Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალშობილებს ფერად ნივთებზე, მუსიკალურ სათამაშოებსა და გეომეტრიულ ფიგურებზე მეტად ადამიანების სახეები იზიდავთ. ამიტომ მათი საყვარელი გასართობი შეიძლება გახდეს სარკე (ოღონდ, უმჯობესი იქნება, თუ უტეხ სარკეს შეარჩევთ).

რაში ეხმარება სარკესთან თამაში ჩვილს?

სარკეში საკუთარი თავის ყურება ჩვილს ეხმარება მხედველობის განვითარებაში, სწავლობს რა თვალის ფოკუსირებას და თვალის გაყოლებას.

სარკეში საკუთარი მოციმციმე, მოღიმარი სახის დანახვა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური განვითარების ეტაპია, რომელსაც აღწევს წლამდე ასაკში.

სარკეში საკუთარი თავისა და ახლობლების თვალიერებით, თქვენი ჩვილი მარტივად ისწავლის ნაცნობი სახეების ამოცნობას, თვალს გააყოლებს მოძრაობებს და გაიმაგრებს პატარა კუნთებს, როცა ეცდება მისწვდეს საკუთარ ანარეკლს და ჩაბღუჯოს ის. და თუ თქვენ გაუხმოვანებთ მას თითოეულ ემოციას, რომელსაც დაინახავს სარკეში („ნახე, როგორ გაიცინე… აპაპ, ნიკაპი ააკანკალე. ტირილს აპირებ?“), დაეხმარებით მას ამეტყველებასა და ახალი სიტყვების შესწავლაში.

რას ხედავს ჩვილი სარკეში?

2 თვის ასაკში. ამ ასაკში მისი მხედველობა ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

4 თვის ასაკში. დაახლოებით, ამ ასაკიდან ის თვალს გააყოლებს საგნებს და უფრო მეტად დაინტერესდება სარკით თამაშით, განსაკუთრებით, თუ მუცელზე თამაშის დროს წინ დაუდებთ.

6 თვის ასაკში. ამ ასაკში ბავშვს შეუძლია იცნოს საყვარელი სახეები, უპასუხოს ემოციებს (ღიმილით) და სიამოვნებით ეთამაშოს საკუთარ გამოსახულებას.

12 თვის ასაკში. ამ ასაკში ბავშვის მხედველობა ჩამოყალიბებულია. დაუსახელეთ სხეულის ნაწილები და ემოციები სარკესთან თამაშის დროს.

როგორ შევაყვაროთ სარკესთან თამაში ჩვილს?

შესთავაზეთ ადრეული ასაკიდან. თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ორი კურდღელი ერთდროულად, თუ მუცელზე თამაშის დროს ბავშვს წინ დაუდებთ სარკეს. ეს ერთ-ერთი გზაა მუცელზე თამაშის დროის გასაზრდელად, რაც საჭიროა ბავშვის კუნთების გასამაგრებლად.

გამოიყენეთ კედლის სარკე. დასვით ბავშვი კედლის სარკესთან, ისე რომ, არც ძალიან ახლოს იყოს და არც ძალიან შორს (რადგან მხედველობა ჯერ არ ექნება კარგად განვითარებული). შეგიძლიათ, უკან თქვენ დაუჯდეთ, რომ უფრო დაცულად იგრძნოს თავი.

იმღერეთ და იცეკვეთ სარკესთან. ეს ბავშვს უფრო გაამხიარულებს და შეაყვარებს სარკესთან თამაშს.

დროთა განმავლობაში, პატარა მიხვდება, რომ მისი საყვარელი სასაცილო მეგობარი სარკეში თვითონაა.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5