდან გამომდინარე. მეტიც, იგი ფუნქციონირებს, როგორც ნუტრიენტების მარაგი, რადგან დედისაგან შეიცავს: ცილებს, ელექტროლიტებს, იმუნოგლობულინებს და ვიტამინებს. ამნიონური სითხე უზრუნველყოფს სივრცეს ნაყოფისთვის, ასევე წარმოქმნის ზრდის ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს მის ნორმალურ განვითარებას და ორგანოთა სისტემების ზრდას, მაგ. ძვალ-კუნთოვანი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი გზების. სანაყოფე წყლების რაოდენობის შეფასება ექიმებს გვეხმარება ორსულობის პროგრესირების და გამოსავალის მონიტორინგში.

რას ნიშნავს ცოტა ან ჭარბი წყლის რაოდენობა მუცელში?

 სანაყოფე სითხის ნორმაზე ნაკლების ან მეტის არსებობა, ორივე შემთხვევაში საყურადღებო მდგომარეობაა და მათი გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. წყლების რაოდენობა იზომება სამეანო ულტრაბგერითი გამოკლვევის დროს. ექოსკოპიურად არსებობს შეფასების ორი მეთოდი. პირველი არის ამნიონური სითხის ინდექსის გამოთვლა და მეორე, ამნიონური სითხის ყველაზე ღრმა ჯიბის გაზომვა.

რა შეიძლება გამოიწვიოს მცირეწყლიანობამ ან პირიქით?

მცირეწყლიანობის ან მრავალწყლიანობის გართულებები ორსულობის ვადიდან გამომდინარე სხვადასხვანაირია, თუმცა ზოგადად ასოცირებულნი არიან ნაადრევ სამშობიარო მოქმედებებთან, ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობასთან, არასწორ მდებარეობებთან, განვითარების ანომალიებთან, ასოცირებულია ახალშობილთა ინტენსიურში მოხვედრის უფრო მაღალ რისკთან. თუმცა, რიგ შემთხევებში გამოსავალი არ არის ცუდი და ორსულობა, ხოლო შემდგომში კი მშობიარობა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

რა იწვევს მცირეწყლიანობას და რა ზიანი შეიძლება მიადგეს ნაყოფს?

მცირეწლიანობის იგივე ოლიგოჰიდრამნიონის შემთხვევითობა ნაადრევ ორსულებში არის <1%-ზე, ხოლო დროულებში შედარებით უფრო ხშირი, საშუალოდ 5-11%-ია. მისი განვითარების ყველაზე ხშირი მექანიზმებია ნაყოფის მიერ შარდის გამოყოფის შემცირება ან ამნიონური სითხის კარგვა, სანაყოფე გარსების გახევის გამო, ასევე ვხვდებით იდიოპათიურ მცირეწყლიანობას. აქვე მინდა კლინიკურ ნიშნებზე გავამახვილოთ ყურადღება. ოლიგოჰიდრამნიონზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი, როდესაც საშვილოსნო გესტაციურ ვადასთან შედარებით უფრო მცირე ზომის არის, ან პაციენტი აღნიშნავს სითხოვან გამონადენს და სისველის შეგრძნებას საშოდან. რაც შეეხება პროგნოზს, ის დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე, პროცესის სიმწვავეზე, გესტაციურ ასაკზე და მცირეწყლიანობის ხანგრძლივობაზე. პირველ ტრიმესტრში განვითარებული მცირეწყლიანობისას, სამწუხაროდ უმეტეს შემთხევაში ორსულობა მთავრდება სპონტანური აბორტით. მეორე ტრიმესტრში განვითარებული მცირეწყლიანობა კი, თუ სანაყოფე სითხის რაოდენობა ქვედა ზღვარზეა, ძირითადად კარგი შედეგით ხასიათდება იმ შემთხვევაში თუ დაკავშირებული არ არის ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან. მკვეთრი ოლიგოჰიდრამნიონი კი მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა გართულებებთან, როგორიც არის ჭიპლარის კომპრესია, ნაადრევი მშობიარობა, ფილტვების ჰიპოპლაზია და სხვა.

ორსულებს აშფოთებთ, როდესაც ექოსკოპიური კვლევებისას ესმით, რომ სანაყოფე წყლები მღვრიეა. როგორი უნდა იყოს სანაყოფე წყლები და რამდენად არის ეს საშიში ნაყოფისთვის?

ორსულები ხშირად განიცდიან, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევისას აღმოჩნდა შემღვრეული სანაყოფე სითხე. თუ ვსაუბრობთ ექოსკოპიურად შეფასებულ სანაყოფე სითხეზე, რომელიც შეიძლება იყოს ჰიპერექოგენური ანუ უფრო გასაგებ ენაზე გაუმჭვირვალე და თან არ ერთვის ნაყოფისმხრივი გართულების, რაიმე სხვა კლინიკური ნიშანი, ამ შემთხვევაში ორსულს ნამდვილად არ აქვს შეშფოთების საფუძველი, რადგან ე.წ. შემღვრევის მიზეზი შეიძლება იყოს საცხი, რომელიც უვნებელია და მეტიც, გააჩნია თავისი ბიოლოგიური ფუნქცია.

თუ ნაადრევად ხდება სანაყოფე წყლების დაღვრა, შეიძლება თუ არა ორსულს დასჭირდეს საკეისრო კვეთა?

დიახ, მაგალითად თუ ორსულმა, რომელთანაც აღინიშნება სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა და რამდენიმე საათის განმავლობაში, სპონტანურად არ დაეწყება რეგულარული სამშობიარო მოქმედება, ხოლო აღძვრის კონსერვატიული მეთოდები იქნება წარუმატებელი, ასეთ ორსულს, დასჭირდება მშობიარობის დასრულება საკეისრო კვეთის ოპერაციის გზით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5