პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.
ტერმინი “მიჯაჭვულობა” (attachment theory) მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა. როდესაც დიდი ქალაქები იბომბებოდა ინგლისში, ინგლისელებმა ბავშვები გახიზნეს სოფლებში და მიუვალ ადგილებში. ბავშვებს მოუწიათ მშობლებთან და აღმზრდელებთან განშორება, რის გამოც დაეწყოთ შფოთვა და დისტრესი. სწორედ ამ მოვლენის კვლევა დაიწყო ფსიქოლოგმა ჯონ ბოულბიმ და შემოიტანა ეს ტერმინი.
რა არის უსაფრთხო მიჯაჭვულობა?
მიჯაჭვულობა არის ძლიერი ემოციური კავშირი, რომელიც თავდაპირველად გვხვდება მშობელსა და ბავშვს შორის, როგორც ქცევის პატერნი, რომელიც ჩამოყალიბდება დედა-შვილს შორის, შემდეგ კი სხვა ზრდასრულ ადამიანებზე და ზოგადად სამყაროზეც გადაიტანება. ის ძალიან ჰგავს და ბმაშია ერიკ ერიქსონის თეორიასთან, რომელმაც გამოჰყო ცხოვრებისეული გარდამტეხი მომენტები. პირველი გაკვეთილი ამ გარდამტეხი მომენტებისა იწყება 0 თვიდან 1 წლამდე და ეს არის ნდობა-უნდობლობის ჩამოყალიბება სამყაროს მიმართ. მიჯაჭვულობის თეორიაც იგივეს ამბობს, რომ ამ 0-დან 1-2 წლამდე ასაკში ბავშვები სწავლობენ ნდობას ან უნდობლობას სამყაროს მიმართ და იმის მიხედვით, როგორი იქნება მისი პირველადი ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც მასზე ზრუნავს (შეიძლება ის იყოს ბიოლოგიური მშობელი ან სხვა აღმზრდელი) – ყალიბდება ნდობა ან პირიქით უნდობლობა. 1950-იან წლებში მოცემული საკითხის შესასწავლად ამერიკაში ბევრი საველე ექსპერიმენტი ტარდებოდა. აღმოაჩინეს უცნაური ფაქტები: ჩვილი ბავშვები, რომლებსაც არ აკლდათ არც სრულფასოვანი კვება და არც ზრუნვა სისუფთავის მხრივ და რომლებიც ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლებში, უმიზეზოდ ან იღუპებოდნენ ან სერიოზული ნერვული დაავადებები უჩნდებოდათ. ექსპერიმენტში ჩართული ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ბავშვებს არ უყალიბდებოდათ უსაფრთხო მიჯაჭვულობა, ანუ მათსა და აღმზრდელებს შორის ვერ დგებოდა მიჯაჭვულობა (ერთი აღმზრდელი ვერ ახერხებდა ყველას ხელში აყვანას დარწევას და მოფერებას) ბავშვობაში და შემდეგ უკვე ვერც ზრდასრულობაში გადადიოდა.
ადამიანის შვილს თვითგადარჩენის ძალიან ძლიერი ინსტინქტი აქვს, რადგან სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით ძალიან უსუსურია და ძალიან დიდი ხანი მას არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა მფარველის და მზრუნველის გარეშე, ამიტომ მას სჭირდება მიეჯაჭვოს ვიღაცას. ხშირ შემთხვევაში ეს არის მშობელი ან ვინმე მზრუნველი, რომელიც დაუკმაყოფილებს მას პირველად მოთხოვნილებებს, იზრუნებს და დაიცავს მას. მიუხედავად იმისა, რა მოთხოვნილებები აქვს ბავშვს, უკმაყოფილდება თუ არა ეს მოთხოვნილებები, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. წინა თაობებში იყო გავრცელებული ბავშვების საათობრივი კვება, როცა იტირებდა მაშინ კი არა აჭმევდნენ, არამედ, როდესაც ჭამის დრო იქნებოდა, მაშინ უნდა ეჭამა. ეს თეორია უკვე უგულებელყოფილია, რადგან ასეთ დროს ბავშვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა არ განუვითარდებოდა. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია ზრდასრული, რომელიც ჰარმონიულ გარემოს ქმნის და ემოციურ მხარდაჭერას გამოხატავს. რაც უფრო სწრაფია რეაგირება ბავშვის მოთხოვნილებებსა და სურვილებზე, უფრო წარმატებით ხდება სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება.
როდის იწყება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება?
მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იწყება მას შემდეგ, რაც ბავშვი იბადება და ჩამოყალიბდება 1-2 წლამდე. მნიშვნელოვანია ასეთ დროს ბავშვის მოთხოვნებზე სწრაფი რეაქცია და მათი დაკმაყოფილება, რაც პირდაპირ კავშირშია სანდო მიჯაჭვულობასთან. როდესაც დედას აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მიმღებლობა შვილისადმი ნაკლებია, რადგან იმ სითბოს და სიყვარულს ვერ გამოხატავს, რაც ბავშვს იმ მომენტში ასე ძალიან სჭირდება. თუ ამ ყველაფრით ბავშვი უზრუნველყოფილია, მაშინ ხდება სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება მშობელსა და შვილს შორის.
როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვს სანდო მიჯაჭვულობა აქვს?
თავის არიდების მიჯაჭვულობის დროს, როდესაც მშობელი მიდის ბავშვთან და ბავშვს თითქოს არც აინტერესებს ის სად მიდის. როდესაც სანდოა მიჯაჭვულობა, ბავშვი განიცდის, რომ მშობელი წავიდა, ასევე ძალიან უხარია, როდესაც იგი სახლში ბრუნდება, მაგრამ შუალედებში ის არ ითხოვს მშობელს და არც ავიწყდება ის, რადგან აქვს ნდობა და სიყვარული მშობლის და მან დანამდვილებით იცის, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალიც, როდესაც მშობელი ბავშვთან ბრუნდება, პოზიტიურია ბავშვის ქცევა, კარგად იქცევა, არ ურტყამს მას და ცუდად მოქცევას არ დაიწყებს ყურადღების მიქცევის მიზნით. ბავშვები, რომლებსაც სანდო მიჯაჭვულობა აქვთ, ნაკლებ აგრესიულები არიან და ნაკლებ დესტრუქციულები და უკვე ზრდასრულობაში ასეთ ადამაინებს აქვთ მაღალი თვითშეფასება და იზრდებიან პოზიტიურები და ღია სიახლეებისადმი, სხვა ადამიანების მიმართ აქვთ ნდობა.