პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს უპასუხებს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ “გამმას” აკადემიური თერაპევტი და სპეციალური პედაგოგი თამარ ტურავა.
რას ნიშნავს წინასასკოლო მზაობა და რა უნარების ფლობა მოეთხოვება ბავშვს სკოლაში წასვლის წინ, რომ საბავშვო ბაღიდან სასკოლო გარემოში ტრანზიცია წარმატებული იყოს?
სკოლაში ტრანზიცია (ახალ სასწავლო გარემოში, ამ შემთხვევაში სკოლის საფეხურზე გადასვლა) ახალი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც სავსეა გამოწვევებით და ახალი გამოცდილებებით. იცვლება მისი სასწავლო გარემო, დღის რუტინა, სოციალური ურთიერთობები, მოლოდინები მის მიმართ. სკოლაში გადასვლას ბავშვები „ზრდასრულობისკენ გადადგმულ“ ნაბიჯად აღიქვამენ, რაც ამაღელვებელი და ამავდროულად, შფოთვის გამომწვევიც შეიძლება იყოს. ბავშვს უწევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან გამკლავება: მოეთხოვება იყოს დამოუკიდებელი, მეტად ორგანიზებული, მიჰყვეს სკოლის სტრუქტურას, დაიცვას კლასის წესები, ჩამოაყალიბოს ახალი ურთიერთობები უფროსებთან და თანატოლებთან, იყოს წარმატებული მოსწავლე. სასკოლო გარემოში ტრანზიცია წარმატებულად ჩაითვლება, თუკი ბავშვი სკოლაში თავს უსაფრთხოდ, ემოციურად და სოციალურად მიღებულად თვლის და ადვილად უმკლავდება მის წინაშე არსებულ ამოცანებს.
სასკოლო მზაობაზე საუბრისას, უმეტესად ყურადღებას ამახვილებენ ბავშვის აკადემიურ უნარებზე. მაგალითად, ცნობს თუ არა ის ასოებსა და ციფრებს, შეუძლია თუ არა სიტყვების ამოკითხვა, საგანთა გადათვლა და რაოდენობის დასახელება, კალმის ჭერა და ფორმების მოხაზვა, ამბის თხრობა და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სკოლაში წასვლისას, თუმცა, აკადემიური საფუძვლების გარდა, სასკოლო მზაობა ბევრად უფრო ფართო სფეროებს მოიცავს, როგორიცაა ფიზიკური, კოგნიტური (იგივე შემეცნებითი), ენისა და წიგნიერების, სოციალური და ემოციური განვითარება, თვით-მოვლის უნარები. წინასასკოლო ასაკში, აკადემიური უნარების სწავლებაზე უფრო მნიშვნელოვნად, სწორედ ამ უნარებზე მუშაობა მიიჩნევა. მოკლედ განვმარტოთ თითოეული სფერო რა უნარს შეიძლება გულისხმობდეს:
· სოციალური და ემოციური განვითარება – თვით-რეგულაციის, საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის, ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.
· კოგნიტური განვითარება – სააზროვნო უნარების განვითარება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების და ამოცანის გადაჭრის უნარები.
· ენისა და წიგნიერების განვითარება – ვერბალური ინფორმაციის გადამუშავების, ინსტრუქციების გაგების უნარი, ექსპრესიული მეტყველება, ლექსიკური მარაგი.
· ფიზიკური განვითარება – მსხვილი (სიარული, სირბილი, ხტომა, კიბეზე ასვლა) და წვრილი მოტორული უნარები (წვრილი საგნებით მანიპულირების უნარი, მაგალითად ფანქრის ან მაკრატლის გამოყენება).
· თვით-მოვლა – დამოუკიდებლად კვება, ჩაცმა- გახდა, ტუალეტის ჩვევა და ა.შ.
შესაბამისად, სასკოლო მზაობის განმარტება შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: გარკვეული ფიზიკური, ემოციური, ქცევითი და შემეცნებითი უნარების მომწიფება, რომლებიც საჭიროა სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი წინასასკოლო მზაობა ბავშვისთვის?
სასკოლო მზაობა ეხმარება ბავშვს მარტივად ადაპტირდეს სკოლასთან, წარმატებით ჩაერთოს სასწავლო თუ სოციალურ აქტივობებში ფორმალურ გარემოში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აკადემიურ მიღწევებს, როგორც დაწყებით, ასევე საშუალო კლასებში. სკოლის პირველი გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შესვლის დროს არ იყვნენ მზად სწავლისათვის, აქვთ ნაკლები აკადემიური მოსწრება და სოციალური, ემოციური და ქცევითი პრობლემების გამოვლენის მაღალი რისკი, რაც გულისხმობს, რომ თუ ბავშვი სკოლისათვის მზად არ არის, რიგი პრობლემები იჩენს თავს: მას შეიძლება გაუჩნდეს ნეგატივიზმი სკოლის, მასწავლებლის ან სწავლის მიმართ, ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, იზოლირდეს კლასელებისაგან, გამოვლინდეს ქცევის სირთულეები და სხვ.
როგორ უნდა დაეხმაროს ოჯახი ბავშვს ამ უნარების განვითარებაში ადრეული ასაკიდან?
მიაჩვიეთ ბავშვები დამოუკიდებლობას – ასწავლეთ მათ დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, ტუალეტის ჩვევები, სახლიდან გასვლის წინ მომზადება, საკუთარი ნივთების ცნობა და მოწესრიგება. ფიზიკურ დახმარებაზე მეტად გამოიყენეთ ვერბალური მიმანიშნებლები.
· იზრუნეთ სოციალური უნარების განვითარებაზე – წაახალისეთ ისინი ითამაშონ თანატოლებთან (ნაცნობ თუ უცნობ ბავშვებთან), ასწავლეთ როგორ შეათანხმონ თამაშის წესები, როგორ გამოხატონ საკუთარი სურვილები, დაიცვან რიგი, მართონ კონფლიქტური სიტუაციები და ა.შ.
· წაუკითხეთ წიგნები – გაზარდეთ მათი წიგნიერების უნარები. შეეცადეთ წიგნის კითხვისას მაგიდასთან იმუშაოთ, რომ ბავშვი მიეჩვიოს „მეცადინეობის“ სტრუქტურას. ასევე, შეგიძლიათ შესთავაზოთ სხვადასხვა სამაგიდო აქტივობები: თამაშები, ხატვა-გაფერადება, გამოჭრა თუ მისთვის სასიამოვნო სხვა საქმიანობა. წაახალისეთ ისინი, რომ დაასრულონ დაწყებული აქტივობა და შემდეგ გადავიდნენ სხვაზე.
· მიაჩვიეთ ბავშვები სხვადასხვა გარემოს – წაიყვანეთ ისინი ფორმალურ თუ არაფორმალურ ადგილებში (ზოოპარკი, ბიბლიოთეკა, სავაჭრო ცენტრები თუ სხვ.) და ასწავლეთ მათ მისაღები ქცევის რეპერტუარი.
· ასწავლეთ ბავშვებს ვიზუალური სტრატეგიები (სურათების, ილუსტრაციების, მარტივი ცხრილების გამოყენება) – ეს მათ დაეხმარება შეეგუონ რუტინის ცვლილებას და შეამცირებს ამ ცვლილებებით გამოწვეულ შფოთვას.
უშუალოდ სკოლაში წასვლის წინ, შეგიძლიათ დაგეგმოთ რამდენიმე ნაბიჯი:
· ესაუბრეთ ბავშვს სკოლაზე. აუხსენით რა შეიძლება მოხდეს, რომ მას სწორი მოლოდინები ჰქონდეს. ასევე, აუხსენით რას ველით მისგან საგაკვეთილო თუ შესვენების პერიოდში;
· შეგიძლიათ სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაგეგმოთ ვიზიტი სკოლაში, გააცნოთ მას მასწავლებელი და დაეხმაროთ მას შეისწავლოს შენობა: აჩვენეთ საკუთარი საკლასო ოთახი, სად შეიძლება მოათავსოს საკუთარი ნივთები, ქურთუკი, სად არის სათამაშო სივრცე, სად არის საპირფარეშო და ა.შ. შეგიძლიათ დაგეგმოთ ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობა საკლასო ოთახში ან სკოლის ეზოში.
· წაახალისეთ ბავშვები დაგისვან შეკითხვები სკოლის შესახებ და ამ თემაზე საუბრისას იყავით თავდაჯერებული და პოზიტიურად განწყობილი!